თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თითქოს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო, მოქალაქეები 50-დან 60 ლარით ჯარიმდებიან.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ხაზგასმით აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და მიმართულია მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისკენ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უბილეთოდ მგზავრობა, აგრეთვე, 10-დან 16 წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. ჯარიმის ნებაყოფლობით გადასახდელად, განსაზღვრულია 30 დღე.

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაერიცხება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში, დაჯარიმებულმა პირმა თუ კვლავ არ გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა და საურავი, მის მიმართ ხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

აქვე განვმარტავთ, რომ უბილეთო მგზავრის დაჯარიმება კანონით განსაზღვრული იძულებითი ღონისძიებაა, ჯარიმებიდან შემოსული თანხა კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულად ფუნქციონირებას ხმარდება.

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და საჭიროების შემთხვევაში, დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 13 98.

09 აგვისტო 2023