დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ტაქსების რეფორმას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, პირველი ნოემბრიდან, A კატეგორიის ტაქსის მფლობელებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერები მიიღონ. ვაუჩერები უფასოდ დარიგდება, ისე, რომ ხარჯები არც ტაქსის მძღოლებზე აისახება და არც ბიუჯეტზე.

„ჩვენ გვქონდა სარეკლამო კომპანიასთან კოორდინაცია, რამდენიმე შეხვედრა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ის ტაქსის მძღოლი, რომელიც ისარგებლებს ამ ვაუჩერით (მათ არაფერი აქვთ გადასახადი), დამატებით მიიღებს კომპანია „ვიანორის“ ავტოტექმომსახურების 20%-იანი ფასდაკლების ბარათებს. ხარჯები არც ტაქსის მძღოლებზე აისახება და არც ბიუჯეტზე. SMS-ების საშუალებით, მოგაწვდით ყველა იმ სერვისცენტრის შესახებ ინფორმაციას, სადაც A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეგეძლებათ მისვლა. თქვენ აღარ დაგჭირდებათ მერიაში მოსვლა და ვაუჩერის მიღება. პირდაპირ შეძლებთ მიხვიდეთ, ისარგებლოთ ქიმიური წმენდის ვაუჩერებით და მიიღოთ ფასდაკლების ბარათები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რეფორმის მომდევნო ეტაპზე შეიქმნება კონტროლის მექანიზმი, რომელიც ტაქსების სისუფთავეს შეამოწმებს.

კახა კალაძემ ტაქსების რაოდენობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამჟამად, დედაქალაქში A კატეგორიის 9 000-მდე ტაქსი მოძრაობს და ეს რიცხვი მზარდია.

ტაქსების რეფორმის პარალელურად, თბილისის მერმა თბილისის „მეტროპოლიტენისა“ და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი თბილისის მეტროსთვის 40 ახალ ვაგონს შეისყიდის, რაც მეტროს სისტემაში ათი ახალი მატარებელია.

„მეტროს დღეს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში. შესაბამისად, იქ არსებული მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, როგორც ვაგონების, ასევე, მეტროსადგურებისა და გვირაბებში არსებული სიტუაციის მხრივ. ამიტომ, დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ეს არის ძალოვანი კაბელების ცვლილება, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 450 კილომეტრზე მეტი კაბელი შეიცვლება. ასევე, მთლიანად შეიცვლება გამნიავებელი სისტემა თავისი აგრეგატებით. აღნიშნული სამუშაოები მომავალი წლის ივლისში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საზოგადოებას სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მეტროს მუშაობის გრაფიკის შემცირების გამო, ბოდიში მოუხადა.

„სამუშაოების გამო, მეტრო ერთი საათით ადრე ასრულებს მუშაობას, რისთვისაც მოსახლეობას ბოდიში უნდა მოვუხადო. უბრალოდ, სხვანაირად შეუძლებელია ამ სამუშაოების წარმოება, თუმცა ჩვენთვის მთავარია მგზავრების უსაფრთხოება. რაც კი მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ ასეთი მასშტაბური სამუშაოები არ განხორციელებულა. პარალელურად, ვახორციელებთ მეტროს იმ ვაგონების რეაბილიტაციას, რომელიც მსგავს სამუშაოებს ექვემდებარება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, მუნიციპალიტეტი დაახლოებით, 60 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 40 ვაგონს შეისყიდის.

„მეტროს 40 ვაგონი იქნება პირველ ეტაპზე შეძენილი. ეს არის ოთხვაგონიანი ათი შემადგენლობა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს სპეციფიკაციებზე მუშაობა, რადგან ეს ჩვენთვის სიახლეა და მათი ექსპერტების ჩართულობით, ვადგენთ სატენდერო დოკუმენტაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს ვაგონების შესყიდვა. დაახლოებით, 60 მლნ დოლარი ჯდება ახალი ვაგონების შესყიდვა და ისინი სამი წლის განმავლობაში უნდა იქნეს მოწოდებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ვაგონების ჩანაცვლების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. პარალელურად კი მეტროსადგურების რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის ზღვაზე ადგილი აქვს უკანონო დაერთებებს და მუნიციპალიტეტმა მსგავსი ფაქტების აღმოფხვრაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

„მთავრობის წინა სხდომაზე თბილისის ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. სამწუხაროდ, არის ადგილები, სადაც ხდება ფეკალიების ჩადინება, სანიაღვრე ქსელები პირდაპირ არის დაერთებული, რაც ძალიან მძიმე ფაქტია. წინა სხდომაზე აღნიშნული საკითხის შესწავლა მუნიციპალურ ინსპექციას დავავალეთ, რასაც ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე კურირებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სასმელ წყალს არანაირი პრობლემა არ აქვს. ამასთან დაკავშირებით, კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერმაც“ (GWP ) გააკეთა განცხადება. ყოველდღიურ რეჟიმში და დღეში რამდენჯერმე ხდება სინჯების აღება, ფილტრაცია და წყალი, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას მიეწოდება, აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომელიც სტანდარტით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით, ვიცე-მერმაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ უკანონო დაერთების ფაქტზე უკვე გამოვლინდა ერთი იურიდიული პირი, რომელიც უკვე დაჯარიმდა, გარემოს დაცვის სამინისტრო კი მას შესაბამის სანქციას დააკისრებს.

„გასულ კვირას, მთავრობის სხდომაზე ვთქვით, რომ ფიზიკურ სამუშაოებს ვიწყებდით. დაწყების პირველივე დღეს მოხდა ერთი კონკრეტული გამოვლინება, რაც, სავარაუდოდ, იყო მასშტაბური ჩადინებები. ამას მოჰყვა მყისიერი რეაგირება. პირველ რიგში, დარღვევის აღმოფხვრა მოხდა. კონკრეტულ სუბიექტს ჯარიმა გამოვუწერეთ. ეს არის იურიდიული პირი და მის სახელწოდებას შეგნებულად არ ვასახელებ. ეს მასალები, რაც ჩვენ მოკვლევის ფარგლებში შევადგინეთ, გადაგზავნილია გარემოს დაცვის სამინისტროში, სადაც გარემოზე მიყენებულ ზიანს დაითვლიან და აღნიშნულ პირს საკმაოდ სოლიდური სანქცია უნდა დაეკისროს.

ჩვენ ერთობლივი ინსპექტირების ჯგუფი შევქმენით, მასში შედიან მუნიციპალური ინსპექციის, „თბილსერვის ჯგუფის“, GWP-ის და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის წარმომადგენლები. ჩვენი ინფორმაციით, თბილისის ზღვაში რაც ჩადინებებია, ყველას მოკვლევა მიმდინარეობს. საველე სამუშაოები დავიწყეთ, ტექნიკაც მუშაობს, რაც საკმაოდ რთულია, რადგან მიწისქვეშა, ფარულ კომუნიკაციებთან გვაქვს საქმე. ჩვენი მხრიდან ყველა გამოვლინებაზე მყისიერი და საკმაოდ მკაცრი რეაგირება იქნება. შემდეგ კი გარემოს დაცვის სამინისტრო შესაბამისი სანქციებს დააწესებს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, ჩვენ მოგვიწევს კომუნიკაცია კერძო მესაკუთრეებთან, რადგან მათ ტერიტორიაზეც შეიძლება მოგვიწიოს მიწის გათხრა. ეს იმდენად მნიშვნელოვანი დარღვევაა, რომ უკან არ დავიხევთ და გამოვიყენებთ ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტს, რაც გაგვაჩნია“, - განაცხადა ვიცე-მერმა.

დედაქალაქის მერის თქმით კი, პრობლემები, რომლებიც დღეს თბილისის ზღვაზე უკანონო დაერთებებთან დაკავშირებით არსებობს, გამოწვეულია იმ არასწორი და ქაოტური განაშენიანებით, რაც დედაქალაქში წლების განმავლობაში ხდებოდა.

„საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა თბილისის ზღვაზე, რამდენი დამრღვევი იქნება გამოვლენილი. ძალიან მძიმეა ეს რეალობა, თუმცა ეს არის შედეგი იმისა, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ჩვენს ქალაქში - არასწორი და ქაოტური განაშენიანების მიმართულებით. მშენებლობა ხდებოდა იქ, სადაც არ უნდა მომხდარიყო და არ არსებობდა არანაირი პროექტი, თუ როგორ უნდა იყოს მოწესრიგებული წყალარინების თუ სანიაღვრე სისტემა. ეს ყველაფერი ერთმანეთში იყო აღრეული და შედეგიც სახეზე გვაქვს. ჩვენ ყველას ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს - აქტიური კომუნიკაცია იქ მცხოვრებ ადამიანებთან, რადგან პრობლემები სწორედ მათი მხრიდან არის წარმოქმნილი. ეს არის თბილისის ზღვა, რომლის ნაწილი სასმელ წყლად გამოიყენება. თავად ეს ადამიანებიც უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ სამშენებლო პროექტის მომზადების დროს ნარჩენების კონტეინერებისთვის გამოყოფილი ტერიტორიის დაპროექტება სავალდებულო იქნება. ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით, ცვლილებები მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში შედის.

დედაქალაქის მერის განმარტებით, აქამდე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას არ იყო გათვალისწინებული, თუ სად განთავსდებოდა ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.

„როდესაც განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავება ხდებოდა, არ იყო გათვალისწინებული თუ სად და როგორ უნდა განთავსებულიყო ურნები. ეს გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა, რადგან შემდეგ, როდესაც პროექტი დამთავრდებოდა, „თბილსერვის ჯგუფს“ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია უწევდა, ხშირად იყო უთანხმოება, სად უნდა მომხდარიყო ურნების განთავსება. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როდესაც პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, პროექტშივე აისახოს ეს ყველაფერი, სად უნდა განთავსდეს ურნები და როგორი უნდა იყოს. პროექტის დონეზე უნდა გაკეთდეს, რათა ყველაფერი იყოს თავიდანვე მოწესრიგებული, რომ შემდეგ, არ მოხდეს დაპირისპირება და უთანხმოება იქ მცხოვრებ ადამიანებთან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა პარასპორტის განვითარების აუცილებლობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიამ პარასპორტის განვითარების ცენტრისთვის სამი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა. ადაპტირებული მიკროავტობუსების შესაძენად, მერიამ დაახლოებით, 410 ათასი ლარი გამოყო.

„პარასპორტის განვითარების ცენტრის საქმიანობა მისი დაარსებიდან დღემდე წარმატებით მიმდინარეობს. ამ ცენტრის გახსნამ ხელი შეუწყო პარასპორტსმენთა წარმატებებს, როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო ასპარეზზე და ჩვენ ასეთი არაერთი მაგალითი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულოა. ჩვენ გამოვყავით დაახლოებით, 410 ათასი ლარი, რათა პარასპორტსმენებს ჩვენგან ხელშეწყობა ჰქონოდათ და შევისყიდეთ სამი ადაპტირებული მიკროავტობუსი, რითაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში გადაადგილებას შეძლებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ჯამში, აღნიშნულ ცენტრს შვიდი ადაპტირებული მიკროავტობუსი ემსახურება.

15 ოქტომბერი 2019