დავით ნარმანია - 2017 წელს მთაწმინდის საბაგირო გზის აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყება

„2017 წლის მარტის ბოლომდე თბილისს “Man Truck and Bus AG”-ის 143 ახალი ავტობუსი ეყოლება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სასტუმრო „რადისონში“ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, ამ ეტაპზე ქალაქში, გრძელ დისტანციებსა და მარშრუტებზე უკვე მოძრაობს ევროსტანდარტების შესაბამისი 25 ლურჯი ავტობუსი. ამასთან, უკვე დამონტაჟდა 200 ახალი მოსაცდელი. 2017 წელს კიდევ 500 ახალი მოსაცდელი დამონტაჟდება. დავით ნარმანიას თქმით, 2017 წელს თბილისს ექნება ახალი მუნიციპალური ავტობაზა, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყო.

თბილისის მერის თქმით, 2014 წლიდან დღემდე გაუქმებულია 800-ზე მეტი საპარკინგე ადგილი ტროტუარებზე.

„ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ მეტროს მოდერნიზაციას - 2016 წელს გარემონტდა 20 ვაგონი და მოდერნიზდა 4. 2017 წელს განხორციელდება 22 ვაგონის რემონტი და მოდერნიზაცია. გარემონტდება მეტროს სადგურები. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით 2016 წელს აქტიურად მიმდინარეობდა მშენებლობა და 2017 წელს ექსპლუატაციაში შევა მეტროსადგური - “სახელმწიფო უნივერსიტეტი”“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, აღდგა წლების განმავლობაში უფუნქციო კუს ტბის საბაგირო. საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა  მოძველებული ინფრასტრუქტურა, გარემონტდა და უსაფრთხოების თანამედროვე  სისტემებით აღიჭურვა ორივე (ქვედა და ზედა) სადგური.  ამასთან, მთლიანად შეიცვალა გამწევი ბაგირი, დამონტაჟდა თანამედროვე მართვის პულტი, კაპიტალურად გარემონტდა გონდოლები. სამუშაოების მიმდინარეობისას  შენარჩუნდა სადგურებისა და გონდოლების ძველი იერსახე.

დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს დაიწყება მთაწმინდის საბაგირო გზის აღდგენა-რეაბილიტაცია.

„თბილისის მერიის დავალებით, საკონსულტაციო კომპანია - „PWC”-მ ჩაატარა კვლევა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შერჩეულია არანაკლებ 10 ადგილი მრავალდონიანი ავტოსადგომისთვის, ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ფარგლებში კომპანია „PWC” ვალდებულია განახორციელოს ბაზრის კვლევა. ბაზრის კვლევის მიზანია დარგში არსებული მდგომარეობის, ტენდენციების აღწერა, ანალიზი და საჭიროებების დადგენა მრავალდონიანი ავტოსადგომების საუკეთესო ლოკაციების, ტექნიკური პარამეტრების და პროექტის  კომერციული სტრუქტურის  განსაზღვრის მიზნით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

03 თებერვალი 2017