თბილისი რესპუბლიკის უდიდესი თეატრალური ცენტრია. აქ არის ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი, შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური დრამატული თეატრები, ა. გრიბოედოვის სახ. რუსული და ს. შაუმიანის სახ. სომხური დრამატული თეატრები, ვ. აბაშიძის მუს. კომედიის თეატრი, მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრები, მეტეხის ახალგაზრდული თეატრი-სტუდია, თოჯინების ქართული და რუს. თეატრები, მინიატურების სახელმწიფო თეატრი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თეატრალური სახელოსნო,პანტონიმის თეატრი, ცირკი, ფილარმონია, კინოსტუდია „ქართული ფილმი“; საქართველოს თეატრალური საზოგადოება, საქართველოს კომპოზიტორთა, მხატვართა და არქიტექტორთა კავშირები.

ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრების მაქსიმალური კონცენტრაცია თბილისში ხდება. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგას დედაქალაქში კულტურის სტრატეგიის, კულტურული განვითარების ზუსტი  და დახვეწილი გზებისა და ფორმების განსაზღვრა. ამისათვის თბილისი უმდიდრეს მასალას იძლევა, ერთის მხრივ, უზარმაზარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით, მეორეს მხრივ კი თანამედროვე  ურბანული კულტურის განვითარებით, რომლის გაჩენაც, გარკვეულწილად, საზოგადოების მოთხოვნისა და არსებული რეალობიდან გამომდინარე მოხდა. ამასთან ერთად,  დედაქალაქის კულტურის პოლიტიკის ტენდენციების განსაზღვრისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ თბილისი არაერთი კულტურის თავშესაყარი — მულტიკულტურული ქალაქია და ამასთან, ერთ მთლიან კულტურულ სივრცეს წარმოადგენს.
დედაქალაქის ხელისუფლების მიერ კულტურის პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრა ზემოხსენებულ ფაქტორთა გათვალისწინებით ხდება.