თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

დედაქალაქის მერი დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს უახლოეს მომავალში მიიღეს.

„მინდა, ვისაუბრო ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირდება. როგორც იცით, 23-24 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ევროსაბჭო მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით - ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, ეს მოხდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2012 წლის შემდეგ; შევძელით ვიზალიბერალიზაციის მიღება და დღეს საქართველოს მოქალაქეები ქართული პასპორტით თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპულ ქვეყნებში; შევძელით თავისუფალი ვაჭრობის პროექტის ხელმოწერა და მისი განხორციელება და ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. პირდაპირ ვიტყვი, პირადად მე, ველოდებოდი, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ამასაც აქვს თავისი ახსნა და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, არაფერია დასამალი, თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული: მაშინ, როდესაც საუბარი იყო სამ ქვეყანაზე - საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე. სამივე ქვეყანას ფაქტობრივად, ერთნაირი დათქმები აქვს, რაც უნდა გამოასწორონ, რაზეც უნდა იმუშაონ, თუმცა, ორ ქვეყანას მიანიჭეს სტატუსი და საქართველო დატოვეს სტატუსის გარეშე. ეს ძალიან სამწუხაროა და ვიცით, რატომ მოხდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა წინასწარი დათქმები შესრულდეს და ქვეყანამ სტატუსი მიიღოს.

„ყველაფერს მივიყვანთ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მივიღებთ სტატუსს. ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ვისმენთ განცხადებებს, რომ საქართველო არ არის საინტერესო ადგილზე. 30 წელია, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა, ეს საერთოდ საოცრებაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავითარ შემთხვევაში ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ჩვენი ქვეყანა იმ დიდი ოჯახის წევრი გახდეს, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. ჩვენ დღესაც, გუშინაც, გუშინწინაც ვიყავით ამ მიმართულებაზე და გვაქვს საერთო მიზანი, რასაც ჰქვია საქართველოს გაწევრიანება დიდ ევროპულ ოჯახში. ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს ამისთვის, ახლაც ვმუშაობთ ამ მნიშვნელოვან თემაზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა დასძინა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს დესტრუქციული ძალების მიერ დასახული მიზნების განხორციელებას, არავის მისცემს საშუალებას, საქართველოს განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და ვიწროპარტიული ინტერესებით ქვეყნის განვითარება შეაფერხოს.

კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„გუშინ კახა სამხარაძეს ჰქონდა გამოქვეყნებული სტატუსი სოციალური ქსელის თავის პირად გვერდზე. ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავაკეთე. ეს მისი პირადი სივრცეა. ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მე შეიძლება არ მომეწონა, ვიღაცას მოეწონა, ვიღაც უფრო მეტად გაბრაზდა, ვიღაც უფრო ნაკლებად, მაგრამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება პირად სივრცეში ხელშეუხებელია, თუმცა, ჩემი გუნდის წევრების მიმართ, ჩემი თხოვნა იქნება, გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა. მთავარი და უზენაესი არის ქვეყნის ინტერესები და მხოლოდ და მხოლოდ ამის შესაბამისად ვიმოქმედოთ. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ დამრიგებლის როლში გამოვდივარ. თქვენ ყველას გაქვთ თქვენი მოსაზრების გამოხატვის უფლება თქვენს პირად სივრცეში, თუმცა, ამავდროულად, კარგად გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, უამრავი მხარდამჭერი გვყავს და ეს პასუხისმგებლობა კარგად უნდა გავითვალისწინოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ დაიწყო. სტუდენტური ფესტივალის ღონისძიებებში საქართველოში მოქმედი 34 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს.

„ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება სპორტული აქტივობები. აგრეთვე, დღეს იწყება ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონკურსები. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ, როგორც დედაქალაქში არსებული, ისე რეგიონებში მოქმედი უნივერსიტეტები. ფესტივალის დასკვნითი ნაწილი გაიმართება ეთნოგრაფიულ მუზეუმში, 29 ივნისს, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებული უნივერსიტეტები, სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით. ძალიან საინტერესო ფესტივალია. ჩვენ ყოველთვის ხელს შევუწყობთ მსგავსი პროექტების განხორციელებას და მომავალში ახალგაზრდებს არაერთ საინტერესო პროგრამას შევთავაზებთ. ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ყოველწლიურად ჩატარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე უკვე 5 600 ახალგაზრდაა დარეგისტრირებული.

„მინდა, შევეხო კიდევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას - ახალგაზრდებისთვის განსახორციელებელ საზაფხულო პროგრამებს, რომელზე დასარეგისტრირებლად, შეიქმნა ვებგვერდი და ახალგაზრდებს მოვუწოდეთ ჩართულობისკენ. აქ არის სხვადასხვა სპორტული ღონისძიება. დღეის მდგომარეობით, 5 600 ახალგაზრდაა დარეგისტრირებული, რაც მისასალმებელია. განსაკუთრებით მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა ლაშქრობა და კემპინგის მიმართულება. პროგრამის ფარგლებში, საჯომარდო ტურები განხორციელდება. ეს პროექტი დაიწყება 30 ივნისიდან. პირველ ეტაპზე, დაიწყება ლაშქრობები, 8 ივლისიდან კი საჯომარდო ტურები, საცურაო აუზი, კარტინგი და ველოტურები. ახალგაზრდებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას მივესალმებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ უსახლკარო ოჯახების მუნიციპალური ფართებით დაკმაყოფილების პროგრამაზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას განაგრძობს.

„როგორც იცით, უსახლკაროს სტატუსით დღეს 400 ოჯახი სარგებლობს. მუნიციპალიტეტს ისინი ქირით ჰყავს გაყვანილი. დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად და ამ ადამიანებისთვის საცხოვრებელი ფართების შეძენა. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე შესყიდულია, ჯამში, 40 ბინა. ჩვენი დაპირებაა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, მთლიანად დაიხურება ეს თემა, არც ერთი უსახლკარო თბილისელი არ დარჩება მუნიციპალური საცხოვრისის გარეშე და ყველას გადაეცემა საცხოვრებელი ფართები. ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ და უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახი იქნება ბინებით დაკმაყოფილებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული სტატუსის მისაღებად, მოქალაქეებმა მათსავე რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ, სადაც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ვარკეთილის დასახლებაში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული პარკის რეაბილიტაცია იწყება.

„დაახლოებით, ორი ჰა ტერიტორიაზე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების განახლება, საპარკე ინვენტარის განთავსება, გარეგანათების სისტემის, საბავშვო მოედნების მოწყობა, ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და მოსასვენებელი პავილიონების მონტაჟი. ტერიტორია გამწვანდება - დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი. არსებულ მინი ფეხბურთის სტადიონს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. ასევე, დამატებით, კალათბურთის მოედანიც მოეწყობა. მალე დედაქალაქს კიდევ ერთი ლამაზი რეკრეაციული სივრცე შეემატება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. მისი თქმით, დედაქალაქის მერიამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან ადგილმონაცვლეობის შესახებ შეთანხმებას უკვე მიაღწია.

„როგორც იცით, შარშან ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოების შედეგად, ფერდიდან ჩამოიშალა ნაყარი მიწის მასა, რის გამოც, სამუშაოები შევაჩერეთ. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვაკის რაიონის გამგეობამ ფერდის ჩამოშლის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დროებით ქირით გაიყვანა. დღეს, ეს ოჯახები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში არიან დაბრუნებული. ამ სივრცეში, სადაც კორპუსი უნდა აშენებულიყო, მოსახლეობას დავპირდით, რომ რეკრეაციულ სივრცეს მოვაწყობდით და პირობას შევასრულებთ. დავიწყეთ მოლაპარაკებები მიწის ნაკვეთის მფლობელებთან. ჩვენი მხრიდან შევთავაზეთ, რომ მომხდარიყო ადგილმონაცვლეობა. მონაცვლეობის თემაზე შეთანხმება მიღწეულია და მალე ადგილობრივი მოსახლეობა ახალი, ლამაზი რეკრეაციული სივრცით ისარგებლებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ვაკის რაიონის გამგებელს, დავით კვინიკაძეს რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროექტზე მუშაობა დაავალა.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 24 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში დასუფთავების მასშტაბურ აქციას ჩაატარებს. ღონისძიების ფარგლებში, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორიები.

„ღონისძიების ფარგლებში, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორია, თამარაშვილის ქუჩისა და ახალი გზის დამაკავშირებელი გვირაბი, „მზიურის“ (რაგბის კავშირთან) მიმდებარე ტერიტორია, ფერდობი წყნეთის ქუჩაზე, მდინარე ვერეს სანაპირო ზოლი. ზოგადად, ქალაქის დანაგვიანება ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ხდება მდინარის კალაპოტში სამშენებლო ნარჩენების გადაყრა და ეს კატეგორიულად მიუღებელია. მხოლოდ „თბილსერვისის“ თანამშრომლები და გაწმენდითი სამუშაოები ამას ვერ შეაჩერებს. აქ საჭიროა ჩვენი, ყველას ჩართულობა და გონივრულობა, რომ არ მოხდეს სამშენებლო ნაგვის გადაყრა ხევში, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს და შემდეგ, ამ სამუშაოების ჩატარება გვიწევს. სამუშაოების ჩატარება პრობლემა არ არის, პრობლემაა ნარჩენების გადაყრა მდინარის ხევში დაბინძურების თვალსაზრისით. ჩვენ ყველა უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება და 25-26 ივნისს, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე პარკში საესტრადო შემსრულებლებისა და მუსიკალური ბენდების კონცერტები გაიმართება. მუსიკალური საღამოები 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.

„ვაგრძელებთ პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, უქმე დღეებში დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მუსიკალური საღამოები იმართება. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს პროექტი და უამრავი ადამიანი ესწრება, რაც სასიამოვნოა. ამჯერად, 25 და 26 ივნისს, დედაქალაქის მერია გლდანში გეპატიჟებათ საკონცერტო საღამოზე, სადაც თქვენს განწყობაზე საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ. ღონისძიებები გაიმართება გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე პარკში (N7 და N20 კორპუსებს შორის). დასაწყისი 19:00 საათზეა. კონცერტებზე დასწრება თავისუფალია. შეგიძლიათ მობრძანდეთ, ისიამოვნოთ, გაერთოთ და დაისვენოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

საუბრის დასასრულს, დედაქალაქის მერმა საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი - ცისნამ დილებაშვილი წარუდგინა.

„მინდა, საზოგადოებას ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ გამორჩეულ თანამშრომელზე ვუამბო. ცისნამ დილებაშვილი თბილისის ეპიდსამსახურში უკვე 30 წელია მუშაობს. ამჟამად, ქალბატონი ცისნამი „თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალურ ცენტრს“ უდგას სათავეში. მან კოლეგებთან ერთად, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების რთული პერიოდი გაიარა, რაც საქართველოს ვაქცინებით მომარაგების შეწყვეტის გამო, უმძიმესი ინფექციური დაავადებების ეპიდემიის სახით გავრცელებას უკავშირდებოდა. იგი ჩართული იყო გაერო-ს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის, საერთაშორისო განვითარების პარტნიორების მიერ ჯანმრთელობის დაცვის, ინფექციური დაავადებების აღმოცენებისა და მისი გავრცელების საწინააღმდეგოდ გასატარებელი ღონისძიებების გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში. გავლილი აქვს ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის საუნივერსიტეტო სწავლების კურსი. ქალბატონი ცისნამი მონაწილეობდა ბავშვთა და მოზრდილთა მასობრივი იმუნიზაციის დანერგვაში, ორგანიზებასა და წარმოებაში და სპეციალური ჯილდო აქვს მიღებული, როგორც პოლიომიელიტის აღმოფხვრის პროცესში ჩართულ ექიმ-ეპიდემიოლოგს; იყო ე.წ. საკარანტინე ინფექციებზე პასუხისმგებელი ეპიდემიოლოგი, მონაწილეობდა ქოლერის შემთხვევების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებში, B ჰეპატიტის და სხვა მძიმე ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო აცრების დანერგვაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ცისნამ დილებაშვილს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

22 ივნისი 2022