თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტზე - „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაცია იწყება.
მისი თქმით, პროგრამა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს ეხმარება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით გადამზადებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებაში.
„ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ეძებს სამსახურს და პარალელურად, არის ბიზნესსექტორი, რომელსაც სჭირდება კვალიფიციური, პროფესიონალი კადრები. ჩვენ აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც თავიანთ საქმიანობას სხვადასხვა სფეროში ახორციელებენ. გვაქვს ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით არის კადრების ნაკლებობა. შესაბამისად, მოქალაქეებს ვაძლევთ საშუალებას, გადამზადდნენ, აიმაღლონ კვალიფიკაცია, პარალელურად კი ვეხმარებით დასაქმებაში. ასევე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, მუდმივად ხორციელდება კურსების განახლება. მიმდინარე სემესტრში პროგრამას 22 ახალი პროფესიული კურსი დაემატება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კიდევ ერთ სიახლეზე - ანაზღაურებადი პრაქტიკის სერვისზეც ისაუბრა.
„პროგრამის ფარგლებში გვაქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი სიახლე - მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამას ემატება ანაზღაურებადი პრაქტიკის სერვისი. ეს ნიშნავს, რომ წარმატებული კურსდამთავრებული გაივლის პრაქტიკას და ის იქნება ანაზღაურებადი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერის თქმით, გრძელდება კარიერული კონსულტირების სერვისი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე სემესტრში პროგრამის ყველა მონაწილეს გაეწევა სათანადო კარიერული კონსულტაცია.
კახა კალაძის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება მიმდინარე წლის 7 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით ვებგვერდზე: www.dasakmdi.ge.
თბილისის მერმა აქვე სასწავლო ორგანიზაციებს პროგრამაში ჩართულობისა და მხარდაჭესირსთვის მადლობა გადაუხადა.
კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე დაწყებულია სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რაც გულისხმობს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების (ლიჩეტის) გამწმენდი სისტემის მოწყობას.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტი საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტთან“ დაკავშირებით გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.
„პოლიგონზე არსებული დღევანდელი მდგომარეობა ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. გვსურს მისი სრულად მოდერნიზება. როგორც განვითარებულ ქვეყნებში იმართება ნარჩენების პოლიგონი, ისეთი პროექტი უნდა განხორციელდეს. ამაში გვეხმარებიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, უცხოელი სპეციალისტები, რადგან საქართველოში მსგავსი გამოცდილება არ გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, პროექტისთვის სამშენებლო კომპანია შერჩეულ იქნა EBRD-ის ელექტრონული შესყიდვების პორტალზე ჩატარებული ტენდერის ფარგლებში, ბანკის შესყიდვების პოლიტიკისა და წესების შესაბამისად.
„კონკრეტულ კომპანიას დაწყებული აქვს სამუშაოები. პროექტი დამთავრებული და გაშვებული იქნება 2027 წლის სექტემბერში. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ სამშენებლო ნებართვა გაცემულია მიმდინარე წლის სექტემბერში. პარალელურად ვმუშაობთ, რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები, რომ სრულად მოწესრიგდეს პოლიგონი, იქ მცხოვრებ ადამიანებს კი არანაირი პრობლემა არ შეექმნათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იწყებს მუშაობას ქალაქში არსებულ გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის (ე.წ. Yellow box-ის) დანერგვის შესახებ.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, საერთაშორისო პრაქტიკაში ეს არის აპრობირებული მეთოდი იმ სატრანსპორტო კვანძებზე, სადაც საავტომობილო ნაკადი დიდია და მხოლოდ შუქნიშნით მოძრაობის რეგულირება საკმარისი არ არის.
„ალბათ, ყველას, ვინც საჭესთან ვართ, შევსწრებივართ შემთხვევებს, როდესაც გზაჯვარედინზე ანთებულია მწვანე, მაგრამ წინ გადაადგილება შეუძლებელია, მძღოლები მაინც ცდილობენ გზაჯვარედინზე გასვლას, ამით კი სხვა მიმართულებით მოძრავი ავტომობილების მძღოლებს არ აძლევენ გადაადგილების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას იწვევს ყველა მიმართულებით. ყოველდღიურად გვხვდება მოძრაობის ასეთი ჩაკეტვა, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება და პრობლემად იქცევა. შესაბამისად, ეს საჭიროებს დარეგულირებას. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ შუქნიშანზე მწვანე მაშუქის შემთხვევაშიც კი, მძღოლი არ უნდა გადავიდეს გზაჯვარედინზე, თუ ის, სავარაუდოდ, გაჩერდება და დააბრკოლებს მოძრაობას, თუმცა რთულია ადმინისტრირება და ამ ნაწილში კანონის აღსრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, მსგავსი პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით.
„საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ გზაჯვარედინებზე ძალიან კარგად მუშაობს საგზაო კვადრატების ქსელი (ე.წ. Yellow box). ბევრ ქვეყანაში ეს აპრობირებული მეთოდია იმ სატრანსპორტო კვანძებზე, სადაც დიდია ავტომობილების ნაკადი და, შუქნიშნით რეგულირების მიუხედავად, პრობლემურია გზაჯვარედინის გადაკვეთა. ამ ტიპის პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით. შესაბამისად, მინდა, დავავალო ჩვენს სამსახურს - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, დაიწყონ მუშაობა ამ საკითხებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტა დაგვეხმარება იმაში, რომ გარკვეულწილად მძღოლებს გადაადგილება შევუმსუბუქოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ისაუბრა ბოლო წლებში თბილისში გაზრდილი კერძო ავტომობილების რაოდენობის შესახებაც და აღნიშნა, რომ სტატისტიკის თანამხმად, დღეს პიკის საათში 900 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება.
„თბილისში ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა და ქალაქში გადაადგილება, განსაკუთრებით კონკრეტულ უბნებსა და რაიონებში, პრობლემურია და გვაქვს საცობები. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, რამდენი ავტომობილი გადაადგილდებოდა, პირობითად 2012 წლამდე, ეს იყო, დაახლოებით, 180 000 კერძო ავტომობილი, დღეს კი უკვე პიკის საათში 900 000-მდე ავტომობილი მოძრაობს, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა და სერიოზული გამოწვევაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მოძრაობის განტვირთვის მიმართულებით დაწყებულია მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება - „ჭკვიანი“ შუქნიშნების დანერგვა, კონკერტული პრობლემური არეალების მოწესრიგება, ასევე, საგზაო კვადრატების ქსელის შექმნა და ა.შ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ისარგებლონ მუნიციპალიტეტის შესაბამისი პროგრამით, რომელიც სარძევე ჯირკვლის სკრინინგს აფინანსებს. „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამით, 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებს შეუძლიათ, სრულიად უფასოდ ისარგებლონ.
„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანია ონკოლოგიური დაავადების პრევენციის მიზნით, ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება. თბილისის მერია, „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებში, სარძევე ჯირკვლის სკრინინგს აფინანსებს. პროგრამა ითვალისწინებს მამოლოგთან კონსულტაციას/გასინჯვას და მამოგრაფიულ კვლევას. პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევა, ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ჯანმრთელობა უსურვა ყველას და აღნიშნა, რომ დაავადებასთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიღება რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
„კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ყველას, გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა, ისარგებლეთ ამ კვლევებით, რათა დაიცვათ თქვენი, თითოეული ქალის ჯანმრთელობა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას. ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლებიც პრევენციულ ხასიათს ატარებს, ამცირებს რისკებს და გაწვდით ინფორმაციას თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ სარძევე ჯირკვლის კიბო, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის კიბოა. შესაბამისად, დროული დიაგნოსტიკა და სიმპტომების გამოვლენამდე სკრინინგული კვლევის რეგულარულად ჩატარება, დაავადების განვითარებისა და ლეტალობის რისკის შემცირების წინაპირობაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაზეც გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, აღინიშნა, რომ იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიზანიშვილის ქუჩის N81-ში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ბოლო გაჩერება მოეწყო.
„დედაქალაქში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ერთ-ერთი ასეთი პროექტი თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელა. მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის ხიზანიშვილის ქუჩის N81-ში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 5 000-მდე კვ.მ ფართობზე შესრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის საფარი, რაც ავტოსადგომის სიმტკიცესა და გამძლეობას უზრუნველყოფს, ასევე, ტროტუარები, მგზავრთა მოსაცდელები და კუნძულები. დაიხაზა შესაბამისი საგზაო მონიშვნებიც. შშმ პირთა კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით ტერიტორია აღიჭურვა პანდუსებითა და ტაქტილური ბილიკებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, მისივე თქმით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაირგვება ხე-მცენარეები.
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
-
დედაქალაქის მერმა საპატიო თბილისელები დააჯილდოვა - „მადლობა ყველაფრისთვის, რაც თბილისს მიეცით“
-
კახა კალაძე: განსაკუთრებული დღეა, რადგან ჩვენი ქალაქის დღეს აღვნიშნავთ - ყველას გილოცავთ „თბილისობას“
.jpg)