პროგრამის - „ისწავლი და დასაქმდი“ ახალი ეტაპი დაიწყო

თბილისის მერია იწყებს პროგრამის - „ისწავლი და დასაქმდი“ ახალ ეტაპს და 17 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე აცხადებს დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმაზე www.dasakmdi.ge.

პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლები გაფართოვდა და მიმდინარე მიღებაზე 1 500 მოქალაქის მომზადება/გადამზადება განხორციელდება 80 სპეციალობაში - ციფრული ტექნოლოგიების, მშენებლობის, ინჟინერიის, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ფინანსების სფეროში.

არსებულ მოთხოვნად პროგრამებს დაემატება 19 ახალი პროფესიული კურსი, მათ შორის:

  • ურბანული მებაღეობა
  • კარიერული დაგეგმვის სპეციალისტი
  • სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი
  • ფიზიკური მომზადების მწვრთნელი
  • ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსი
  • ტვირთების გადაზიდვა-კონტროლის სპეციალისტი
  • საიუველირო საქმის მასალათმცოდნე
  • ტყავის და ბეწვის აქსესუარების რესტავრატორი
  • მარკეტინგული ტექნოლოგიების სპეციალისტი და ა.შ.

მიმდინარე მიღებაზე, არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული საკონკურსო ადგილები, რომელთა სრული ჩამონათვალის ხილვა ასევე, შეგიძლიათ ვებგვერდზე - www.dasakmdi.ge.

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებია: ქ. თბილისში რეგისტრაცია; მინიმალური ასაკი 18 წელი. კურსების ხანგრძლივობა შეადგენს 1-დან 7 თვემდე პერიოდს. სასწავლო პროცესი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, როგორც ონლაინ, ისე ადგილზე დასწრებით. მონაწილეთათვის, რომელთაც არ აქვთ ონლაინ კურსებზე წვდომის შესაძლებლობა, აღნიშნული სერვისი უზრუნველყოფილი იქნება თბილისის მედიათეკებში.

 

17 სექტემბერი 2025