თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საკრებულოს განსახილველად წარედგინა თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს.
მისი ინფორმაციით, როგორც წინა წლებში, მომავალ წელსაც ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური-ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისკენ.
„ჩვენ დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად უკვე წარვუდგინეთ თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობა შეადგენს 2 239 769 000 ლარს, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, გაზრდილია 46,4 მლნ ლარით. მინდა, დავაზუსტო, რათა შემდგომში სპეკულაციები არ მოჰყვეს ამ საკითხს - ეს არის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. უშუალოდ ვიცე-მერი მუშაობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან და ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი დაზუსტდება. ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 623,3 მლნ ლარის გამოყოფა, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 50,4 მლნ ლარით მეტია. ეს, რა თქმა უნდა, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ვიცით, რომ ქალაქში გვაქვს გამოწვევები - ბევრი ქუჩა, გამზირი საჭიროებს განახლებას, საჭიროებს რეაბილიტაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას, მერის ინფორმაციით, გათვალისწინებულია 677,7 მლნ ლარი, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 76 მლნ ლარით მეტია.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, რომელთაც სჭირდება ჩვენი თანადგომა. ვიდრე არსებობს საჭიროება, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აღნიშნული პროგრამების დაფინანსებას, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ისე განვითარდეს ქვეყანა, ეკონომიკა წინ წავიდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს. კეთილდღეობა უნდა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
„საკრებულოს წევრები აქტიურად დაიწყებენ დოკუმენტის განხილვას. ცხადია, იქნება შენიშვნებიც, იქნება კითხვებიც პროექტებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, ერთად გავიაროთ ყველა საკითხი, განვსაზღვროთ პრიორიტეტები. დარწმუნებული ვარ, რომ ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით გვექნება შესაძლებლობა, რომ საბოლოო ბიუჯეტი იყოს გაცილებით მეტი, ვიდრე 2026 წელს. მადლობა კიდევ ერთხელ ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის. გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს შესაძლებლობას, თბილისში სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტი განვახორციელოთ, რომ ჩვენი ქალაქი ხვალ, ზეგ იყოს კიდევ უფრო მომხიბვლელი, კიდევ უფრო უკეთესი, გამართული ინფრასტრუქტურით და ყველანაირად მოწესრიგებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს დაავალა, დეკემბრის ბოლომდე სრულად აღწერონ გარე ვაჭრობაში ჩართული მოქალაქეთა რიცხვი, რათა მერიას ჰქონდეს სრული სურათი, თუ რამდენი ადამიანი საჭიროებს მხარდაჭერას ალტერნატიულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების კუთხით.
მისივე თქმით, უსახური კონსტრუქციების თვითნებურად განთავსებისა და უნებართვო გარე ვაჭრობის პრაქტიკა დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის, თუმცა მეორე მხრივ, გასაგებია იმ მოქალაქეების მდგომარეობაც, რომლებიც მსგავს საქმიანობას ეწევიან. ამიტომ, მერის თქმით, მუნიციპალიტეტს სურს, პრობლემა უმტკივნეულოდ გადაწყვიტოს და ყველა მხარის ინტერესები იყოს გათვალისწინებული.
„დედაქალაქში წესრიგის დაცვა და საჯარო სივრცეების სრულად მოწესრიგება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. აღნიშნული კუთხით, გარდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა, ქალაქში ასევე გამოწვევას წარმოადგენს უსახური კონსტრუქციების თვითნებურად განთავსებისა და უნებართვო გარე ვაჭრობის პრაქტიკა. ამ მიმართულებით თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს. არაერთ პრობლემურ ლოკაციაზე მსგავსი არაორგანიზებული საქმიანობა უკვე აღკვეთილია და ტერიტორიები მოწესრიგებულია, ასევე, ყოველდღიურად მიმდინარეობს მონიტორინგი და რეაგირება, რათა შეიზღუდოს ქალაქის იერსახის დამახინჯება და გარე ვაჭრობა, თუმცა მეორე მხრივ, ძალიან კარგად გვესმის ამ ადამიანების - ესენი არიან ოჯახები, რომელთაც უჭირთ. რომ არ უჭირდეთ, ცხადია, ამ საქმიანობით არ იქნებიან დაკავებულნი. მათ ჩვენი მხრიდან სჭირდება ხელშეწყობა და თანადგომა. ეს ყველაფერი უნდა იყოს ცივილურ ფორმებში და არა ისე, რომ ვისაც სად მოუნდება, იქ ეწეოდეს სავაჭრო საქმიანობას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკითხის მასშტაბისა და კომპლექსურად გადაწყვეტის აუცილებლობიდან გამომდინარე, ვავალებ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას, დეკემბრის ბოლომდე სრულად აღწეროს მსგავს საქმიანობაში ჩართული მოქალაქეთა რიცხვი, რათა გვქონდეს სრული სურათი, თუ რა მდგომარეობა გვაქვს და რამდენი ადამიანი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას ალტერნატიულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების კუთხით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა თბილისის რაიონების გამგებლებს დაავალა, მოიძიონ სივრცეები სავაჭრო ადგილების მოსაწყობად.
„აქვე მინდა, დავავალო გამგებლებს, დაიწყონ მუშაობა და მოიძიონ ისეთი ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება სავაჭრო სივრცეების მოწყობა, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქალაქშია. არა ყოველდღიურ რეჟიმში, არამედ მაგალითად, კვირაში სამი დღის განმავლობაში - პარასკევი, შაბათი, კვირა. მოვაწყოთ შესაბამისი დახლები, გავაკეთოთ ლამაზი სივრცეები, სადაც დასუფთავების პასუხისმგებლობას ჩვენი სამსახური აიღებს, რათა აღნიშნული სივრცე იყოს ცივილური, მოწესრიგებული და იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ სურვილი, გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, ამის შესაძლებლობა ნორმალურ გარემოში მივცეთ“, - განაცხადა მერმა და დასძინა, რომ მსგავსი პრაქტიკა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებამდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობდა.
მანვე დაავალა გამგებლებს, რაიონების მიხედვით დაიწყონ სავაჭრო ობიექტებთან კომუნიკაცია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის რეალიზებას, რათა ყველა ასეთი ადამიანი დაკმაყოფილდეს და ალტერნატიული სამუშაო სივრცე ჰქონდეს.
გარდა ამისა, თბილისის მერმა განაცხადა, რომ დედაქალაქში მოქმედმა სახელმწიფო უნივერსიტეტებმა, დღეიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, მერიას უნდა წარუდგინონ 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე, თბილისში რეგისტრირებული მაგისტრანტების მონაცემები.
მისივე თქმით, აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, თითოეული წარმატებული მაგისტრანტი თბილისის მერიისგან 1 000 ლარის ოდენობის ფინანსურ წახალისებას მიიღებს.
„განვაგრძობთ თბილისში რეგისტრირებული წარმატებული მაგისტრანტების წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ განათლება ყველაზე მყარი საფუძველია, რომელზეც დგას ახალგაზრდების წარმატებაც და დედაქალაქის განვითარებაც. განათლებული, მოტივირებული და მიზანდასახული თაობა არის ის ძალა, რაც ჩვენს დედაქალაქს ევროპის ერთ-ერთ წამყვან და მიმზიდველ ქალაქად აქცევს.
„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, ყოველ სემესტრში, მაგისტრანტებისთვის თბილისის მერიის მიერ დაწესებული სტიპენდიის ოდენობა 562 ლარიდან 1 000 ლარამდე გაიზარდა. იმედია, სტიპენდიის გაზრდილი ოდენობა სტუდენტებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გაუჩენს, მათ შრომასა და მიღწევებს სათანადოდ დააფასებს და პროგრამით კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ყურადღება ფილტვის კიბოს სკრინინგზეც გაამახვილა დ აღნიშნა, რომ აღნიშნული პროგრამის ამოქმედებიდან ექვს თვეში 10 088 მოქალაქის კვლევა დაფინანსდა.
„თბილისის მერიამ, მიმდინარე წლის მაისში, ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის განხორციელება დაიწყო და მოქალაქეებს დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის ჩატარება სრულიად უფასოდ 27 სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა ექვს თვეში ფილტვის კიბოს სკრინინგი 10 088 მოქალაქეს დაუფინანსა. ჩატარებული კვლევის მიხედვით, 140 მოქალაქეს დიაგნოზის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევების რეკომენდაცია მიეცა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, ისარგებლონ აღნიშნული პროგრამით, რადგან წინასწარი გამოკვლევების ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„სკრინინგი დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებში ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს, რაც წარმატებული მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. პრევენციული ღონისძიების თვალსაზრისით, წინასწარი გამოკვლევების ჩატარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის. თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა აქვთ დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ბოლო 15 წელია თამბაქოს მოხმარებას თავი დაანებეს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ გადადებთ სკრინინგს და ისარგებლეთ მუნიციპალიტეტის აღნიშნული პროგრამით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მოქალაქეებს შეახსენა, რომ მუნიციპალიტეტის აღნიშნული პროგრამით სარგებლობა სრულიად უფასოა.
-
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 69 ოჯახს დიდ დიღომში საცხოვრებელი ფართები გადაეცა
-
თბილისის მერმა უსახლკაროს სტატუსის მქონე ნინო ხოჯავას ოჯახს ბინა გადასცა
-
თბილისის მერი რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოებს გაეცნო
