თბილისის მერიის განცხადება

გაცნობებთ, რომ დღეს საღამოს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ცინცაძის ქუჩისკენ გამავალი გვირაბის მიმდებარე ფერდიდან მოხდა ქვათაცვენა. კონკრეტულ მონაკვეთზე მსგავსი ფაქტი აქამდე არ დაფიქსირებულა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებობს პრობლემური მონაკვეთი, სადაც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მოხდა ქვათაცვენა.

ვინაიდან ფერდზე წლების წინ მოწყობილი ბადე ვეღარ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი ბადის მოწყობის თაობაზე.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ პრობლემურ მონაკვეთზე უკვე დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები. დილის 05:00 საათიდან 07:00 საათამდე ხდება ფერდის ჩამოწმენდა და ნაშალი მასის გატანა. ჩამოწმენდის სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება შესაბამისი ბადის მოწყობა, რომელიც ანკერების მეშვეობით ჩამაგრდება კლდის მყარ ქანებში.

სამუშაოების პროცესში გზის ერთი ზოლი გადაკეტილია. გზა ასევე შეიზღუდება დღეს საღამოს დაფიქსირებული ქვათაცვენის ადგილზე, სადაც მოხდება სპეციალისტების მიერ ადგილის შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

 

 

 

17 აგვისტო 2023