გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური შეიქმნა 2018 წლის 22 თებერვალს, როგორც მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის გარემოს დაცვას, მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარებას, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო და სარეკრეაციო ზონების დაგეგმარებას, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მართვას და სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას.

სამსახურის ძირითადი ამოცანებია თბილისის ტერიტორიაზე გარემოს დაცვისა და ურბანული ეკოსისტემების მართვის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, ენერგოეფექტურობისა და რესურსაღდგენის სფეროში მუნიციპალური პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მართვის მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა, თბილისის ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის სარეკრეაციო, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო და სარეკრეაციო ზონების განვითარების, გაუმჯობესებისა და განაშენიანების ერთიანი სტანდარტის დადგენა.

სამსახური შედგება ოთხი სტრუქტურული ერთეულისაგან: სატყეო პოლიტიკის განყოფილება, ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილება, გარემოსდაცვითი მართვის განყოფილება და მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილება.

სატყეო პოლიტიკის განყოფილება უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ტყის ინვენტარიზაციას, ტყის მდგომარეობის შესწავლა-გამოკვლევასა და ტყის აღდგენა-განახლების ღონისძიებების დაგეგმვას, მართვასა და კოორდინაციას.

ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილება უზრუნველყოფს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სპეციალური ჭრის, მშენებლობის მიზნით ჭრის, გადარგვის ნებართვების გაცემას, გადაწყვეტილებას იღებს მოვლითი ჭრის განხორციელებაზე, მონიტორინგს უწევს ჭრის, გადარგვის და საკომპენსაციო რგვის ღონისძიებებს.

გარემოსდაცვითი მართვის განყოფილება მონაწილეობს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვაში, არალეგალური ნაგავსაყრელების იდენტიფიცირების, დახურვისა და რეკულტივაციის გეგმების შემუშავებაში, ამასთანავე, განსაზღვრავს მუნიციპალურ პოლიტიკას კლიმატის ცვლილებისა და ენერგოეფექტურობის სფეროში  და მონაწილეობს ურბანულ გარემოზე კლიმატის ცვლილების რისკების შეფასებაში.

მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილება განსაზღვრავს ურბანული ეკოსისტემების მართვის ერთიან პოლიტიკას, უზრუნველყოფს მწვანე ინფრასტრუქტურის რეგულარული ზრდის სტრატეგიის შემუშავებას, მწვანე ლანდშაფტის განვითარების ერთიანი სტანდარტების დანერგვას და ქალაქგეგმარებით პროცესში გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებას.

სამსახური მონაწილეობს გარემოსდაცვით სფეროში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისათვის საგანმანათლებლო, კვლევითი, სამეცნიერო, საინფორმაციო და ცნობიერების დონის ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში და უზრუნველყოფს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას მუნიციპალურ დონეზე.