თბილისის მერიის განცხადება ლ.გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ გ.აბესაძის ქ.23/1-ში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით

როგორც ცნობილია, დღეს, ლ.გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ გ.აბესაძის ქ.23/1-ში მდებარე სამშენებლო მოედანზე განთავსებულ მასალას, კერძოდ კი საკომუნიკაციო მილებს ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად, გარდა სამშენებლო მასალისა, დაზიანდა უშუალოდ სამშენებლო ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე შენობის (აბესაძის 21-ის) სახურავის მცირე ნაწილი და ქუჩის მეორე მხარეს მდებარე სახლის (აბესაძის 20-ის) ხის აივანი, ფასადები.

დაზარალებულ მოსახლეობას ალტერნატიული თავშესაფრით უზრუნველყოფს თბილისის მერია, მისი შესაბამისი სტრუქტურების საშუალებით.

ცალკეული გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხანძარი ხელოვნურად არის გამოწვეული. კერძოდ, გ. აბესაძის ქუჩა N 23/1-ში მდებარე სამშენებლო მოედანზე, სადაც 2012-13 წლებში შენობის დემონტაჟი მოხდა, განთავსებული იყო, შპს „ლეგსის“ კუთვნილი წყლის, კანალიზაციის და სანიაღვრე სისტემის პლასტმასის მილები, რომლებიც არ წარმოადგენს ფეთქებადსაშიშ და აალებად პროდუქციას. გარდა ამისა, სამშენებლო მოედანი შემოღობილი იყო სამშენებლო ღობით და სამშენებლო ნაკვეთზე არ გადიოდა ხანძრის გამომწვევი საკომუნიკაციო ქსელები. შესაბამისად, სავარაუდოა რომ ხანძარი გაჩნდა მიზანმიმართულად.

სამართალდამცველი ორგანოების მიერ გამოძიება უკვე დაწყებულია და თბილისის მერია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნულ საკითხზე გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

16 იანვარი 2016