თბილისის მერიის განცხადება კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავებასთან დაკავშირებით

თბილისის მერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავებას ეხმაურება. ყველა ქვეყანაში შეიძლება არსებობდნენ ცალკეული ადამიანები, რომელთაც აქვთ მცდელობა საკუთარი უფლებამოსილება გამიყენონ არაკეთილსინდისიერად, თუმცა, როგორც ხედავთ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში კორუფციას არ აქვს გაღვივების შესაძლებლობა და ჩანასახშივე ხდება მისი აღკვეთა.

თბილისის მერია, უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად თანამშრომლობს და ხელს უწყობს გამოძიებას, ყველა იმ უპასუხისმგებლო და კანონის წინაშე არაკეთილსინდისიერი თანამშრომლის, მიუხედავად მის მიერ დაკავებული თანამდებობისა, გამოვლენაში და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯის პროცესში.

ამასთან, მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ გამოიყენებენ ბოროტად დაკავებულ თანამდებობებსა და უწყების სახელს, ასევე, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ როგორც დედაქალაქის მთავრობის, ასევე, საგამოძიებო უწყებების მხრიდან შესაბამისი, მკაცრი ზომები გატარდება.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, 16 დეკემბერს, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ექსპლუატაციის განყოფილების სპეციალისტის დაკავებას, აღნიშნულთან დაკავშირებით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის გივი კუბლაშვილის გადაწყვეტილებით, სამსახურში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც ერთ თვეს გასტანს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს დანაშაულის ნიშნების შემცველ არცერთ ფაქტს.

 

18 დეკემბერი 2015