„წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელს“ თბილისი ოფიციალურად შეუერთდა

პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციისა (იუნესკო) და ვროცლავის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, „წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის“ წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მფლობელ ქალაქებს შორის „წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის“ დამაარსებელი დოკუმენტი ოფიციალურად გაფორმდა, რომელსაც თბილისიც შეუერთდა. ქსელის მიზანია, ლიტერატურის ხელშეწყობა, წიგნიერების პოპულარიზაცია და დარგის განვითარება.

მემორანდუმს თბილისის მხრიდან ხელი დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ მოაწერა, რომელმაც შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ვროცლავის მერიას, ვროცლავის ლიტერატურის სახლსა და იუნესკო-ს, „წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის“ წარმომადგენლების შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მსგავსი ტიპის შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქსელის განვითარებისთვის, საერთაშორისო ღონისძიებების დასაგეგმად და უფრო მჭიდრო კავშირების დასამყარებლად. თბილისმა მიმდინარე წლის 23 აპრილს ერთწლიან ლიტერატურულ დღესასწაულში მოგზაურობა დაასრულა და წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გვადალახარას გადასცა, თუმცა, მუნიციპალიტეტის მერია აქტიურადაა ჩართული და განაგრძობს თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას სხვადასხვა საშუალებით ლიტერატურისა და წიგნიერების ხელშეწყობისთვის. თბილისის მერია გახლავთ აქტიური მხარდამჭერი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის, ახორციელებს წიგნის გამოცემის თანადაფინანსების პროგრამას. ასევე, მკითხველთა და გამომცემელთა ხელშეწყობის მიზნით, კვლავ განახორციელებს იმ საუკეთესო პროექტებს, რომლებსაც სფეროს განვითარებისთვის განსაკუთრებული გამოხმაურება და ეფექტი ჰქონდათ. ასეთია მაგალითად, საბავშვო წიგნის ბაზრობა, რომელიც იუნესკო-ს პროექტის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაარსდა და წელსაც გაიმართება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურადაა ჩართული ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის პროექტში, სადაც მიმდინარე წელს იუნესკო-ს „წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელი“ პირველი სტენდით იქნება წარმოდგენილი.

„თბილისი აბსოლუტურად აცნობიერებს წიგნის დედაქალაქის დებულების მიზნებსა და ამოცანებს, რომ წიგნიერების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, ახალგაზრდების გაძლიერებისთვის, წიგნის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, რომ ერთობლივად განხორციელებულ პროექტებს დიდი ძალა აქვთ და ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ. შესაბამისად, შესაძლებლობების ფარგლებში, ყოველთვის მზად ვიქნებით, ქსელის გაძლიერების მხარდასაჭერად, ჩვენი რესურსების მაქსიმალურად გამოყენებისთვის. აქტიურად ვართ ჩართული ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის პროექტში, სადაც 2022 წელს იუნესკო-ს „წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელი“ პირველი სტენდით იქნება წარმოდგენილი და მას ძალიან ბევრი ადამიანი გაიცნობს“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

შეხვედრაზე ასევე, დაასახელეს „წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის“ თავმჯდომარე, რომლის ფუნქციასაც ერთი წლის ვადით, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი შეასრულებს.

23 სექტემბერი 2022