პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის მერიის პროექტზე - „ისწავლე და დასაქმდი“ შემოდგომის სემესტრზე ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო.

პროგრამა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს ეხმარება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით გადამზადებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებაში.

მიმდინარე სემესტრში პროგრამას 22 ახალი პროფესიული კურსი დაემატება.

პროგრამის ფარგლებში არის სიახლე - მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამას ემატება ანაზღაურებადი პრაქტიკის სერვისი. პროფესიული კურსების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა, მიღებული ცოდნის რეალიზება პრაქტიკაში მოახდინონ და სწავლის დასრულების შემდეგ ისინი პრაქტიკას სხვადასხვა ორგანიზაციებში გაივლიან.

გარდა ამისა, გრძელდება კარიერული კონსულტირების სერვისი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე სემესტრში პროგრამის ყველა მონაწილეს გაეწევა სათანადო კარიერული კონსულტაცია.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება მიმდინარე წლის 7 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით ვებგვერდზე: https://www.dasakmdi.ge/

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან. სწავლა სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ: https://www.dasakmdi.ge/

პროექტის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 17 000-ზე მეტი მოქალაქე. მიმდინარე სემესტრში პროგრამა 1 000-ზე მეტ მოქალაქეს გადაამზადებს 60-ზე მეტი მიმართულებით.

 

07 ოქტომბერი 2026