კამპანია „გაუფრთხილდი ქალაქს“ ქ.თბილისიის მერიის ა(ა)იპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო“ აცხადებს კონკურსს 6 თვიანი სოციალური კამპანიის „გაუფრთხილდი ქალაქს“ წარმოებისთვის

კამპანიის მიზანია ფართო საზოგადოებაში განვითარდეს ქალაქის მიმართ სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა და ზრუნვის კულტურა. შეიქმნას ისეთი ღირებული პროდუქტი, რომელიც დაიწყებს შეუქცევად პროცესებს, რაც მეხსიერებაში და ჩვევებში ხანგრძლივად დატოვებს კვალს; იმოქმედებს თითოეული მოქალაქის შეგნებასა და ცნობიერებაზე; გამოიწვევს მოსახლეობის ქმედებას ქალაქის სასიკეთოდ.

ხანგრძლივი, ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული და სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული კამპანიით უნდა გამოჩნდეს, რამდენად მნიშვნელოვანია, ერთად ვიზრუნოთ ქალაქზე და გავუფრთხილდეთ მას. აღნიშნულმა კამპანიამ ერთი მიზნის და იდეის ირგვლივ უნდა გააერთიანოს როგორც საზოგადოება, ასევე სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორი.

თბილისის მერიის მიერ უკვე აღსრულებული პროექტების შენარჩუნებისთვის და შესაბამისი სამსახურების საქმიანობის ეფექტურობის ზრდისთვის, საჭიროა პასუხისმგებლობის წილი მოსახლეობამაც იგრძნოს. ხშირია, საერთო სარგებლობის სივრცეში დაფიქსირებული ვანდალიზმის და ქურდობის ფაქტები. კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წლის მანძილზე მილიონობით ლარი იხარჯება. აღნიშნული სამუშაოების წარმოებას სჭირდება როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსი. გაუფრთხილებლობისა და ვანდალიზმის გამო, საჭირო ხდება სამუშაოების განმეორებით ჩატარება. გარდა ამისა, არსებობს შემთხვევები, როცა მოსახლეობა აბინძურებს ქალაქს, რაც ასევე დამატებითი რესურსის მობილიზებას საჭიროებს.ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები აფერხებს დედაქალაქის განვითარების პროცესს, რაც აისახება როგორც ქალაქის იერსახეზე, ასევე თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

გამარჯვებულ კონცეფციას სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია და ქ. თბილისის მერია ერთობლივად შეარჩევს, რომელიც მაქსიმალურად საინტერესო და შედეგებზე ორიენტირებული იქნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის ჩართულობა ქალაქზე ზრუნვის პროცესში და ამ მიმართულებით, პასუხისმგებლობის შეგრძნების ადრეული ასაკიდან გაღვივება. კამპანია უნდა მოიცავდეს სხვადასხვა სახის სასარგებლო და შედეგებზე ორიენტირებულ აქცია-აქტივობებს, რომლებშიც თბილისის მოქალაქეები ჩაერთვებიან.

დავალება, რომელსაც სარეკლამო კომპანიები მიიღებენ ეფუძნება თბილისის მერიის დაკვეთით ჩატარებულ საზოგადოებრივ კვლევას, რომელიც ამ მიმართულებით სრული და ნათელი სურათის დანახვის საშუალებას გვაძლევს.

კომისიის წევრები:

  1. დავით ბირმანი - მარკეტინგისა და ბრენდინგის სპეციალისტი, საქართველოს ბანკის ელექტრონული საბანკო მომსახურების დირექტორი
  2. ნანა ჯანაშია -კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელი დირექტორი
  3. ნინო ლომაძე - ჟურნალ „ინდიგოს“ დამფუძნებელი, რედაქტორი
  4. გიორგი პოპიაშვილი - კრეატიული დირექტორი, რეჟისორი
  5. გიორგი კალანდია - საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი; ისტორიკოსი, პროფესორი
  6. გიგა ხატიაშვილი - დიზაინის საერთაშორისო სკოლის პროფესორი, შემოქმედებითი ლაბორატორია 919-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი
  7. აკო ახალაია - საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია ACAG-ის პრეზიდენტი; Marketer.ge-ის დამფუძნებელი
  8. გოგა ჩანადირი - ფოტოგრაფი
  9. გიორგი შარაშიძე - Media Holding Georgia Today Group - ის გენერალური მენეჯერი
  10. სოსო გალუმაშვილი - პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია GEPRA-ს უფროსი კონსულტანტი
  11. გიორგი კეკელიძე - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი; მწერალი
  12. თამარ ამაშუკელი - ხელოვნებათმცოდნე; კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი
  13. თინათინ რუხაძე - „ეისითი გლობალ“-ის (ACT Global) გენერალური დირექტორი; ფსიქოლოგი, სოციოლოგი
  14. ეკატერინე ჯოჯუა - ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოს დირექტორი
  15. ნინო ჩხობაძე - გარემოს დამცველი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა
  16. სერგო კულიჯანოვი - დიზაინერი, არტ დირექტორი
  • საკონკურსო პროექტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 18 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით
  • კონკურსის შედეგები გასაჯაროვდება არა უგვიანეს 2018 წლის 30 ივლისისა;

კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ საკონკურსო წინადადებაში, რომელიც ატვირთულია თანდართული ფაილის სახით.

საკონკუსრო წინადადება

ბრიფის, კვლევის შედეგებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ:

E-mail: citycontest@tbilisi.gov.ge

 

ტელ: 032 2 72 22 22; 577 11 00 75; 599 76 05 09

18 ივნისი 2018