კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისის“ პირველი ეტაპისთვის განაცხადების მიღება დაიწყო

თბილისის მერიამ კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისის“ - პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება დაიწყო.  

კონკურსის მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა. აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში, მისი არსებობის უკვე ექვსი წლის განმავლობაში, 250-მდე პროექტი დაფინანსდა და ბევრი საინტერესო პროდუქტი შეიქმნა, მათ შორის კომპიუტერული თამაშები ქართული ზღაპრების საფუძველზე, პროექტები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, გამოიცა მრავალი სამეცნიერო-პოპულარული წიგნი და სხვა.

გაზაფხულის სეზონზე, 21 მარტის ჩათვლით, განაცხადები მიიღება ოთხი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება და მედია ხელოვნება. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისი 2021 წლიდან არის იუნესკოს მედია-ქალაქების ქსელის წევრი, რაც დიდი სტიმულია ამ მიმართულების განვითარებისა და ხელოვანების საქმიანობის ხელშეწყობისათვის.

დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადების ატვირთვა მსურველებს შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე www.culture.tbilisi.gov.ge.

05 მარტი 2025