თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სხვადასხვა ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
მისი თმით, ყველა უწყება ჩართული იყო პროცესში და მერიაში შესული არცერთი შეტყობინება უყურადღებოდ არ დარჩენილა.
„დედაქალაქში ბოლო დღეების განმავლობაში მოსული უხვი და ინტენსიური ნალექის გამო შეიქმნა გარკვეული პრობლემები, კონკრეტულ რაიონებსა და უბნებში დაიტბორა ქუჩები, სარდაფები და კერძო სახლები. დაზიანდა ინფრასტრუქტურაც. ყველგან, სადაც პრობლემა დაფიქსირდა, მობილიზებული იყო მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის - შპს „თბილსერვის ჯგუფის“, „ეკოსერვის ჯგუფის“, რაიონული გამგეობების თანამშრომლები და არცერთი შემოსული შეტყობინება ყურადღების მიღმა არ დაგვიტოვებია. შესაბამისი ღონისძიებები დღესაც გრძელდება, მიმდინარეობს აღდგენის სამუშაოები. მათ შორის, გუშინ ლეღვთახევში ვიმყოფებოდით, სადაც უხვმა ნალექმა შემქნა პრობლემები. ამჟამად, ტერიტორია სუფთავდება და რამდენიმე დღეში მთლიანად მოწესრიგებული იქნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უხვი ნალექის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში იყო ჩართული.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მუნციპალიტეტის ყველა უწყების თანამშრომლებს, რომლებიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში იყვნენ ჩართული და დღესაც ყველაფერს აკეთებენ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს მოადგილე ირაკლი ბენდელიანს, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს ხელმძღვანელობდა. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ოპერატიულობისა და გაწეული მნივნელოვანი სამუშაოებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა განსაკუთრებით აღნიშნა, მსგავსი სტიქიის დროს მოქალაქეების ჩართულობა.
„აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ასეთ შემთხვევებში მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას იჩენს და გვერდში გვიდგას. ძალიან სასიამოვნოა მსგავსი დამოკიდებულება, რადგან ეს ქალაქი ყველასია და შესაძლებლობების ფარგლებში, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ დედაქალაქზე. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ უკეთესი თბილისი, სადაც, რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა იარსებებს. ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვართ ხაზზე, თქვენს სამსახურში, ღია ვართ კომუნიკაციისთვის და არ დავტოვებთ არცერთ თქვენს პრობლემას უყურადღებოდ. მიმდინარეობს ზარალის აღწერა და ვისაც ჩვენი გვერდში დგომა დასჭირდება, ყველა მოქალაქეს დავეხმარებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე ინფორმაციით, მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, პროცესის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
„დედაქალაქში აღდგენისა და გაწმენდის სამუშაოები კვლავაც გრძელდება. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, პროცესის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ზოგადად, დროის მოკლე მონაკვეთში ამ რაოდენობის ნალექი როცა მოდის, ეს დიდი პრობლემაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენზე უფრო ძლიერი და განვითარებული ქალაქებისთვის. ასეთ ქალაქებში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა უფრო გამართულია, თუმცა იქაც კი არის ხოლმე ასეთ დროს პრობლემები. შემთხვევითი არ არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მივიღეთ - ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაოს დროს, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციებს ვაწესრიგებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აღმაშენებლის გამზირის ნაწილის - თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას გეგმავს.
მისივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც მიმდინარე წლის 3 სექტემბერს დასრულდება.
„ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას დედაქალაქის სხვადასხვა რაიონსა და უბანში. ჩვენი მიზანია, ქალაქში შევქმნათ მოწესრიგებული, უსაფრთხო და თანამედროვე გარემო, რომელიც ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს მოემსახურება და რაც მთავარია, ათეულ წლებს გაუძლებს. ამჯერად, ვგეგმავთ აღმაშენებლის გამზირის მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაციას - თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტროტუარსა და საავტომობილო გზას, არსებული დაზიანებული ქვაფენილი ასფალტის ახალი საფარით ჩანაცვლდება. მოეწყობა ველობილიკი. ასევე, განახლდება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება LED ლამპიონები. მოედანზე განახლდება გამწვანების კუნძულები და ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ და კვალიფიციურ კომპანიას, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა.
გარდა ამისა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულებულია.
მისი განცხადებით, სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
„ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სადაც მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირი დაზიანდა, ხოლო სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები გაჩნდა, ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულებულია. პრობლემის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ მივიღეთ ყველა აუცილებელი ზომა. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა და გადაუდებელი წესით დაიწყო აღდგენის სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება სრულად უსაფრთხოა.
„პროექტის ფარგლებში, განხორციელდა მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო ხიმინჯოვანი საყრდენი კედელი, აღდგა დამცავი მოაჯირები, ხოლო სავალი ნაწილის დაზიანებულ მონაკვეთზე ჩატარდა საგზაო სამუშაოები. დაიგო ასფალტის საფარი და საავტომობილო გზა დაიხაზა. ამჟამად, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, N6 საცხოვრებელი კორპუსისა და N119 საჯარო სკოლის მიმდებარედ, მეწყერსაშიშ ზონაში ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები დასრულდა.
თბილისის მერის განცხადებით, პროექტის მთავარი მიზანი მეწყრული პროცესების პრევენცია და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა იყო.
„ტერიტორიის გეოლოგიური მდგომარეობის დეტალური შეფასების შედეგად გამოიკვეთა გრუნტის მდგრადობასთან დაკავშირებული რისკები, რაც გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებდა. სამუშაოების ფარგლებში, ფერდი დატერასდა, მოეწყო 40 მეტრი სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი, რომელიც გრუნტის მდგრადობას უზრუნველყოფს და ფერდის ჩამოშლის რისკს მინიმუმამდე ამცირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ეფექტიანი მართვის მიზნით მოეწყო სანიაღვრე ქსელი.
როგორც მერმა განაცხადა, აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შედეგად ფერდი გამაგრდა და მიმდებარე ტერიტორია გახდა სრულიად უსაფრთხო, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნულ არეალში მცხოვრები მოსახლეობისა და საჯარო სკოლისთვის.
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
-
დედაქალაქის მერმა საპატიო თბილისელები დააჯილდოვა - „მადლობა ყველაფრისთვის, რაც თბილისს მიეცით“
-
კახა კალაძე: განსაკუთრებული დღეა, რადგან ჩვენი ქალაქის დღეს აღვნიშნავთ - ყველას გილოცავთ „თბილისობას“
