თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.

კახა კალაძემ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ყოველდღიურად გაწეული მძიმე შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„პროფესიულ დღეს ვულოცავ თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას, მინისტრ ვახტანგ გომელაურს; ყველას, ვინც პროფესიონალურად, ერთგულად, თავდადებით ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, წესრიგის დაცვას, კანონის უზენაესობას, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას. მადლობას გიხდით ყოველდღიური საქმიანობისთვის, იმ მძიმე შრომისთვის, რასაც ეწევით. გისურვებთ, ღირსეულად გეტარებინოთ პოლიციელის სახელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა პატივი მიაგო ყველა იმ პოლიციელის ხსოვნას, ვინც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

კახა კალაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა. ახალი გზა ოფიციალურად ხვალ გაიხსნება.

„საბურთალოს რაიონში, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დავასრულეთ - მარშალ გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2019 წელს დავიწყეთ, თუმცა სამუშაოების დროს, გარკვეული სირთულეები წარმოიშვა, რამაც დასრულების ვადის გახანგრძლივება გამოიწვია. წარმოიშვა რამდენიმე მეწყრული მონაკვეთი, სადაც შესაბამისი პროექტები განვახორციელეთ. ჩართული გვყავდა ადგილობრივი და გერმანელი ექსპერტები, რომელთა მხარდაჭერითა და თანადგომით, უსაფრთხოებისთვის საჭირო სამუშაოები ჩატარდა. ამჟამად, დახაზვის სამუშაოები მიმდინარეობს და დღეს დასრულდება. ხვალიდან შესაძლებლობა გვექნება, გზის აღნიშნული მონაკვეთი გავხსნათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული.

„პროექტის ფარგლებში, შეიცვალა მაგისტრალური წყალმომარაგების მილები და მისი ადგილმდებარეობა. მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი, რომელიც ფაქტობრივად, არ არსებობდა. ასევე, საჭირო გახდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების ადგილმონაცვლეობა. პარალელურად, გაკეთდა სპეციალური კუნძულები, რომელიც გამწვანებულია, დაიდგა განათების ბოძები თავისი LED სანათებით. გზის აღნიშნული მონაკვეთი ბეტონის საფარისაა და ერთი მიმართულება ორ ავტომობილზეა გათვლილი. საერთო ჯამში, ოთხზოლიანი მონაკვეთია. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა. აღინიშნა, რომ ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში პარკის მოწყობა დასრულდა, რომელიც წინასაარჩევნო დაპირება იყო.

„ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში, ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ ივერთუბანში, 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე ძალიან ლამაზ პარკს მოვაწყობდით. ეს სამუშაოები უკვე დასრულებულია. აღნიშნული ტერიტორია, ფაქტობრივად, დაჭაობებული იყო, რის გამოც, საჭირო გახდა სადრენაჟე სისტემების მოწყობა. ასევე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, განათებისა და ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემები; განთავსდა საპარკო ავეჯი და მოეწყო მწვანე სივრცეები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დედაქალაქში მეტი ასეთი სივრცე გაჩნდეს. არაფერი უხდება ამ ქალაქს ისე, როგორც გამწვანება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე, რომლის მოწყობაც 9 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, გლდანის მესამე მიკრორაიონში მდებარეობს.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების განვითარება მისთვის და მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„გლდანის მესამე მიკრორაიონის N85-87-88 და მე-4 კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 9 000 კვ.მ ფართობზე, რაიონის გამგეობა პარკს აწყობს. ეს სამუშაოები დაწყებულია. პროექტის ფარგლებში, ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, კალათბურთის მოედანი, ველობილიკისა და ფიტნეს სივრცეები განთავსდება. ასევე, მოეწყობა გარე განათების სისტემა, განთავსდება სხვადასხვა სახის საპარკო ინფრასტრუქტურა და ტერიტორია სრულად გამწვანდება. დაახლოებით, 1 200 000 ლარი ჯდება აღნიშნული პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება. ერთია, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ სკვერებისა და პარკების მოწყობა-რეაბილიტაციის კუთხით, პარალელურად, გამგეობები თავიანთ რაიონებსა და უბნებში აწარმოებენ ამ ტიპის სამუშაოებს, რაც ძალიან კარგია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტის მერია მსგავსი პროექტების განხორციელებას ყველანაირად შეუწყობს ხელს.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ 60 წელს გადაცილებული პირებისთვის შექმნილ პროგრამას - „სპორტი უფროსი თაობისთვის“ კერძო ობიექტები - „არენა“ და „ოლიმპიკი“ ემატება.

მისი თქმით, აღნიშნულ კერძო სპორტული ობიექტებით სარგებლობა პროგრამაში ჩართულ პირებს სრულად დაუფინანსდებათ.

„შარშან დავიწყეთ პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ 60 წელს გადაცილებული პირებისთვის, რაც საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას გულისხმობდა. ეს პროგრამა გრძელდება და მასში ჩართვის მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ მისი გაფართოება. შედეგად, პროგრამას დაემატა ორი კერძო სპორტული ობიექტი, რომლით სარგებლობაც ისევე სრულად დაუფინანსდებათ პროგრამაში ჩართულ პირებს, როგორც მუნიციპალურ ცენტრებში უფინანსდებოდათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება.

„პროგრამაში დარეგისტრირების მსურველები შერჩეულ სპორტულ ცენტრში უნდა მივიდნენ, წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი და სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე, ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ. რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი პროგრამით გათვალისწინებული პირობებით მიიღებენ შესაბამის მომსახურებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთვება ის მულტიფუნქციური ცენტრებიც, რომლებიც დიდ დიღომსა და ვარკეთილში აშენდება.

„დაწყებული გვაქვს მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა ვარკეთილსა და დიდ დიღომში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამუშაოები მიმდინარეობს და ძალიან მალე დამთავრდება. აღნიშნულ პროგრამაში ეს ცენტრებიც ჩაერთვება. აქაც უფროსი თაობისთვის გამოყოფილი იქნება დრო, როცა ისარგებლებენ არსებული სივრცეებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში ღონისძიებები გაიმართება.

„ხვალ მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და თბილისის მერია, ამ დღეს, ტრადიციულად, საბავშვო აქტივობებით ეგებება. ამ დღის აღმნიშვნელი ღონისძიება გაიმართება ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში (ე.წ. წითელ ბაღში). ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, კოსტიუმირებული წარმოდგენები და თითების თეატრი; გაიმართება საბავშვო ლიტერატურის გამოფენა - გაყიდვა; იფუნქციონირებს ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე, ასევე, გულსაბნევების დასამზადებელი სადგური, მეზღაპრის კუთხე, ფოტო ზონა; გაიმართება საპნის ბუშტების შოუ, ქიმიური ექსპერიმენტების შოუ და ფერადი ქაფების შოუ, კარნავალი და ა.შ. საინტერესო აქტივობები იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მშობლებსა და პატარებს ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდა.

„მივმართავ ყველა მშობელს, ბებიებს, ბაბუებს, წამოიყვანეთ შვილები, შვილიშვილები. გელოდებით ყველას. ღონისძიება 16:00 საათიდან დაიწყება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გოძიაშვილის პარკში საბავშვო აქტივობები 16:00 საათიდან დაიწყება.

31 მაისი 2023