თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის ცხელი ხაზის მოქნილობისა და ეფექტურობის გასაზრდელად იგეგმება რეფორმა, რათა სერვისი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო სწრაფი და შედეგიანი გახდეს.

მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ცხელი ხაზის ოპერატორები ყველა ზარს პასუხობენ და რეაგირებას ახდენენ, მაინც არსებობს გამოწვებები, რაც დასახვეწია.

„მუნიციპალური სერვისების ფარგლებში, კომუნიკაციის სხვა საშუალებებთან ერთად, მოქმედებს თბილისის მერიის ცხელი ხაზი, რომლის მომსახურებითაც მოქალაქეები ყოველდღიურად ინტენსიურად სარგებლობენ. ჩვენი ოპერატორები ყველა ზარს პასუხობენ და ახდენენ რეაგირებას, თუმცა დაგეგმილი გვაქვს ცხელი ხაზის კიდევ უფრო გაუმჯობესება. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილე კახა აბულაძეს, რომ დაიწყოს აღნიშნულ საკითხზე მუშაობა. რამდენიმე დღის წინ, მე პირადად შევხვდი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობას და ცხელი ხაზის წარმომადგენლებს. არის გამოწვევები, რაც დასახვეწია. შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავატაროთ რეფორმა, რათა კიდევ უფრო მოქნილი იყოს ცხელი ხაზი და კიდევ უფრო სწრაფად შევძლოთ პრობლემების აღმოფხვრა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ცხელი ხაზის საშუალებით, მიმდინარე წელს უკვე შემოსულია 367 000-მდე ზარი.

„2025 წლის განმავლობაში შემოვიდა 465 423 ზარი, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 71 000-ზე მეტი ზარი, მუნიციპალური ინსპექციის მიმართულებით - 36 000-მდე, ურბანული განვითარებისა და სატრანსპორტო მიმართულებით 63 000-მდე შეტყობინება; ინფრასტრუქტურის საკითხებზე 48 000-ზე მეტი ზარი, მათ შორის, საგზაო, სამშენებლო, გამწვანების მიმართულებებით. ცხელი ხაზის საშუალებით, მერია აქტიურადაა ჩართული ქალაქში წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირების პროცესში. ის ასევე კარგი ინსტრუმენტია მოქალაქეებთან პირდაპირი კავშირის დასამყარებლად, შესაბამისი და დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით და როგორც მუდმივი პროცესი, პერიოდულ ოპტიმიზაციას საჭიროებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მოქალაქეების მხრიდან ხშირია ისეთი ზარები, რომლებიც ცხელი ხაზის დანიშნულებასთან შეუთავსებელ მიმართულებებს გულისხმობს.

„აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევებში მაღალია მიმართვიანობა ისეთ საკითხებზე, რომლებზე რეაგირებისთვისაც საჭიროა უშუალოდ მერიისთვის ან შესაბამისი რაიონული გამგეობისთვის წერილობითი განცხადებით მიმართვა. ასევე ფიქსირდება ისეთი ზარებიც, რომლებიც ცხელი ხაზის დანიშნულებასთან შეუთავსებელ მიმართულებებს გულისხმობს (მაგალითად, ქონების პრივატიზაცია, კერძო დავები, მიწის სპორადული რეგისტრაცია, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული მიმართულებები, კერძო საკუთრების მოვლა-პატრონობის კატეგორიის საკითხები და სხვა). როდესაც მოქალაქე ამ კონკრეტულ საკითხზე რეკავს, რა თქმა უნდა, ოპერატორი ყველა ზარს პასუხობს და ცხელი ხაზის გადატვირთვა ხდება. შესაბამისად, მოქალაქემაც უნდა იცოდეს გარკვეული საკითხები, თუ რასთან დაკავშირებით უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა. აღინიშნა, რომ გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში ორი სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს. დასასვენებელი სივრცეები სარაჯიშვილის გამზირის N15-ში და ილორის ქუჩის N23 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ეწყობა.

„სარაჯიშვილის გამზირზე სამუშაოები, დაახლოებით, 4 000 კვ.მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს, სადაც განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ილორის ქუჩაზე მიმდინარე პროექტს, მერის ინფორმაციით, სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 700 კვ.მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს, სადაც მანამდე უკანონო ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა.

„ამ პროცესში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა და მინდა, მათ დიდი მადლობა ვუთხრა თანამშრომლობისთვის. ეს უკანონო ნაგებობები იკავებდა ძალიან დიდ ადგილს, დღეს კი გამოთავისუფლებულ სივრცეს გამოიყენებენ ისევ იქ მცხოვრები ადამიანები. განხორციელდება ძალიან კარგი პროექტი, რომლის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ მოედანს, ტერიტორიაზე დამონტაჟდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საპარკინგე სივრცეც.

გარდა მისა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს კრწანისის რაიონში. კერძოდ, ლომინაძის ხევში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სანიაღვრე კოლექტორი ეწყობა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, წლების განმავლობაში აღნიშნული ტერიტორია მოსახლეობისთვის უხვი ნალექის დროს პრობლემას წარმოადგენდა.

„ლომინაძის ხევის გარკვეულ მონაკვეთზე სანიაღვრე კოლექტორი მოეწყობა. აღნიშნული მონაკვეთი წლების განმავლობაში წარმოადგენდა პრობლემურ ზონას - არსებობდა ღია ხევი, მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემა, უხვი ნალექის დროს კი წყალი უკონტროლოდ მიედინებოდა. პროექტის ფარგლებში, 377 მეტრი სიგრძის ხევში მომდინარე წყლის ნაკადი 1 500 მმ დიამეტრის მილებში მოექცევა. სამუშაოები დაწყებულია. პირველ რიგში, სრულად მოწესრიგდება სანიაღვრე ინფრასტრუქტურა აღნიშნულ არეალში და უზრუნველყოფილი იქნება წყლის ნაკადის უსაფრთხო და ორგანიზებული გატარება. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია იქნება უსაფრთხო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტს კრწანისის რაიონის გამგეობა ახორციელებს, რისთვისაც, დაახლოებით, 1 500 000 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, თბილისის მერის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, წყალტუბოს ქუჩის N9-ის მიმდებარედ, 3 200 კვ.მ ფართობზე საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა.

მისი განცხადებით, აღნიშნულ ადგილზე, მოსახლეობის ჩართულობით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც ტერიტორიის სრული კეთილმოწყობა სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს.

„სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და მოწესრიგდება ასფალტის საფარი. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება მოსასვენებელ სივრცესა და სპორტულ მოედანს, ასევე, გაკეთდება საპარკინგე სივრცე და სრულად განახლდება გამწვანების თარგები. საპარკო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, განხორციელდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ 24 და 25 ოქტომბერს, ორბელიანის მოედანზე ქართული გულსართიანი ცომეულისადმი მიძღვნილი ფესტივალი „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართება.

მისი თქმით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ქართული ტრადიციული ცომეულის მომზადების მასტერკლასები, ასევე ქართული კულინარიის ისტორიისა და ტრადიციების საინფორმაციო სემინარები.

„ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქართული ცომეულის მრავალფეროვნება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ცნობილი თუ მივიწყებული კერძები. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონებიდან მოწვეული შეფ-მზარეულები. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ცომეულის მომზადების მასტერკლასები, ასევე საინფორმაციო სემინარები ქართული კულინარიის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ. აღნიშნული ფესტივალი დედაქალაქში პირველად ტარდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის მომდევნო წლებშიც გაიმართება. ყველას გელოდებით ორბელიანის მოედანზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ფესტივალზე ყურადღება დაეთმობა თანამედროვე გასტრონომიასაც, რომლის ფარგლებში შეფ-მზარეულები ქართულ ტრადიციულ გემოებს თანამედროვე ინტერპრეტაციით წარმოადგენენ.

 

 

21 ოქტომბერი 2026