რა საფუძვლით და რა ფორმით იწყებს სამსახური სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას? 

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.

მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე. მოტივირებული საფუძვლის არსებობისას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით.

სამშენებლო სამართალდარღვევის აღიარება

თუმცა, კანონმდებლობით განსაზღვრულია შემთხვევები, როდესაც საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ შემოწმების აქტის შედგენით. ერთ-ერთ ამგვარ გარემოებას წარმოადგენს დამრღვევის განცხადება სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევების აღიარებისა და კანონით დადგენილი ზომების მიღების თაობაზე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების დაწყების საფუძველს არ წარმოადგენს მითითება და შესაბამისად არ განისაზღვრება დარღვევის გამოსწორების გონივრული ვადა, არამედ შედგენა პირდაპირ შემოწმების აქტი და მითითებით დაწყებული წარმოებისგან განსხვავებით, მეტად ადრე მიიღება დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ.