ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო.

თბილისის მერმა კახა კალაძემ, სააგენტოს ხელმძღვანელ გურამ ოქროპირიძესთან ერთად, სამშენებლო ტერიტორიაზე, შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.

პროექტის მიხედვით ორსართულიან ბაღში განთავსებული იქნება 6 სააღმზრდელო ჯგუფი, სადაც მომსახურებას მიიღებს 180-მდე აღსაზრდელი; შენობა იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის, პანდუსებითა და ლიფტებით; მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საევაკუაციო კიბეები და დამონტაჟდება უსაფრთხოების სისტემები; ბაღს ექნება სპორტული და მუსიკალური დარბაზები, ასევე კეთილმოწყობილი და აღჭურვილი ეზო ღია აქტივობებისათვის.

როგორც კახა კალაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნულ დასახლებაში ახალი ბაღის მშენებლობა მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

„ყოველთვის სასიხარულოა, როდესაც დედაქალაქში ჩნდება ახალი სივრცეები ჩვენი პატარებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ სწავლას, განვითარებას, დასვენებას, გართობას, მეგობრობას და ბედნიერი ბავშვობის წლების გატარებას. ამ დასახლებაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის აშენება იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და ძალიან მიხარია, რომ ამ დაპირების შესრულების კონკრეტულ ეტაპზე გადავდივართ.

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 5 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიაზე აშენდება თანამედროვე სტანდარტების ორსართულიანი ბაგა-ბაღი. ჩვენს პატარებს ექნებათ სპორტული და მუსიკალური დარბაზები, კეთილმოწყობილი ეზო და ყველა პირობა იმისთვის, რომ სკოლამდელი განათლება მიიღონ უსაფრთხო, ჯანსაღ და კომფორტულ პირობებში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მანვე მადლობა გადაუხადა მერის მოადგილე კახა აბულაძეს და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, გურამ ოქროპირიძეს. ასევე, სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს.

„ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტში მხოლოდ ახალი შენობა და თანამედროვე ინფრასტრუქტურა არ არის. ყველა მშობლისთვის ყველაზე ძვირფასი საკუთარი შვილის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ბედნიერებაა. ჩვენ გვინდა, რომ დილით როდესაც მშობელი შვილს საბავშვო ბაღში დატოვებს მშვიდად იყოს, რადგან მან უნდა იცოდეს, რომ მის პატარას აქ სითბოთი, ყურადღებით და პროფესიონალიზმით დახვდებიან. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა - შევქმნათ გარემო, სადაც ბავშვები თავს დაცულად, ბედნიერად და თავისუფლად იგრძნობენ.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, ბატონ გურამ ოქროპირიძეს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეს, კახა აბულაძეს, სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს, ჩვენს აღმზრდელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს პატარებს, მომავალ თაობებს ემსახურება. მათი ყოველდღიური შრომა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი არა მხოლოდ ზრუნავენ ბავშვებზე, არამედ მონაწილეობენ მათი პიროვნების ჩამოყალიბებაში, ასწავლიან მეგობრობას, ურთიერთპატივისცემას, ერთმანეთის დახმარებასა და იმ ღირებულებებს, რომლებიც ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, სამშენებლო ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულის ჩადება არის დასტური იმის, რომ მუნიციპალიტეტის მთავრობა დანაპირებს ასრულებს და ყველა პროექტი, რომელიც იყო დაპირების სახით გაცემული, ეტაპობრივად შესრულდება.

„როდესაც ახალ საბავშვო ბაღს ვაშენებთ, ჩვენ მხოლოდ დღევანდელ საჭიროებებს არ ვპასუხობთ, ჩვენ ინვესტიციას ვდებთ ჩვენი შვილების მომავალში, მათ განათლებაში, განვითარებასა და ბედნიერ ბავშვობაში. უკვე შეგვიძლია ყველამ წარმოვიდგინოთ ის დღე, როდესაც ამ ეზოში ბავშვების სიცილი და ჟრიამული გაისმება. აქ გაჩნდება პირველი მეგობრები, პირველი ოცნებები, პირველი პატარა გამარჯვებები. და წლების შემდეგ, როდესაც ეს ბავშვები გაიზრდებიან, დარწმუნებული ვარ, ამ ბაღში გატარებული დღეები მათი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე თბილ მოგონებად დარჩება. მჯერა, ეს ადგილი ბავშვების სიცილით, მეგობრობითა და ბედნიერი მოგონებებით აივსება. სწორედ ასეთი მომავლისთვის ღირს ყოველდღიური შრომა და ძალისხმევა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

აღნიშნული პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 9,5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ღონისძიებას, დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე კახა აბულაძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, პარლამენტის დელეგატი რიმა ბერაძე და საკრებულოს წევრები - ბექა ოდიშარია და ზურაბ ჩიკვილაძე ესწრებოდნენ.

 

 

28 ოქტომბერი 2026