ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური

 

მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და მუნიციპალიტეტის მერიის გამგებლობაში არსებული სხვა სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას, შესყიდვის პროცედურების კანონიერების დაცვას, შესყიდვებში მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფას, შესყიდვების პროცესში ჯანსაღი კონკურენციის განვითარებასა და ამ პროცესის გამჭვირვალობის ამაღლებას.

სამსახურის ამოცანებს განეკუთვნება ისეთი საკითხები, როგორიც არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ, დადგენილი ფორმით წარმოდგენილი წლიური მოთხოვნების საფუძველზე, საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;  სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მეთოდური ხელმძღვანელობა; სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა; სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ გამოცემული აქტების შესაბამისობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

სამსახურის ფუნქციებს წარმოადგენს: სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ დადგენილი ფორმით მოწოდებული წლიური მოთხოვნების საფუძველზე. აღნიშნულ გეგმაში საჭიროებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცვლილებების შეტანა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება; წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურთან შეთანხმებული მოთხოვნის შესაბამისად, შესყიდვის საშუალების შერჩევა და ხელშეკრულებების მომზადება. შერჩეული საშუალების კანონმდებლობით გათვალისწინებული, დოკუმენტაციის შედგენა, შესყიდვის პროცედურების მომზადება, სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციების შესრულება და სატენდერო პროცედურების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულების დადგენა (განხილვა) და დაზუსტება; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენის და დაზუსტების მიზნით შიდა ან/და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების კვლევა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის შესწავლა; სამსახურში შემოსული შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულების დადგენასა და დაზუსტებასთან დაკავშირებული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიული ორგანოების (რაიონების გამგეობები) მიერ დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების რეგისტრაცია, აღრიცხვა და შენახვა;

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების ცვლილებებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე შეთანხმების აქტის  ან/და გადაწყვეტილებების ან გადაწყვეტილების პროექტების მომზადება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების დასაბუთებული მოთხოვნების საფუძველზე საჯარიმო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ან/და საჯარიმო სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადება და წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში; სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზების პროცესში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე და მისი ეფექტური შესრულების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული ცალკეული დოკუმენტების (მოთხოვნის და სხვა) ფორმების შემუშავება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიული ორგანოებისა და მერიის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევა; სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში შემოსული საჩივრის განხილვის ორგანიზება და საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების მიღება ან/და პროექტების მომზადება, სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში  წარდგენილი საჩივრების განხილვის სხდომებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერესების დასაცავად.

სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას.