თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.
მისივე თქმით, მომხდარის გამო, საავტომობილო მოძრაობა გამრეკელის ქუჩაზე დროებით შეიზღუდა. ამასთან, ადგილობრივ მცხოვრებლებს სასმელი წყლის მიწოდება არ შეწყვეტიათ, რადგან ქსელი დაუყოვნებლივ გადაერთო ალტერნატიულ მაგისტრალზე.
„საბურთალოს რაიონში, დღეს გამთენიისას, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე ავარიულად დაზიანდა კომპანია GWP-ის 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი, რამაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს. დაზიანდა ავტომობილები. აღნიშნული შემთხვევის გამო, გამრეკელის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, რამაც, რა თქმა უნდა, გარკვეული შეფერხებები გამოიწვია მთელი ქალაქის მასშტაბითაც. წყლის მიწოდების პრობლემა ამ ეტაპზე არ არსებობს იმიტომ, რომ ალტერნატიულ მაგისტრალზე იქნა გადართული მოსახლეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტი კომპანიასთან მჭიდროდ თანამშრომლობს და მოსახლეობას მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდება.
„შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან როგორც GWP-ის, ისე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი წარმომადგენლები, ასევე, საბურთალოს გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც აქტიურ კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამ ეტაპზე, მიყენებული ზარალის შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც კომპანიის მხრიდან ზარალი სრულად ანაზღაურდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა სოფელ დიდ ლილოში წყალარინების სისტემისა და მომსახურების გაუმჯობესებაზე, რისთვისაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ორი მიმართულებით მუშაობს.
მისი თქმით, ამ საკითხის მოგვარებას ადგილობრივ მოსახლეობას ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე დაპირდნენ.
„როდესაც ჩვენ გვქონდა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან, საინიციატივო ჯგუფთან, ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებდა, იყო წყალარინების ქსელის არარსებობა. ზოგიერთ ქუჩაზე არსებობს ქსელი, მოსახლეობის ნაწილს კი პრობლემა აქვს. ჩვენ ადგილობრივებს ამ პრობლემის მოგვარებას დავპირდით. მოსახლეობის იმ ნაწილის ცენტრალიზებულ წყალარინების სისტემაზე დასაერთებლად, რომელიც ამჟამად აღნიშნული მომსახურებით ვერ სარგებლობს, კომპანია სამუშაოებს მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე ინფორმაციით, მომდევნო წლის მარტში ასევე დაგეგმილია წყალარინების არსებული ცენტრალური მილსადენის დიამეტრის გაზრდა, რაც ქსელის გამტარუნარიანობას გააძლიერებს.
„აღნიშნული სამუშაოების შედეგად, სოფელ დიდ ლილოში გაფართოვდება წყალარინების მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, N186 საჯარო სკოლის მიმდებარედ, 15 000 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა. აღნიშნული პროექტი საბურთალოს რაიონის გამგეობამ განახორციელა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში დემონტაჟი ჩაუტარდა უკანონოდ მოწყობილ შემოღობვებს და გათავისუფლებული ტერიტორია რეკრეაციულ სივრცეს შეუერთდა.
„კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა დიდ დიღომს და დედაქალაქს. ძალიან ლამაზი და კეთილმოწყობილი სკვერი მოეწყო. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, რადგან მათი უშუალო ჩართულობით აღნიშნული უკანონო შემოღობვები მთლიანად გათავისუფლდა და დაემატა პარკს. ამ სივრცით, რა თქმა უნდა, იქ მცხოვრები ადამიანები, მათი შვილები და შვილიშვილები ისარგებლებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ტერიტორიაზე დამონტაჟდა თანამედროვე საპარკო ინფრასტრუქტურა, ასევე განათებისა და სარწყავი ქსელები; რეაბილიტირდა და გაფართოვდა ფრენბურთის სპორტული მოედანი, მოეწყო საბავშვო სივრცე და ფიტნესზონა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.
ამასთან, დედაქალაქის მერის ცნობით, ახალი რეკრეაციული სივრცე საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის N1-ში გასულ წელს მოწყობილ სკვერს.
თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მუხიანის IV ბ მიკრორაიონში, N33 და N34 კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს.
მისი განმარტებით, ტერიტორიაზე თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცე შეიქმნება.
„სამუშაოები, დაახლოებით, 8 500 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობისთვის თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო მოედანი, სავარჯიშო სივრცე, განათების ქსელი; დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, მოეწყობა სასეირნო ბილიკები, სრულად განახლდება საპარკო ავეჯი - დაიდგმება სკამები და ურნები; სრულად განახლდება საფეხბურთო მოედანი და მოეწყობა ამფითეატრი, რომელიც მოსახლეობისთვის დამატებით საზოგადოებრივ სივრცეს შექმნის“, - განაცხადა თბილისის მერმა.
როგორც კახა კალაძემ განმარტა, განსაკუთრებული ყურადღება გამწვანებას დაეთმობა - ტერიტორიაზე დაირგვება ხე-მცენარეები და კეთილმოეწყობა მწვანე სივრცეები.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორას დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტია. კერძოდ, დიღმის ქედის N27-ის მიმდებარედ, მეწყერსაშიში მონაკვეთისა და გზის სავალი ნაწილის უსაფრთხოების მიზნით, ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო.
კახა კალაძის თქმით, ფერდის გამაგრება ხიმინჯებითა და ანკერებით განხორციელდება.
„აღნიშნული პროექტით ფერდის გამაგრების გარდა, სანიაღვრე ქსელიც მოეწყობა. სამუშაოების დასკვნით ეტაპზე, აღდგება დაზიანებული გზის მონაკვეთი და დაიგება ასფალტის საფარი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს მონაკვეთი იქნება უსაფრთხო. ასევე, შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც განხორციელდება. დაახლოებით, ორი თვე დასჭირდება პროექტის დასრულებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, სხდომაზე აღინიშნა, რომ ვარკეთილში, ლევან მაჭავარიანის ქუჩაზე, N12 კორპუსის მიმდებარედ უსახური ნაგებობებისა და ავტოფარეხების დემონტაჟი მიმდინარეობს, გამოთავისუფლებულ ადგილზე კი კეთილმოწყობილი, გამწვანებული დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას ჩართულობისთვის და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ქალაქისა და მისი მცხოვრებლებისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
„სამწუხაროდ, ქალაქში ძალიან ბევრია ასეთი უსახური ნაგებობები, რომელსაც მოსახლეობა არ იყენებს. ეს არის 90-იანი წლებიდან შემორჩენილი ნაგებობები. მადლობა მოსახლეობას თანამშრომლობისთვის. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის პროექტების განხორციელება. მოსახლეობის ჩართულობით, ხდება სივრცეების გამოთავისუფლება და ახალი პროექტების განხორციელება, რასაც, რა თქმა უნდა, ისევ მოსახლეობა იყენებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი განცხადებით, გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე სამგორის რაიონის გამგეობა, მოსახლეობასთან კოორდინაციით, თანამედროვე, კეთილმოწყობილ და გამწვანებულ მოსასვენებელ ადგილს მოაწყობს.
„სამუშაოები, დაახლოებით, ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზე ჩატარდება. პროექტი მოიცავს გამწვანებული არეალების შექმნას, სასეირნო ბილიკებისა და საბავშვო სივრცის მოწყობას, სარწყავი სისტემისა და განათების მონტაჟს. პროექტის მიზანია საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება, ამორტიზებული, უკანონო და უსახური ნაგებობების თანამედროვე ფუნქციური სივრცით ჩანაცვლება და მოსახლეობისთვის კომფორტული, უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოს შექმნა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და გამგეობები მზად არიან ანალოგიური პროექტების განსახორციელებლად.
„ყველა იმ ოჯახსა და ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, რომ საცხოვრებელ კორპუსებთან ანალოგიური პროქტი განხორციელდეს, მუნიციპალიტეტი, ჩვენი შესაბამისი სამსახურები და რაიონული გამგეობები მზად არიან, თქვენი ჩართულობითა და თანამონაწილეობით, განახორციელონ ამ ტიპის სამუშაოები. მოსახლეობა თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა პროექტი განხორციელდეს უსახური ნაგებობების ადგილზე - სპორტული მოედნები, თუ რეკრეაციული სივრცეები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა სოფელ ფონიჭალაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც ჭალის დასახლებაში, ბეიბუთოვის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.
„აღნიშნული ქუჩის მოწესრიგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რადგანაც არსებული დაზიანებების გამო, ამ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება ვერ ხერხდებოდა. სწორედ ამიტომ, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის უზრუნველყოფა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, სამუშაოების ფარგლებში, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, რაც საგზაო ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და ბეიბუთოვის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას შესაძლებელს გახდის.
-
კახა კალაძე საბურთალოს რაიონში წყალსადენის დაზიანებაზე: ყველა ოჯახის ზარალი ანაზღაურდება, ეს შეეხება სარემონტო სამუშაოებს თუ ავეჯის შეძენას
-
წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამა
-
თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
