ვარკეთილის დასახლებაში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილის დასახლებაში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ, ორ ჰექტარზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი, კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„სამგორის რაიონში მორიგი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. კონკრეტულად, ეს არის აბაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ამ პროექტის ფარგლებში, მთლიანად რეაბილიტირდება ორი ჰა ტერიტორია - ხე-მცენარეებით, ველობილიკებით, ატრაქციონებით ბავშვებისთვის. ასევე, მოეწყობა შადრევანი, რეაბილიტირდება ორი მოედანი - ერთი საფეხბურთო და მეორე საკალათბურთო. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორი დამოკიდებულებაც რეკრეაციულ სივრცეებთან დაკავშირებით გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ადგილობრივი მოსახლეობა იქნება ძალიან კმაყოფილი - ახალგაზრდები, პატარები, რომელთაც ექნებათ შესაბამისი სივრცე დასვენებისა და გართობისთვის. მთავარია, შემდეგ მოვუაროთ აღნიშნულ სივრცეს და ვანდალიზმისგან დავიცვათ. ვფიქრობთ, რომ სამუშაოები ახალი წლისთვის დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტერიტორიაზე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების განახლება, საპარკე ინვენტარის განთავსება, გარე განათების სისტემის, საბავშვო მოედნების მოწყობა, ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და მოსასვენებელი პავილიონების მონტაჟი. ტერიტორია გამწვანდება - დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, დაითესება ბალახი და მოეწყობა სარწყავი სისტემა.

სამუშაოების ფარგლებში, მინი ფეხბურთის არსებულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და დამატებით, კალათბურთის მოედანი მოეწყობა. პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს.

22 ივნისი 2022