როგორ ხორციელდება მშენებლობის ცალკეული ეტაპების კონტროლი?
მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო ან/და სერტიფიცირებული ექსპერტი. აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, სერტიფიცირებული ექსპერტი უფლებამოსილია ტექნიკური ზედამხედველობა განახორციელოს მხოლოდ ისეთ საქმიანობაზე, რომლისთვისაც ის არის აკრედიტებული ან სერტიფიცირებული.
I და II კლასების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვების მფლობელი უფლებამოსილია, ხოლო III და IV კლასების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვების მფლობელი ვალდებულია სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების განხორციელება დაუკვეთოს აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებულ ექსპერტს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, სერტიფიცირებული ექსპერტი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს. თუ I ან/და II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესში მშენებლობის ნებართვის მფლობელი არ ნიშნავს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველს, ის თვითონ არის პასუხისმგებელი მშენებლობის პროცესში სამშენებლო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე.
აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, სერტიფიცირებული ექსპერტი, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინოს მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოს. II, III და IV კლასებს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისა) ეტაპის დასრულების შესახებ შედგენილი ოქმი, სამშენებლო/სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე, წერილობითი სახით უნდა წარედგინოს შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებაზე უფლებამოსილ შესაბამის ორგანოს, რომელიც მხოლოდ ამ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ არის იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი.
ხაზგასასმელია, რომ მშენებლობის განხორციელების პროცესის რიგითობა და ეტაპები განისაზღვრება მშენებლობის ორგანიზების პროექტით. მშენებლობის ორგანიზების პროექტში უნდა განისაზღვროს მშენებლობის განხორციელების პროცესის სულ მცირე ორი რიგი, ასევე მშენებლობის ორგანიზების პროექტი უნდა მოიცავდეს მშენებლობის განხორციელების კალენდარულ გრაფიკს, მშენებლობის რიგითობას, ეტაპებსა (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევისა) და მათ ხანგრძლივობას:
- II კლასის მშენებლობისას – მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 ეტაპი;
- III კლასის მშენებლობისას – მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 10 ეტაპი;
- IV კლასის მშენებლობისას – მინიმუმ 10 ეტაპი.
მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმის შედგენის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ოქმის შემდგენელ პირს.
საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობა წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას და გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევისთვის.