თბილისის მერის განცხადება

მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ ტრაგედიასა და უბედურებას, რომელიც რაჭაში მოხდა. აღნიშნულმა სტიქიამ იმსხვერპლა ადამიანების სიცოცხლე. შოვი, რომელიც ასოცირდებოდა ლამაზ ბუნებასთან, სიცოცხლესთან, სიყვარულთან, უბედურების ადგილად იქცა. აღნიშნულ სტიქიას არ აქვს სახელი. ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. ასევე, მინდა, მივუსამძიმრო რაჭას, რაჭველებს.

მართლაც უმძიმესია ადგილზე არსებული ვითარება. გუშინდელი დღიდან მოყოლებული შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სრულადაა ჩართული შესაბამის ღონისძიებებში. დღეს პრემიერ-მინისტრის დავალებით, პროცესში ასევე, ჩაერთვებიან ჩვენი ჯარისკაცები, რათა მოქალაქეთა გადარჩენა შევძლოთ და სამაშველო სამუშაოები გაგრძელდეს.

აქვე, მინდა გამოვხატო ჩვენი მზაობა, მხარდაჭერა, თანადგომა. კერძოდ, დედაქალაქის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, აღნიშნულ ღონისძიებებში ჩავერთოთ, თუ, რა თქმა უნდა, ამის აუცილებლობა იქნება.

კიდევ ერთხელ მინდა მშვიდობა ვუსურვო სრულიად საქართველოს, რაჭას, რაჭველებს, იქ მყოფ მოქალაქეებს. ყველამ ვილოცოთ მათი გადარჩენისთვის!

04 აგვისტო 2023