A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის გაცემის საფასური თითოეულ ავტომობილზე განსაზღვრულია ერთ კალენდარულ დღეში 0,27 ლარის ოდენობით, გარდა ჰიბრიდისა.
ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში, თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე განსაზღვრულია ერთ კალენდარულ დღეში 0,13 ლარის ოდენობით. თუ ნებართვაზე საერთოდ არ არის მიბმული სატრანსპორტო საშუალება - 3 ლარი დღეში.
ელექტრომანქანები, რომელსაც მხოლოდ ელექტრო ძრავა აქვს, გათავისუფლებულია გადასახადისგან 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
შესაბამისი ელექტრონული სისტემა ყოველდღიურად ითვლის გადასახდელი თანხის ოდენობას და ყოველი თვის პირველ დღეს ნებართვის მფლობელს მომხმარებლის პირად სივრცეში გამოუჩნდება წინა თვის გადასახდელი თანხა.
ნებართვის გაცემის საფასურის გადახდა სავალდებულოა ყოველთვიურად, არაუგვიანეს მომდევნო თვის 7 რიცხვისა. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, პირი ვალდებულია საფასური გადაიხადოს მომდევნო პირველივე სამუშაო დღეს.
ნებართვის გაცემის ფასის გადაუხდელობისთვის პირველადი ჯარიმა 100 ლარს შეადგენს, შემდეგ ხდება გასამმაგება და ჯარიმა განისაზღვრება 300 ლარით. თუ პირი ისევ არ გადაიხდის, ჯარიმის ოდენობა 900 ლარი გახდება, რასაც საბოლოოდ ნებართვის გაუქმება მოჰყვება. თავის მხრივ, აღნიშნული ჯარიმების კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, მათ დაეკისრებათ საურავები გამოწერილი ჯარიმების ორმაგი ოდენობით.