თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოში ქართული კინოს 111 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძებას დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, ქართული კინოს 111 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მიღებას დაესწრო.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქართული კინოს მსახიობები, რეჟისორები, ხელისუფლების წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში, თბილისის ის ქუჩები დასახელდა, რომლებსაც ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელები მიენიჭათ.

საკრებულოში შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა მიმართა და განაცხადა, რომ ქართული კინოსა და კულტურის შექმნაში მათ მიერ გაწეული ღვაწლი შეუფასებელია.

„თქვენ წლების განმავლობაში იღვწოდით ქართული კინოსა და კულტურის გავითარებისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ აქ იმყოფებიან ადამიანები, რომელთა ფილმებზეც ჩემი თაობა გაიზარდა. თქვენი ღვაწლი და შრომა შეუფასებელია. ვუერთდები მილოცვებს. აქ ისაუბრეს, რომ დედაქალაქში გარკვეულ ქუჩებს ჩვენი ღვაწლმოსილი მსახიობების სახელები მიენიჭა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ჩვენ ყველანაირად მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ მზად ვართ, ერთად განვახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც საინტერესო იქნება ჩვენი მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დამსწრე საზოგადოებამ მხარი დაუჭირა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებას და თბილისის ქუჩებს მიენიჭა მსახიობების: ბელა მირიანაშვილის, დოდო ჭიჭინაძის, ლეილა აბაშიძის, ლიანა ასათიანის, მარინე თბილელის, გიორგი დანელიას, მედეა ჯაფარიძის, ვახტანგ ტაბლიაშვილის, გივი ბერიკაშვილის და იაკობ ტრიპოლსკის სახელები.

ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამოფენილი კინოპერსონაჟების კოსტიუმები დაეთვალიერებინათ. საღამო მუსიკალურად მერიის ბიგ-ბენდმა გააფორმა.

15 მაისი 2019