თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი თქმით, გარკვეული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.
„ბოლო დღეების განმავლობაში ტელეკომპანია „პირველი“ და ბიზნეს მედია ჯგუფი, ავრცელებენ მიზანმიმართულ სიცრუეს პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით. როდესაც სამუშაოებს ვიწყებდით და პროექტის განხორციელება იწყებოდა, მაშინვე ვთქვით, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დამთავრდებოდა. ასევე, მთავრობის წინა სხდომაზეც ვისაუბრე, გავაკეთე განმარტებები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ, მიზანმიმართულად გაავრცელონ სიცრუე და შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა. ისინი საუბრობენ, თითქოს ოქტომბერში უნდა დამთავრებულიყო პროექტი და კონკრეტულ კომპანიას ერთი თვით გაუხანგრძლივდა ხელშეკრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, ხელშეკრულების ვადის კორექტირება ტექნიკური ხასიათის ცვლილება იყო, თუმცა ეს სამუშაოების დასრულების ვადებს არ შეცვლის.
დედაქალაქის მერის თქმით, რუსთაველის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს იქნება დასრულებული.
„როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც გათვალისწინებული იყო 100 დღის ვადა, თუმცა პირველ სამუშაოებს, როგორც იცით, ატარებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP). მოგეხსენებათ, მიწის ქვემოთ არსებული ქსელი იყო ამორტიზებული და, რა თქმა უნდა, ეს მათი გასაკეთებელი იყო. ზოგადად ყველა მსგავს პროექტზე, სადაც ვიწყებთ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, GWP მოგვყვება და ახორციელებს მათ მიერ შესასრულებელ სამუშაოებს. როდესაც ეს სამუშაოები დამთავრდება, შემდეგ უკვე ჩვენს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შევა სამუშაოებით და დაიწყებს შესაბამის პროექტის განხორციელებას - სანიაღვრე ქსელის მოწყობას და ყველა იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რაც საგზაო მიმართულებით არის აუცილებელი.
ეს იყო უბრალოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს იქნება დასრულებული. ეს მანამდეც ძალიან ბევრჯერ ითქვა, მაგრამ კონკრეტული მედიასაშუალებები მაინც ცდილობენ, სიცრუეში შეიყვანონ მოსახლეობა და მიაწოდონ არასწორი ინფორმაცია. არ დაუჯეროთ, მეგობრებო. როგორც გითხარით, სამუშაოები დამთავრებული უნდა იყოს ნოემბრის ბოლოს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ საზოგადოებას იმ კვლევის შედეგები გააცნო, რომელიც ლილოს ნაგავსაყრელთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოგვარებისა და ოპტიმალური გამოსავლის მოძებნის მიზნით მიმდინარეობდა.
თბილისის მერის ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში შეფასდა ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, როგორებიცაა ტერიტორიაზე წვდომა, ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტები, მიმდებარე მიწების გამოსყიდვის საჭიროება, ფუნქციური ზონირება, რელიეფი და ტერიტორიის სამომავლო განვითარების შესაძლებლობა, აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით კი ყველაზე ხელსაყრელი არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორია აღმოჩნდა, რომელსაც მომდევნო 20 წლის განმავლობაში გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალიც აქვს.
„მინდა, საზოგადოებას მივაწოდო მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლილოს მოქმედ ნაგავსაყრელთან დაკავშირებით, იმ სამუშაოებზე, რომლებიც უკვე მიმდინარეობს და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უახლოეს წლებში იგეგმება. პირველ რიგში, მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ. კარგად გვესმის მათი წუხილი. ბუნებრივია, რომ ითხოვდე იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც დაკავშირებულია არსებულ ნაგავსაყრელთან. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა - ამ ადამიანების პრობლემები ჩვენთვის მეორეხარისხოვანი არ არის.
როგორც გახსოვთ, მოსახლეობასთან პირადად მქონდა რამდენჯერმე შეხვედრა, ეს დღესაც გრძელდება, მოვისმინე მათი წუხილი, პრეტენზიები და მოთხოვნები. მაშინ მათ დავპირდი, რომ დავიწყებდით ალტერნატიული ტერიტორიების მოძიებას, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ახალი პროექტის განხორციელება და ნაგავსაყრელი გადატანა. ეს დაპირება შევასრულეთ. პროცესში ჩავრთეთ დამოუკიდებელი გერმანული კომპანია ICP, რომელმაც შეისწავლა 12 შესაძლო ლოკაცია და მათგან სამი ყველაზე შესაფერისი შეარჩია - მუხიანი, შინდისი და არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორიის გაფართოება.
კვლევის ფარგლებში შეფასდა ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, როგორებიცაა ტერიტორიაზე წვდომა, ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტები, მიმდებარე მიწების გამოსყიდვის საჭიროება, ფუნქციური ზონირება, რელიეფი და ტერიტორიის სამომავლო განვითარების შესაძლებლობა. წარმოდგენილი შეფასებით, აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით ყველაზე ხელსაყრელი არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორია აღმოჩნდა, რომელსაც მომდევნო 20 წლის განმავლობაში გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალიც აქვს. გერმანული კომპანიის მიერ ჩატარებული საფუძვლიანი კვლევის დასკვნა არის მკაფიო - ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე გადატანა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის“, - განაცხცადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ამის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს.
„პირველ რიგში, ლილოს ნაგავსაყრელი 2010 წლიდან ფუნქციონირებს და არსებული ტერიტორია ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროებს შესაბამისი გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესებას და მდგომარეობის მოწესრიგებას. მეორე მხრივ, ახალი პოლიგონის მშენებლობას, დაახლოებით, ოთხი წელი დასჭირდება, რასაც მნიშვნელოვანი დამატებითი ფინანსური ხარჯებიც მოჰყვება. ამიტომ, სხვა ტერიტორიაზე გადასვლა თავისთავად ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს არსებულ ნაგავსაყრელზე გვაქვს“, - აღნიშნა მერმა.
მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ მერიის მიზანია არა პრობლემის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, არამედ მისი რეალური და გრძელვადიანი მოგვარება.
როგორც მერმა აღნიშნა, სწორედ ამ მიზნით უკვე დაწყებულია ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, როგორიცაა ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.
„ეს არ ნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობა მისაღებია ან მოსახლეობას ვთხოვთ, შეეგუოს იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს აწუხებს. პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, ეს პრობლემები რეალურად მოვაგვაროთ. ჩვენი მიზანია არა პრობლემის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, არამედ მისი რეალური და გრძელვადიანი მოგვარება. სწორედ ამ მიზნით უკვე დაწყებულია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. საუბარია ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ნაჟური წყლების, ე.წ. ლიჩეტის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე. დღეს არსებული მდგომარეობით, ეს დაბინძურებული წყლები პირდაპირ არხში ჩაედინება, რაც სერიოზული გარემოსდაცვითი პრობლემაა და აუცილებლად საჭიროებს მოწესრიგებას. სწორედ ამიტომ, უკვე მიმდინარეობს თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომლის ღირებულება 6,5 მილიონი ევროა და რომელიც 2027 წლის სექტემბერში დასრულდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ნაჟური წყლები შესაბამის გაწმენდას გაივლის, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას.
„მინდა, განსაკუთრებით გავუსვა ხაზი - ეს არ არის მხოლოდ დაგეგმილი პროექტი ან სამომავლო დაპირება. სამუშაოები უკვე დაწყებულია და კონკრეტული შედეგი 2027 წლის სექტემბერში უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა მან.
ამასთან, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ლილოს ნაგავსაყრელის მოწესრიგების, არსებული პრობლემების მოგვარებისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს ორი მნიშვნელოვანი შესყიდვის პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს გაზშემკრები სისტემის მოწყობას და ნარჩენების სეპარირების ქარხნის მშენებლობას.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წესებით მიმდინარეობს კიდევ ორი მნიშვნელოვანი შესყიდვის პროცედურა. პირველი არის გაზშემკრები სისტემის მოწყობა, რომლის ღირებულება 26 მილიონი ევროა და დასრულება 2030 წელს იგეგმება. მეორე არის ნარჩენების სეპარირების ქარხნის მშენებლობა, რომლის ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს. ამ პროექტის დასრულება 2029 წელს არის დაგეგმილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, როგორც მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სწორედ ამავე მიზნით უკვე დაწყებულია ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, როგორიცაა ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ნაჟური წყლების, ე.წ. ლიჩეტის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. სამივე პროექტის ღირებულება 52,5 მილიონი ევროა.
მისივე თქმით, ამჟამად მზადდება შესაბამისი ტექნიკური დავალებები დიზაინ-ბილდის შესყიდვის გამოსაცხადებლად, რომელთა მომზადებაც 2027 წლის თებერვლისთვის იგეგმება.
„ეს არის მასშტაბური და კომპლექსური სამუშაოები, რომლებიც ნაგავსაყრელის გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვასა და არსებული პრობლემების მოგვარებას ემსახურება. მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ პრობლემა მოგვარებულიყო და საცხოვრებელი გარემო შეცვლილიყო უკეთესობისკენ. ეს მოთხოვნა სამართლიანია. ჩვენ შევისწავლეთ ალტერნატივები, გვაქვს დამოუკიდებელი გერმანული კომპანიის მკაფიო დასკვნა, დაწყებულია მნიშვნელოვანი პროექტი და წინ გვაქვს კიდევ უფრო მასშტაბური სამუშაოები. ჩემთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის, მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერილში იქნება. ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთ. ჩვენი მიზანია, თბილისს ჰქონდეს თანამედროვე, უსაფრთხო და გარემოსდაცვით მოთხოვნებთან შესაბამისი ნარჩენების მართვის სისტემა, ხოლო მოსახლეობას მაქსიმალურად დაცული და კომფორტული საცხოვრებელი გარემო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ლილოს მოსახლეობასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სისტემატური შეხვედრები გრძელდება.
დედაქალაქის მერი ბოლო დღეების განმავლობაში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟსაც გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მისამართით უკვე თვეებია გრძელდება.
„ტელეეთერით გასული ინფორმაციის კვალდაკვალ, მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მოხდა ცხოველთა სამარხების გადათხრა, რითაც საფრთხე შეექმნა გარემოს, გაჩნდა ბიოლოგიური დაბინძურების გავრცელების რისკი და საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ადამიანთა ჯანმრთელობა. რასაკვირველია, ეს არის კანონდარღვევა და უკვე დაწყებულია გამოძიება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. სამართლებრივი რეაგირების გარდა, მე არ ვიცი ამ წარმოუდგენელ აბსურდს თუ სიგიჟეს, რა შეფასება უნდა მივცეთ. ეს არის ბოროტება, რომელსაც სჩადიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე კარგად არიან ჩახედულები ცხოველთა თემებში და თავადაც ხშირად სარგებლობენ ცხოველთა დამარხვის სერვისით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, გასულ წელს ევთანაზიის 145, ხოლო ბუნებრივი სიკვდილის 2 050 შემთხვევა დაფიქსირდა, ამას დაემატა ავტოსაგზაო შემთხვევების დროს მოკლულ ცხოველთა რიცხვი.
„ხშირია ცხოველთა სიკვდილიანობა, როგორც ბუნებრივი, ისე ავტოსაგზაო შემთხვევების გამო. ხშირია ცხოველთა ევთანაზიაც, როდესაც საქმე ეხება სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად, ცხოველთა ლეში იმარხება სპეციალურ სამარხში და ეს არავისთვისაა უცხო. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს. ამიტომ, დღის განმავლობაში მოძიებული თუ მოტანილი ცხოველთა ლეში იმარხება ღამის საათებში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც მისივე თქმით, აგრესიული ჯგუფების მხრიდან თავდასხმებისა და მუქარების მიუხედავად, ემსახურებიან დედაქალაქს და ზრუნავენ მიუსაფარ ცხოველებზე.
„სპეკულაციები და ტყუილები, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს ან სულაც ცოცხლად მარხავს, თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ნეგატიური მუხტის გაჩენას ემსახურება. მოსახლეობას კი მოვუწოდებ, არ აჰყვეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, დაეყრდენით მხოლოდ ოფიციალურ, გადამოწმებულ წყაროს. თუ დააკვირდებით, ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად აქტიურობენ, იმ პოლიტიკური პროცესების თანამონაწილეები არიან, რომლებიც ყოველთვის მარცხდებიან. გამოდიან რაღაც ტყუილებით, სისულელეებით, სიბინძურეებით. ვიცით, როგორ ხდება, საიდან იმართება ზოგადად პოლიტიკური აქტივობები, ვინ არიან მათი პატრონები. ყველა ტყუილი, სიცრუე და ცილისწამება განწირულია მარცხისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო. საბუთების მიღება 12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
„მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა თბილისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მეწარმეებს, გავაძლიეროთ მათი საქმიანობა და შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ბიზნესის განვითარებისთვის. მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დღეიდან განაცხადების მიღების მესამე ეტაპი იწყება, რომელიც 12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა გასულ წელს დაიწყო და უკვე 80 მეწარმე დაფინანსდა.
„წელს პროგრამის ბიუჯეტი და თითოეული ბენეფიციარისთვის განსაზღვრული დაფინანსების ლიმიტი გაიზარდა. თუ გასულ წელს მაქსიმალური დაფინანსება 20 000 ლარს შეადგენდა, წელს ეს თანხა 50 000 ლარია, რაც მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინონ საჭირო დანადგარები და აღჭურვილობა, გააუმჯობესონ პროდუქციის ხარისხი და გაზარდონ წარმოების მასშტაბი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
-
თბილისის ვიცე-მერი კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა
-
თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა
-
ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
