თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ, „თბილისობის“ დღესასწაული პირველ და 2 ოქტომბერს გაიმართება.

მისი თქმით, ღონისძიებები რიყის პარკში და ლეღვთახევში, ასევე, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედნებზე ჩატარდება.

„პანდემიის გამო, ვერ მოვახერხეთ „თბილისობის“ ჩატარება. რთული პერიოდი გამოვიარეთ, თუმცა, წელს გვაქვს შესაძლებლობა, გარკვეული ღონისძიებები ჩავატაროთ. იქნება ინსტალაციები, გამოფენები, კონცერტები, სამეწარმეო და გასტრონომიული ბაზრობები, სპორტული და საბავშვო აქტივობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გალაკონცერტი ევროპის მოედანზე პირველ ოქტომბერს, 19:30 საათზე გაიმართება.

„გელოდებით ყველას, მობრძანდით, ერთად აღვნიშნოთ „თბილისობა“. რაც შეეხება საპატიო თბილისელების დაჯილდოებას, ღონისძიება გაიმართება 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში. „თბილისობის“ სრული პროგრამა განთავსებულია მერიის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქალაქში არსებულ საცობებთან დაკავშირებულ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კრიტიკა და რჩევები მისაღებია, რადგან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების დროს, მოქალაქეების თანადგომა აუცილებელია.

მისი თქმით, თბილისში გადაადგილებასთან და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით გამოწვევები არსებობს, თუმცა, მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს, რომ აღნიშნული პრობლემები მოგვარდეს.

„ყველა წარმატებული პროექტის უკან, რაც ბოლო წლებში დედაქალაქში მიმდინარეობს, დგახართ თქვენ, რიგითი ადამიანები, ვისაც ქალაქის წარმატება და განვითარება უხარია. თქვენგან კრიტიკაც მოდის, რაც მისაღებია, თუმცა, ეს კრიტიკა უნდა იყოს სამართლიანი. მოქალაქეების არცერთი წერილი, რჩევა ყურადღების მიღმა არ რჩება. ყველა პროექტის განხორციელების დროს ჩვენთვის თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. უამრავი კარგი პროექტი განვახორციელეთ და უფრო მეტს გავაკეთებთ. ცხადია, გვაქვს პრობლემები და გამოწვევები. ამას არავინ გაურბის. პირიქით, ვცდილობთ, ყველაფერი ქალაქის სასიკეთოდ მოვაგვაროთ. წლების განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო უდიდესი პრობლემა და დავიწყეთ ამის მოგვარება, წამოვიწყეთ რეფორმა. გამოწვევები დღესაც გვაქვს, თუმცა, ვართ თანმიმდევრული და ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ არსებული პრობლემები მოგვარდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, წლების წინ ქალაქს გაუმართავი მიკროავტობუსები და ავტობუსები ემსახურებოდა, რომელიც რეფორმის შედეგად, ახალი, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩანაცვლდა.

„პირველ რიგში, დავიწყეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. მეამაყება, რომ თბილისს ყველაზე ახალი, მოწესრიგებული ავტობუსები და მიკროავტობუსები ჰყავს. ისინი ყველანაირად გამართულია კონდიცირება-გაგრილება-გათბობის სისტემებით, აღჭურვილია შესაბამისი უსაფრთხოების კამერებით, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და ა.შ. მოუწესრიგებელი იყო ის ძირგამომპალი ე.წ. ყვითელი ავტობუსები, დანგრეული, გაუბედურებული ყვითელი „ბოგდანები“, რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა, როგორც გადაადგილების, ასევე ეკოლოგიის თვალსაზრისით. ქალაქში ჰაერის პირველი დამბინძურებელი იყო მაშინდელი „ყვითელი ავტობუსები“ და მიკროავტობუსები. ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო? ეს წარსულს ჩავაბარეთ, თქვენი მხარდაჭერით და თანადგომით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული განახლების შემდეგ, მნიშვნელოვანია მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მუნიციპალიტეტი აღნიშნული მიმართულებითაც მუშაობს.

„შემდეგი ნაბიჯია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა და კომფორტი გავზარდოთ. დღეს ქალაქში გვაქვს გადაადგილების პრობლემა და ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზით არაა გამოწვეული. რა თქმა უნდა, ავტომობილების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება, თუმცა, ამას გამართული, კომფორტული, ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა დავუპირისპიროთ. გაძლევთ პირობას, რომ ასეც იქნება. ზუსტად ამის გამო ვაწარმოებთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. დიახ, სამწუხაროდ, არის დისკომფორტი. ორი მნიშვნელოვანი კვანძი - ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის გამზირები გადათხრილია, თუმცა, ჩვენ ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს და ქალაქში გადაადგილება კომფორტული იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქში არსებული საცობების გამომწვევი ძირითადი მიზეზები დაასახელა და განმარტა, რომ თბილისში 12 პრობლემური კვანძია მოსაწესრიგებელი.

„საცობები თბილისში ყოველთვის იყო. არის კონკრეტული კვანძები, რაც ქალაქისთვის უდიდესი პრობლემაა. შესაბამის სამსახურს ყველა მათგანი განსაზღვრული აქვს, თუ რომელ კვანძზე არის საჭირო ჩარევა. მოვაწესრიგეთ მნიშვნელოვანი კვანძები - თამარ მეფის გამზირი, თამარაშვილის ქუჩა და ძალიან მალე დასრულდება დიდი დიღმის კვანძი. ასევე, უმნიშვნელოვანეს კვანძებზე - ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის გამზირებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. განვსაზღვრეთ 12 ლოკაცია, სადაც საჭიროა ჩარევა, კონკრეტული პროექტების განხორციელება იმისთვის, რომ მოვაწესრიგოთ აღნიშნული მიმართულება, მაგრამ ეს უცებ არ გაკეთდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებს.

„ბევრს კარგად არ ესმის, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია, კოსტავას ქუჩის ჩაკეტვა რას იწვევს. მაგალითად, გუშინ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა 16 650 ბრუნის გაკეთება ვერ მოახერხა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით, 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ. ეს დიდი ციფრია, მაგრამ მთავარია ვიცით, რა იწვევს აღნიშნულ პრობლემას. მერწმუნეთ, როდესაც ამ სამუშაოებს დავამთავრებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე სწრაფი, ხელმისაწვდომი და კომფორტული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საცობების გამომწვევ კიდევ ერთ მიზეზად დედაქალაქში ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა დაასახელა.

„შარშან, პიკურ პერიოდში ქალაქში მოძრაობდა 460 000 ავტომობილი, დღეს ყოველდღიურად მოძრაობს 590 000 ავტომანქანა. ეს პრობლემაა. დღის განმავლობაში, დაახლოებით, 1 060 000 მგზავრი გადაყავს საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ერთი მხრივ, მიხარია, რომ იზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მეორე მხრივ კი, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, გადაადგილება კიდევ უფრო კომფორტული უნდა გახდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საცობების პრობლემის მოსაგვარებლად, მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი რამდენიმე პროექტიც დაასახელა.

„მომავალ წელს ვაპირებთ, შევიძინოთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ეს წელს უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ გადავწიეთ, იმისთვის, რომ გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოვასწროთ, რათა ავტობუსებმა პრობლემების გარეშე შეძლონ გადაადგილება. ძალიან მნიშვნელოვანია ტაქსების რეფორმაც, რომლის შემდგომ ეტაპსაც საზოგადოებას უახლოეს დღეებში გავაცნობთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად საცობებთან დაკავშირებული დისკომფორტი არსებობს, თუმცა, თბილისისთვის და თბილისელებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„საცობებთან დაკავშირებით, ცხადია არსებობს დისკომფორტი, მაგრამ ამას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები - მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. როგორც ქალაქის მერს, გამიხარდებოდა, რომ ეს ქუჩები მოწესრიგებული ყოფილიყო და ისე გვიწევდეს რეფორმის განხორციელება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. თბილისისთვის ყველაფერს გავაკეთებ იმიტომ, რომ ამ ქალაქმა ძალიან ბევრი რამ მომცა. ჩემი წარმატება ზუსტად აქედან დაიწყო და ის იმსახურებს, რომ იყოს საუკეთესო, ყველანაირად მოწესრიგებული. ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები თავს კომფორტულად უნდა გრძნობდნენ, ამაყობდნენ თავიანთი უბნებით და ქუჩებით, მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცეებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის მერიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მათი ხელმძღვანელის განცხადება შემოვიდა, რომელიც ხუდადოვის ტყის გაჯანსაღება-მოწესრიგებას გულისხმობს.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია მზადაა, აღნიშნული ინიციატივა მიიღოს და პროექტი სტუდენტებთან ერთად განახორციელოს

„თბილისის მერიაში შემოსულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების ერთობლივი განცხადება, რომელსაც ასევე, ხელს აწერს მათი ხელმძღვანელი და თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი - მერაბ ბოლქვაძე. წარმოდგენილია ინიციატივა ხუდადოვის ტყის გაჯანსაღება-მოწესრიგებასთან დაკავშირებით და ახალგაზრდები გამოთქვამენ სურვილს, პროექტის კონცეპტუალურ გეგმარებაში ჩაერთონ. ეს პირადად ჩემთვის ძალიან ემოციური და სასიამოვნოა. ყოველთვის მივესალმებით მსგავს ინიციატივებს, განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო დღეების განმავლობაში, თბილისის მერიაში შედგება შეხვედრა, რომელსაც სტუდენტებიც დასწრებიან.

„ახალგაზრდებო, დედაქალაქის მერი, მერია გიდასტურებთ სრულ თანადგომას. ჩემი თხოვნა იქნება, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში შედგეს შეხვედრა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან და ასევე, ამ ახალგაზრდებთან. ქალაქს უნდა ვაჩუქოთ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი - ხუდადოვის ტყე-პარკის სახით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. კერძოდ, აღინიშნა, რომ დღეს მოსკოვის გამზირზე რეაბილიტირებული ვარძიის სკვერი იხსნება.

„სამგორის რაიონში, კიდევ ერთი კარგი პროექტი განვახორციელეთ. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მოსკოვის გამზირზე არსებული ვარძიის სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. ყველანაირად მოწესრიგდა ხე-მცენარეებით, დასასვენებელი სივრცეებით, ატრაქციონებით. დღეს საღამოს ადგილზე მივალთ და დავათვალიერებთ. ასევე, 19:00 საათზე ჩატარდება კონცერტი. მინდა, ადგილობრივი მცხოვრებლები დავპატიჟო. ძალიან მიხარია, რომ თბილისში ამდენი მწვანე სივრცე ეწყობა. მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტ რეკრეაციულ პროექტს განვახორციელებთ, რომლითაც ყველა იამაყებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სხდომის დასასრულს, თბილისის მერმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს სთხოვა, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის მიმართ უფრო მეტი ინტერესი გამოიჩინონ.

მისი თქმით, ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პირველი საპილოტე პროექტი შედგა, ტენდერი ჩატარებულია და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებაც გაფორმდა.

„ორი კვირის წინ მთავრობის სხდომაზე განვაცხადეთ, რომ პირველი საპილოტე ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროგრამა შედგა, ჩატარდა ტენდერი და გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე დაიდო. ერთი თვის განმავლობაში ავარიული კორპუსის დემონტაჟი განხორციელდება და სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, დასრულდება ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას გარემონტებულ ბინებს გადავცემთ. ამ ეტაპზე, ეს ოჯახები მუნიციპალიტეტის ხარჯზე, ქირით გვყავს გაყვანილი“, - განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი დამატებით 25-მდე ავარიული შენობის ჩანაცვლების პროექტს განიხილავს.

„მინდა, მოვუწოდო სამშენებლო კომპანიებს მეტი აქტიურობისკენ. როგორც იცით, მუნიციპალიტეტი ამ სამუშაოებს ერთჯერადად არ ახორციელებს. ეს არის მრავალწლიანი პროექტი, რომელიც ყოველწლიურად განხორციელდება. ასევე, მინდა, დავავალო ვიცე-მერს, თუ ვინმეს აქვს დამატებითი კითხვები აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, შეხვდეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. გვაქვს სურვილი, რომ მათ მეტად გამოხატონ ინტერესი პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით. გვესმის, რომ ეს ახალი პროდუქტია, მაგრამ ჩვენ საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს სამშენებლო სექტორთან, უშუალოდ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვატარებთ შეხვედრებს, რათა მათ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და ინტერესი მაღალი იყოს. ამ ეტაპზე, ერთი პროექტი გამოვიტანეთ და ტენდერი შედგა, თუმცა, მომდევნო ეტაპზე, როდესაც მასიურად დაიწყება პროექტების განხორციელება, საჭიროა უფრო მეტი სამშენებლო კომპანია. ამიტომ, ვთხოვთ სამშენებლო სექტორს, უფრო მეტი ჩართულობა გამოიჩინონ, რადგან უმნიშვნელოვანესი პროექტია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

28 სექტემბერი 2022