ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების (გერბი და დროშა) ნიმუშების შერჩევის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს.

კონკურსს წარმართავს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების (გერბი და დროშა) ნიმუშების შესარჩევი კომისია“ (შემდგომში - კომისია).

 

კონკურსში მონაწილეობა

           

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
  • კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს:

           ა) კომისიის წევრს;

           ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოში, მათ შორის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირში დასაქმებულ პირს.

  • კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე რამდენიმე პირის მიერ ერთობლივად.          

 

კონკურსის პირობები

 

1. ნიმუშების გამოსახულების პროექტის შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით.

2. კომისია, მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების თავიდან აცილების მიზნით, წარმოდგენილი ნიმუშების პროექტებს განიხილავს ავტორთა ანონიმურობის დაცვის პრინციპით.

3. კონკურსანტმა საკონკურსო წინადადება უნდა წარმოადგინოს მატერიალური და ელექტრონული ფორმით (USB მეხსიერების ბარათი, რომელზე დატანილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მხოლოდ საკონკურსო განაცხადით გათვალისწინებულ ვიზუალურ მასალას, დაინტერესებული პირის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გარეშე);

4. საკონკურსო წინადადება:

            ა) წარმოდგენილ უნდა იქნას A4 ზომის დახურული კონვერტით, რომელიც დაერთვის დაინტერესებული პირის განცხადებას კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით. კონვერტში მოთავსებული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს არანაკლებ A4 ზომის ფორმატზე და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება. დალუქულ კონვერტში აგრეთვე თავსდება მეხსიერების ელექტრონული ბარათი.

         ბ) A4 ზომის დახურულ კონვერტში, პროექტთან, მოკლე შინაარსობრივ აღწერა-დასაბუთებასთან და მეხსიერების ელექტრონულ ბარათთან ერთად, უნდა მოთავსდეს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელშიც იქნება ინფორმაცია ავტორის ვინაობის, მისამართის, სხვა საკონტაქტო მონაცემების შესახებ (ტელეფონის ნომერი; ელექტრონული ფოსტის მისამართი, ასევე პირადობის მოწმობის ასლი); კონვერტების ზედაპირებზე რაიმე სახის ინფორმაციიის ან სიმბოლოების დატანა დაუშვებელია.

            გ) საკონკურსო წინადადება კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: ქ. თბილისი, ჟიული შარტავას ქ. #7).

5. ნიმუშების - დროშის და გერბის პროექტები უნდა აიგოს ჰერალდიკური წესების დაცვით, საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოთათვის დამახასიათებელი ჰერალდიკური ნორმებით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ისტორიული, ეკონომიკური, გეოგრაფიული, კულტურული მახასიათებლების ან ერთ-ერთი მახასიათებლის ხაზგასმის საფუძველზე, ქალაქ თბილისის ჰერალდიკური მემკვიდრეობის, ქალაქის შესახებ არსებული გადმოცემების შესაძლო გათვალისწინებით. ნიმუშები - დროშა და გერბი უნდა აიგოს მკაფიოდ გამოკვეთილი მხატვრული შინაარსის საფუძველზე, ამასთან უნდა აღიწეროს თითოეული გამოსახული სიმბოლოს იდეურ-შინაარსობრივი მხარე.

დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მოქმედ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების გამოსახულებებს ... 

თვითმმართველი ქალაქების გერბები

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო

6. ნიმუშები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებსაც:

            ა) გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე (იხილეთ ნიმუში);

            ბ) გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გამომსახველი, საქალაქო, ოქროს ხუთკოშკიანი, ქონგურებიანი, გვირგვინი (ციხე-სიმაგრის ფორმის);

            გ) დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „თბილისი“;

            დ) საკონკურსო ნაწილში განიხილება წარდგენილი ნამუშევრების ფარის შიდა გამოსახულება;

            ე) გერბი და დროშა ერთიანი კონცეფციით უნდა შეიქმნას და ჰერალდიკური ენით გამოხატავდეს ურთიერთბმას, ასევე ბმას საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან;

            ვ) დროშის პროპორციები უნდა იყოს 2 ერთეული სიმაღლე და 3 ერთეული სიგრძე.

7. საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 1 მარტიდან 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

8. საკონკურსო წინადადების წარმოდგენისათვის განსაზღვრული პირობების დარღვევით წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებები, მათ შორის, დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებები, განხილვას არ ექვემდებარება.

9. კონკურსი ჩაითვლება ჩაშლილად, თუ არ იქნება წარმოდგენილი არც ერთი საკონკურსო წინადადება, ან კომისიამ ვერ გამოავლინა გამარჯვებული ნიმუშების პროექტი.

10. კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებული ნიმუშები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან შესათანხმებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს.

11. კონკურსანტი გამარჯვებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებულ ნიმუშებს დაამტკიცებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

გამარჯვებულ კონკურსანტს გადაეცემა ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

12. კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://tbilisi.gov.ge.

13. კონკურსში მონაწილე ნიმუშების გამოსახულების პროექტები, შესაძლებელია გამოიფინოს საკრებულოს შენობაში.

14. კონკურსში გამარჯვებული პირი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს ნიმუშების გამოსახულების სრულყოფის პროცესში.

15. კონკურსში გამარჯვებული ნიმუშების გამოსახულების პროექტი გადადის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო კონკურსში მონაწილე ყველა სხვა ნიმუშების გამოსახულების პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება საკონკურსო წინადადების ავტორს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მერიის ცხელი ხაზი (+995) 322 2 72 22 22

27 თებერვალი 2024