თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და დაპირებისამებრ, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
მისივე თქმით, რეაბილიტაციის დროს თანმხლები შეზღუდვების გარეშე მსგავსი მასშტაბის სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.
„რუსთაველის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად ახლდება, წესრიგდება საფეხმავლო ტროტუარები. რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია. კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს მოსახლეობას. გვესმის, რომ რთულია. გარწმუნებთ, როდესაც პროექტი დამთავრდება, გამზირი იქნება ყველანაირად მოწესრიგებული და განახლებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა განმარტა, რომ გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია-განახლება მომავალ წელს იგეგმება.
„ჭოველიძის ქუჩიდან ელბაქიძის აღმართზე მოძრაობა გავხსენით. ქვედა ფენებში არის კონკრეტული მონაკვეთი მოქცეული, თუმცა აქაც, უკვე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები, საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევა, რომ უკვე საბოლოოდ მოხდეს ასფალტის ბოლო ფენების დაგება. ეს ერთიანად მოხდება, როდესაც უკვე მთლიანად გამზირზე, ყველა მონაკვეთზე მომზადებული იქნება სამუშაოები იმისთვის, რომ მოასფალტების ბოლო ფენა, ანუ სამუშაოების ბოლო ეტაპი განხორციელდეს. ასე რომ, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს სამუშაოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარევაჭრობის აღკვეთისა და უნებართვო კონსტრუქციების აღების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ თავიანთი საქმიანობის გაგრძელების საშუალება სავაჭრო სივრცეებში ექნებათ.
„როგორც იცით, გარევაჭრობა აკრძალულია, მით უფრო, როდესაც მსგავსი არაორგანიზებული ვაჭრობა ხდება მეტროსადგურების მიმდებარედ, სადაც გადაადგილდება უამრავი ადამიანი. არაერთი თხოვნა, წერილი და სატელეფონო ზარი იყო მოსახლეობის მხრიდან, რომ მოგვეწესრიგებინა „მარჯანიშვილის“ მეტროს შესასვლელთან არსებული ტერიტორია, რადგან მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ დაუბრკოლებლად გადაადგილებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ანტისანიტარიასა და ისტორიულ არეალში ქალაქის იერსახის დამახინჯებაზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია გეგმავს მარჯანიშვილის მოედნის რეაბილიტაციას, რაც ახლო მომავალში უნდა განხორციელდეს.
„აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენთვის ამ ადამიანების ბედი არ არის სულერთი და ძალიან კარგად გვესმის მათი მდგომარეობა. შემთხვევითი არ არის ის, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან ბევრი პროგრამა ჯანდაცვის, სოციალური თუ ეკონომიკური მიმართულებით, რათა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომელთაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა. ასევე, მესმის იმ ადამიანების, რომლებიც მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობდნენ. მერწმუნეთ, არავის უნდა, რომ მათი ოჯახები დარჩნენ შემოსავლის გარეშე.
შესაბამისად, აღმკვეთი ღონისძიების პარალელურად, ჩვენ დაწყებული გვქონდა მოძიება სავაჭრო სივრცეების, სადაც ეს ადამიანები შეძლებენ თავიანთი საქმიანობის განხორციელებას. უკვე მოძიებულია ასეთი სავაჭრო ადგილები - „ქალაქის გული” და „თერგი”. „მარჯანიშვილის“ მეტროსთან მოვაჭრეებს შეუძლიათ, ამ სავაჭრო სივრცეებში გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა დაავალა ჩუღურეთის რაიონის გამგებელ დავით მაქაცარიას, კიდევ ერთხელ შეხვდეს ამ ადამიანებს და დეტალურად გააცნოს, თუ რას სთავაზობს თბილისის მერია მათ.
ამასთან, თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს, რომლებიც თავიანთ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებენ.
„ხაზი მინდა გავუსვა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების შრომას, რომლებიც არაერთი წინააღმდეგობის და სრულიად დაუმსახურებელი ლანძღვა-გინების მიუხედავად, კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიან მოვალეობას და აღასრულებენ კანონს, რათა ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული და დაცული იყოს თბილისელების ინტერესები. მადლობა, რომ დგახართ თბილისის სადარაჯოზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტზეც ისაუბრა, რომელიც მდინარე მტკვარზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას ეხება.
მისი თქმით, სამუშაოები შესრულდება ორ ლოკაციაზე: მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრადან“ შოთა შალიკაშვილის ხიდამდე არსებულ მონაკვეთში, ასევე, კოსმონავტების სანაპიროს 13ა-ს მიმდებარედ.
„სამუშაოების განხორციელების ძირითადი მიზანი მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლის გამაგრება და არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესებაა. გასულ წელს გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოხდა ჯებირების ჩანგრევა, მდინარე მტკვარმა საფუძველი გამოაცალა სანაპირო ზოლს, შექმნა გარკვეული პრობლემები, ჩაიტანა ტროტუარი. ჩვენ ჩავატარეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რათა აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილება ყოფილიყო უსაფრთხო. დღესაც გვაქვს ასეთ პრობლემური ადგილები, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება და უსაფრთხოების თვალსაზრისით შესაბამისი ღონისძიებების გატარება. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს დღეებში დაიწყებს,ს შესრულების ვადად კი ექვსი თვეა განსაზღვრული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სამუშაოები ითვალისწინებს ორივე მონაკვეთში ხიმინჯოვანი რკინაბეტონის ნაპირსამაგრი კედლების მოწყობას, ამასთანავე, განახლდება არსებული მოაჯირები და მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
კახა კალაძემ კრწანისის I ჩიხის N11-სა და N17-ის მიმდებარედ გრუნტის დამჭერი სექციური საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებზეც ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ფერდის გამაგრება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხორციელდება.
„კრწანისის I ჩიხის N11-სა და N17-ის მიმდებარედ გრუნტის დამჭერი სექციური საყრდენი კედელი ეწყობა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 123 მეტრის სიგრძის საყრდენი კედელი მოეწყობა, რაც ხელს უწყობს ფერდის გამაგრებასა და გრუნტის გადაადგილებით გამოწვეული რისკების შემცირებას. რა თქმა უნდა, აღნიშნულო მონაკვეთი იქნება უსაფრთხო. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას, რადგან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მოსახლეობის უსაფრთხოებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ინფორმაცია კიდევ ერთ რეკრეაციულ სივრცეზე მიაწოდა, რომელიც კრწანისის რაიონში განხორციელდება.
„მარნეულის გზატკეცილზე, ფერდი N1-ის მიმდებარედ, ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. პროექტის მიზანია, აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნას თანამედროვე, კეთილმოწყობილი და ფუნქციური სივრცე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას დასვენებისა და ბავშვებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა ექნება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა გრუნტის დამჭერი გაბიონური კედლები, საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების სისტემა. ტერიტორიაზე განთავსდება ფანჩატურები, მოსასვენებელი სივრცის შესაბამისი ფურნიტურა და საბავშვო მოედანი. ასევე, დაირგვება ხე-მცენარეები. ყველანაირად მოწერიგებული და განახლებული სივრცე იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მთავრობის სხდომის დასასრულს კახა კალაძე ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს რიყის პარკის ტერიტორიაზე მოთხოვნილია სამშენებლო ნებართვა 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე.
„ერთი დღის განმავლობაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცრუ კამპანია მიმდინარეობდა. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, იმ ადამიანმა, ვინც ეს ცრუ და არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, იქვე მიაწერა თავის ფეისბუქ პოსტში, რომ ეს წარმოდგენილი ვითომ 10-სართულიანი შენობა-ნაგებობა იყო მის მიერ შექმნილი, AI-ს გამოყენებით, თუმცა როდესაც ადამიანებს უნდათ, სიცრუე დაიჯერონ, მათთვის ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აინტერესებს ზოგადად ქალაქის ბედი, ვამბობთ, რომ ეს არის ტყუილი ინფორმაცია. იქ არანაირი 10-სართულიანი შენობის პროექტზე არ არის შემოსული განაცხადი. არანაირი პროექტი არ შემოსულა მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე განმარტა, რომ აღნიშნულ სივრცეში განხორციელდება ისეთი პროექტი, რაც ქალაქის ურბანულ განვითარებას არ შეეწინააღმდეგება. შემოსული პროექტი კი საზოგადოებისთვისაც ცნობილი იქნება.
„ვიცი 2012 წლამდე, წინა მთავრობის დროს, ამას როგორ აკეთებდით, მაგრამ ჩვენს პირობებში ყველაფერი იქნება ცხადი. საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია იმ სამუშაოებთან დაკავშირებით, იმ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მომავალში განხორციელდება. დავთანხმდებით იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის მისაღები იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
-
თბილისის ვიცე-მერი კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა
-
ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
-
დედაქალაქის მერმა საბურთალოს რაიონში ახლად მოწყობილი დასასვენებელი სივრცეები დაათვალიერა
