პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეების რეგისტრაცია გამოცხადდა

თბილისის მერია იწყებს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს და დღეიდან დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას აცხადებს.

პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსზე სწავლა უფასოა.

პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე სემესტრში მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 40-ზე მეტ სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროებში.

არსებულ სპეციალობებს წელს პირველად დაემატება „კინოგამნათებლების საქმიანობის შემსწავლელი კურსი“, ასევე, „დეკორატიული ლესვის ახალი პროგრამა“, რომლის მიზანია მშენებლობისა და დიზაინის სფეროთი დაინტერესებულ პირებს, მისცეს შესაძლებლობა, შეიძინონ სპეციფიკური და თანამედროვე პროფესია.

ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია: თბილისში რეგისტრაცია; მინიმალური ასაკი 18 წელი; კურსების ხანგრძლივობა ერთიდან შვიდ თვემდეა და სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ მეცადინეობებს.

პროგრამის ფარგლებში უკვე გადამზადდა საშუალოდ, 8 000 ადამიანი და დასაქმების მაჩვენებელი სწავლის დასრულებისთანავე შეადგენს, დაახლოებით, 70%-ს. მიმდინარე სემესტრში გადამზადების კურსებს გაივლის 750-ზე მეტი მოქალაქე.

რეგისტრაცია 11 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება პლატფორმაზე - www.dasakmdi.ge.        

27 სექტემბერი 2023