თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა დამტკიცებულია. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს.

კახა კალაძემ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა და საზოგადოებას არჩევნებში მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„დღეს აქ, თბილისის საკრებულოს შენობაში ვიმყოფებით ადამიანები, ვისაც თბილისელებმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენი ქალაქის მართვა გვანდეს. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი ამისთვის მადლობას თითოეულ თბილისელს, ჩვენი გუნდის მიმართ გამოხატული ნდობისთვის, იმისთვის, რომ მოგვცეს შესაძლებლობა, ვიზრუნოთ თბილისზე და ერთად შევქმნათ ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავალი. მადლობა მინდა ასევე, გადავუხადო კონკრეტულად იმ ადამიანებს, ვინც ჩართული იყო ჩვენს საარჩევნო კამპანიაში და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გამარჯვებისთვის მიგვეღწია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მმართველი ძალის თუ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი ვალდებულია, თბილისის საკეთილდღეოდ მაქსიმალურად დაიხარჯოს.

„მადლობა ეკუთვნით იმ ადამიანებსაც, ვინც საკუთარი ქალაქის წინაშე პირნათლად მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი, მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, თუნდაც არა ჩვენი, არამედ ჩვენი ოპონენტების სასარგებლოდ, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და საგნობრივი ოპონირება, პოლიტიკური პლურალიზმი მხოლოდ გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისა და ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის. მითუმეტეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთ თბილისის, ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქალაქის საკრებულოზე და თითოეული ჩვენგანი, მმართველი ძალის, თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, განურჩევლად საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებისა, უბრალოდ ვალდებული ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ და მაქსიმალურად დავიხარჯოთ თბილისის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ვიცე-მერი კვლავ ირაკლი ხმალაძე იქნება, ხოლო დედაქალაქის მერის მოადგილეების თანამდებობას ირაკლი ბენდელიანი, ილია ელოშვილი და ანდრია ბასილაია დაიკავებენ.

მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებს უხელმძღვანელებენ: თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი - ვლადიმერ ჭიღლაძე; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის   უფროსი - გიგა გიგაშვილი; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - ვახტანგ ლომჯარია; თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი - კახაბერ გულედანი; ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი აბუთიძე; იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი - სერგო ბირკაძე; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი - ირაკლი გვილავა; საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი - გაიოზ თალაკვაძე; მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი პაპავა; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი - გელა ჩივიაშვილი; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი - ნიკოლოზ ჭონქაძე.

რაც შეეხება თბილისის რაიონების გამგებლებს, ჩუღურეთის რაიონს დავით უთმელიძე, დიდუბის რაიონს ვლადიმერ ძნელაძე, გლდანის რაიონს ლევან ნაროუშვილი, ვაკის რაიონს დავით კვინიკაძე, ხოლო ისნის რაიონს ნიკა ელისაშვილი უხელმძღვანელებს. კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მთაწმინდის - დავით კირკიტაძე, ნაძალადევის - ირაკლი ანდღულაძე, საბურთალოს - გაიოზ ვასაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კი, კახა სამხარაძე იქნება.

07 დეკემბერი 2021