თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

მისი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ გამზირზე საგზაო მოძრაობის თითოეულ მონაწილეს უსაფრთხოდ გადაადგილების თანაბარი შესაძლებლობა ექნება.

„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება და სულ მალე ქვეყნის მთავარი გამზირი განახლებული სახით დაუბრუნდება ჩვენს მოქალაქეებს. რუსთაველის გამზირი არ არის უბრალოდ ერთი ქუჩა ან სატრანსპორტო დერეფანი. ეს არის ჩვენი დედაქალაქის გული, ჩვენი ისტორიის, კულტურისა და ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილი. ამ გამზირს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ, მისი რეაბილიტაციისას ჩვენი ამოცანა იყო არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განახლება, არამედ ისეთი სივრცის შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება. პროექტის დასრულების შემდეგ, სრულად ადაპტირებულ გამზირზე საგზაო მოძრაობის თითოეულ მონაწილეს უსაფრთხოდ გადაადგილების თანაბარი შესაძლებლობა ექნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მიწისზედა გადასასვლელების მოწყობა, რომლის საშუალებითაც ქვეითებსა და ეტლით მოსარგებლე შშმ პირებს გზის უსაფრთხოდ გადაკვეთის შესაძლებლობა ექნებათ.

„აქამდე მშობლები საბავშვო ეტლებით ვერ გადადიოდნენ გზის ერთი მხრიდან მეორეზე და ისევე, როგორც ეტლით მოსარგებლე მოქალაქეებს, მათაც დიდი მანძილის შემოვლა უწევდათ. ეს პრობლემა მთლიანად მოგვარებული იქნება. ქალაქის ხელმისაწვდომობა არ არის პრივილეგია - ეს თითოეული ადამიანის უფლებაა. როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე, განვითარებულ დედაქალაქზე, მისი განვითარების ხარისხი სწორედ ასეთი საკითხებითაც უნდა იზომებოდეს - რამდენად კომფორტულია ქალაქი ბავშვისთვის, ხანდაზმულისთვის, მშობლისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის და, ზოგადად, თითოეული მოქალაქისთვის. რუსთაველის გამზირი ყველას ეკუთვნის და ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ გამზირის რეაბილიტაციის პროცესში შექმნილი დისკომფორტის გამო, მოქალაქეებს მოთმინებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„კარგად გვესმის რამდენად დიდი დისკომფორტი ახლავს ამ ტიპის სამუშაოებს. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით გვქონდა ძალიან დიდი პრობლემა, იყო დიდი დისკომფორტი. ამ თვეების განმავლობაში გამზირის ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს უწევდათ ცხოვრება ხმაურში, მტვერში. მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ, როგორც დედაქალაქის მერმა, როგორც ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, თუმცა, როდესაც სამუშაოები დამთავრდება, რუსთაველის გამზირი იქნება ძალიან ლამაზი, ყველანაირად მოწესრიგებული. დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელი და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მანვე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციის საჭიროებაზე და აღნიშნა, რომ ეტაპობრივად ყველა პროექტი განხორციელდება.

„გვინდა, რუსთაველი იყოს არა მხოლოდ გამზირი, რომელსაც ყოველდღიურად გავივლით, არამედ ადგილი, სადაც სიამოვნებით გავისეირნებთ, შევხვდებით მეგობრებს, გავატარებთ დროს შვილებთან ერთად და კიდევ ერთხელ შევიგრძნობთ ჩვენი ქალაქის განსაკუთრებულ ხასიათს. რუსთაველი თავისი ისტორიითა და კულტურული მნიშვნელობით ყოველთვის გამორჩეული იყო და ასეთად უნდა დარჩეს მომავალი თაობებისთვისაც. განახლებული რუსთაველის გამზირი უბრუნდება თბილისს, უბრუნდება თბილისელებს, უბრუნდება თითოეულ მოქალაქეს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ქალაქის რეაბილიტაციას, ქუჩებისა და გამზირების განახლებას ამით არ ვასრულებთ. დედაქალაქში საკმაოდ სერიოზული გამოწვევები გვაქვს. ეტაპობრივად მივყვებით და ყველაფერი იქნება რეაბილიტირებული. ჩვენ კი გვაქვს სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი ქუჩა და გამზირი მოვაწესრიგოთ, მარგამ იმასაც ვითვალისწინებთ, მსგავსი ტიპის სამუშაოები რამხელა სატრანსპორტო შეფერხებებს იწვევს. სამწუხაროდ, ერთდროულად რამდენიმე ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციის ფუფუნება არ გვაქვს, თუმცა ჩვენი ქალაქი აუცილებელად იქნება კიდევ უფრო ლამაზი, მოწესრიგებული, გამწვანებული, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის განახლებულ ცენტრალურ გამზირზე კონკრეტული მიმართულებებით ავტომობილების გადაადგილება გამარტივდება. კერძოდ, სანაპიროდან შესაძლებელი იქნება პირდაპირ მთაწმინდის ზედა ქუჩებზე ასვლა და, უკუმიმართულებით, პირდაპირ სანაპიროზე ჩასვლა.

„ახალი სატრანსპორტო სქემით კონკრეტული მიმართულებებით ავტომობილების გადაადგილება გამარტივდება. შუქნიშნით რეგულირებული ახალი სატრანსპორტო კვანძების მოწყობის შემდეგ, რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზეც შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევა, რის შედეგადაც მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მიმავალ მძღოლებს აღარ მოუწევთ გამზირის ტრანზიტულად გავლა და ზეთისხილის ხესთან მოტრიალება. სანაპიროდან შესაძლებელი იქნება პირდაპირ მთაწმინდის ზედა ქუჩებზე ასვლა და უკუმიმართულებით პირდაპირ სანაპიროზე ჩასვლა. ასევე მთაწმინდის ზედა ქუჩებიდან ჩამოსვლისას მძღოლებს აღარ მოუწევთ თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება და მარცხნივ მოხვევით, პირდაპირ გავლენ კოსტავას ქუჩის მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ახალი სატრანსპორტო კავშირების მოწყობის შედეგად, რუსთაველის გამზირზე გადაადგილების საჭიროება შემცირდება.

„არსებული სატრანსპორტო სქემის პირობებში, ჩვენი მონაცემებით, ავტომობილების, დაახლოებით, 30%-ს რუსთაველის გამზირზე ტრანზიტულად გადაადგილება უწევდა. ახალი კავშირების მოწყობის შედეგად, ამ გადაადგილების საჭიროება მნიშვნელოვნად შემცირდება. მაგალითად, ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან პირდაპირ მოძრაობით შესაძლებელი იქნება მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის (ყოფილი ელბაქიძის აღმართის) მიმართულებით გადაადგილება და პირიქით. თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიის მიმართულებით მოძრაობისას კი, მარცხნივ მოხვევით, შესაძლებელი გახდება კაკაბაძეების ქუჩაზე ასვლა.

იქ, სადაც აქამდე მძღოლებს ზედმეტი მანძილის გავლა და შემოვლითი მარშრუტებით სარგებლობა უწევდათ, გაჩნდება პირდაპირი სატრანსპორტო კავშირები. სწორედ ეს არის მოძრაობის ახალი სქემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა - ზედმეტი გადაადგილების შემცირება და სატრანსპორტო ნაკადების უკეთ ორგანიზება“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა შუქნიშნების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მათი საშუალებით ნაწილდება სატრანსპორტო ნაკადები და ქვეითები უსაფრთხოდ გადაადგილდებიან.

„მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ შუქნიშნების დანიშნულება მხოლოდ ავტომობილების გაჩერება არ არის. მათი საშუალებით ხდება სხვადასხვა მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების განაწილება, ახალი სატრანსპორტო კავშირების უზრუნველყოფა და ქვეითების უსაფრთხო გადაადგილება. რუსთაველის გამზირის შემთხვევაში, სწორედ შუქნიშნებით რეგულირებული ახალი კვანძები გვაძლევს იმ პირდაპირი კავშირების შექმნის შესაძლებლობას, რომლებიც აქამდე არ არსებობდა. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი წლის პერიოდში, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი იქნება, გამზირი ცოტა მოგვიანებით დაიხაზება და შუქნიშნებიც ჩაირთვება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, მომავალ წელს იგეგმება პირველი რესპუბლიკის მოედნის განახლება. კერძოდ, მოეწყობა 200 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგი, ასევე, დაგეგმილია თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-განახლება.

„ამასთან, მთაწმინდის ქუჩებზე ვგეგმავთ მოძრაობის ოპტიმალური სქემების შემუშავებას. წლების განმავლობაში ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა ხან ორმხრივი იყო, ხან ცალმხრივი. ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ვიწრო ქუჩების გათვალისწინებით, დავამუშავებთ ყველაზე მისაღებ ვარიანტებს, რომლებიც რუსთაველის გამზირის ახალ სატრანსპორტო სქემასთან თავსებადი იქნება. ზოგადად, ქუჩების რეაბილიტაციისას მაქსიმალურად ვცდილობთ, საგზაო მოძრაობა ისე დავგეგმოთ, რომ გაიზარდოს მოქალაქეთა გადაადგილების შესაძლებლობები, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება.

ჩვენი ამოცანაა, შესაბამისი საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოეწყოს არა მხოლოდ ავტომობილების მძღოლებისთვის, არამედ ქვეითებისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებისთვის და გადაადგილების სხვა საშუალებებით მოსარგებლე ადამიანებისთვის. მულტიმოდალური მიდგომა სწორედ ამას გულისხმობს - ქალაქის ინფრასტრუქტურა უნდა ემსახურებოდეს მოძრაობის ყველა მონაწილეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ერთ-ერთ პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, აღინიშნა, რომ თბილისის მერიის მიერ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის „აქტემრას“ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან დღემდე, ძვირადღირებული მედიკამენტის 600-მდე შემთხვევა დაფინანსდა.

კახა კალაძის განცხადებით, „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამის განხორციელება 2025 წლის სექტემბერში დაიწყო.

„პროგრამა, ყოველ სამ თვეში ერთხელ, მედიკამენტის მისაღებად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლის საშუალებითაც, მოქალაქე მას აფთიაქში იღებს. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად, 100%-ით უფინანსდება, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს - 80%-ით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქე, „აქტემრას“ დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, შესაბამისი საბუთებით, თბილისის მერიას მიმართავს.

„თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული. მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე შესაძლებელია ამ ქრონიკული აუტოიმუნური დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. შესაბამისად, მოქალაქე ქმედუნარიანი ხდება და მისი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

 

25 ნოემბერი 2026