თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის შუალედური პროექტი თბილისის საკრებულოს უკვე წარედგინა, რომლის მიხედვითაც, საბიუჯეტო ნაწილი მილიარდ 200 მილიონისგან შედგება, ხოლო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული გრანტების ფარგლებში, დაახლოებით, 230 მლნ ლარია განსაზღვრული. ჯამურად კი, ამ ეტაპზე, შუალედური ბიუჯეტი მილიარდ 430 მლნ-ზეა წარდგენილი.

„ჩვენი საარჩევნო პროგრამის შესრულების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, ყველამ კარგად იცის, რომ მუნიციპალური ბიუჯეტია, რაზეც საარჩევნო პროგრამის ფარგლებშიც მისაუბრია. ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა მომდევნო წლების განმავლობაში, მილიარდ 700 მილიონ ლარს მიაღწიოს. როდესაც 2017 წელს ქალაქის მთავრობაში მოვედით, 820 მლნ-დან ავედით მილიარდ 200 მლნ-ზე, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, იმიტომ, რომ გაზრდილი ბიუჯეტი გვაძლევს შესაძლებლობას, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით, უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ და უფრო მეტი თანადგომა გამოვუცხადოთ იმ ოჯახებს, რომელთაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ცენტრალურ ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„კანონმდებლობიდან გამომდინარე, შუალედური პროექტი უკვე წარვუდგინეთ საკრებულოს, რომლის მიხედვითაც, საბიუჯეტო ნაწილი შედგება მილიარდ 200 მლნ-სგან, ხოლო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული გრანტების ფარგლებში, დაახლოებით, 230 მლნ ლარია განსაზღვრული. ჯამურად, ამ ეტაპზე, შუალედური ბიუჯეტი არის მილიარდ 430 მლნ-ზე წარდგენილი. ეს არის შუალედური ბიუჯეტი და არა საბოლოო. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან. რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთანაც. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. გვექნება შესაძლებლობა, დედაქალაქის ბიუჯეტმა სპეცტრანსფერით, დამატებითი თანხები მიიღოს, რათა შევძლოთ იმ პროექტების განხორციელება, რაზეც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, თბილისელებს ვესაუბრებოდი. საბოლოო ბიუჯეტთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში გვექნება გადაწყვეტილება და ზუსტი ციფრი გვეცოდინება. დღეს რაც არის წარდგენილი საკრებულოში, ეს არის შუალედური ბიუჯეტი. მას შემდეგ, რაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან განხილვას და მოლაპარაკებას დავასრულებთ, დამატებითი სახსრების მობილიზების შესახებ გვეცოდინება და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს საზოგადოებას ინფორმაციის სახით მივაწვდით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.  

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ ინდივიდუალური საცხოვრებლების მშენებლობის ნებართვის მფლობელებისთვის სამშენებლო პროცედურები გამარტივდება. კერძოდ, მოიხსნა საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება, ხოლო უკვე დაჯარიმებულ ნებართვის მფლობელებს, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ, ჯარიმა გაუუქმდათ.

„პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამარტივებს სამშენებლო პროცედურებს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის. კერძოდ, მოიხსნა საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება. რაც შეეხება არაინდივიდუალურ სახლებს, ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმების წარუდგენლობაზე პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ 2022 წლის პირველ იანვრამდე, თუმცა, მათ დარჩათ ვალდებულება, საეტაპო ოქმები და საჭიროების შემთხვევაში, დასკვნები წარადგინონ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით, მოქალაქეებისთვის შემცირდება ბიუროკრატიული პროცედურები და ფინანსური ხარჯი, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამშენებლო პროცესის კონტროლი შესუსტდება.

„ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალური სახლების მშენებლობის პროცესის კონტროლი სუსტდება. მშენებლობის ნებართვის მფლობელმა სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადებას თან უნდა დაურთოს შეფასება ობიექტის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შესახებ. ცვლილებების მიზანია, მოქალაქეებს ავარიდოთ ბუნდოვანება და შევამციროთ ბიუროკრატიული პროცედურები, ასევე, ავარიდოთ ფინანსური ხარჯი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აქვე, საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე რეკრეაციული სივრცეების მოწყობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ისნის რაიონის გამგეობამ კიდევ ერთი პროექტი დაასრულა. კერძოდ, არტურ ლაისტის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე, თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული მოედანი და ველობილიკი მოეწყო.

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია ორი საბავშვო მოედანი, ცხოველებისთვის განკუთვნილი სივრცე და ფანჩატური. სამუშაოების ფარგლებში, დაირგო ხეები, მოეწყო სარწყავი სისტემა და საფეხმავლო ბილიკები. დამონტაჟდა ლედ განათების სისტემაც.

„რეკრეაციული სივრცეების არსებობა დედაქალაქში ძალიან მნიშვნელოვანია. 2017 წლიდან დღემდე ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ პარკების, სკვერების სახით, თუმცა, ბევრჯერ მისაუბრია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თბილისს აქვს ძალიან დიდი რესურსი ამ მიმართულებით და მომდევნო წლიდან ერთ-ერთი პრიორიტეტი პარკების, სკვერების განახლება, რეკრეაციული სივრცეების შექმნა იქნება. პროექტის განხორციელებისთვის ერთ მლნ ლარზე ოდნავ მეტი დაიხარჯა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ისნის რაიონის გამგეობას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რეკრეაციული სივრცეების პროექტების განხორციელებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ 20 ნოემბრიდან თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ახალი მიკროავტობუსების მარშრუტები ემატება. ახალი მარშრუტები ძირითადად ისეთ უბნებში ინიშნება, სადაც ტრანსპორტის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იდგა.

„როგორც იცით, დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება და მოწესრიგება. ჩემი დაპირება იყო, რომ წლის ბოლოსთვის მიკროავტობუსების პარკიც იქნებოდა განახლებული. ჩვენ ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებთ. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ახალ მარშრუტებთან დაკავშირებით, რომელიც ემატება იმ რაიონებს, უბნებსა და ქუჩებს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. კერძოდ, N421, N441, N443, N446. ეს იქნება მეტროსადგურ „გურამიშვილიდან“ ზღვისუბანთან დამაკავშირებელი, სოფელი დიღმიდან საბურთალოსა და მთაწმინდის რაიონებთან დამაკავშირებელი, ასევე, სოფელ დიღმიდან სოფელ დიდგორსა და თელოვანთან დამაკავშირებელი მარშრუტები. როგორც გუშინ ვთქვი, ახლად რეაბილიტირებულ ინგუშეთისა და მაისურაძის ქუჩებზე ინიშნება მარშრუტი, რომელიც ამ ქუჩებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ დააკავშირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, მარშრუტები N454 და N494 ჩაანაცვლებს აქამდე არსებულ N54 და N104 მარშრუტებს.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ყველა მარშრუტზე იმოძრავებს ახალი, ლურჯი ფერის მიკროავტობუსები, წლის ბოლოსთვის კი მიკროავტობუსების პრობლემა მოხსნილი იქნება. 

„არც ერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი აღარ იმოძრავებს დედაქალაქში. იქნება განახლებული, მოწესრიგებული მიკროავტობუსები, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება. გარდა ამისა, იანვრიდან შემოგვაქვს სიახლეები, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებას ინფორმაციას მოგვიანებით მივაწოდებთ. ასევე, იქნება ინტეგრირებული ტარიფი. როგორც იცით, მეტროს ბილეთის ყიდვის შემთხვევაში, საათნახევრის განმავლობაში, ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ავტობუსით, მიკროავტობუსით, გადასახადის გარეშე. ეს დღევანდელი მოცემულობით, ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებში არ ვრცელდება, თუმცა მომავალი წლიდან ამ ინტეგრირებული ტარიფის გამოყენება ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საახალწლო სამზადისზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თბილისში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად, სამი ტენდერი გამოცხადდა.

„წელს საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად სამი ტენდერი გამოვაცხადეთ. მათ შორის, ორი საახალწლო აქსესუარებისა და განათებების, ხოლო ერთი - საახალწლო თემატიკის დეკორატიული მატარებლის შესყიდვას ემსახურება. სამივე ტენდერის ღირებულებაა 207 000 ლარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, არცერთი ტენდერი დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლების ან შეცვლის მიზნით არ გამოცხადებულა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არცერთი ტენდერი არ გამოცხადებულა დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლების ან შეცვლის მიზნით, რაც ე.წ. კრიტიკულმა მედიამ გაავრცელა. ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და კიდევ ერთი მცდელობა, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეეძლებათ, დედაქალაქში სხვადასხვა ადგილი საახალწლოდ მორთონ.

„მინდა, მივმართო ბიზნესსექტორს. მათგან ბევრი წერილი შემოვიდა, რაც კონკრეტული ადგილების გალამაზებას ეხება. ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ. მოგიწოდებთ, იაქტიუროთ და ერთად მოვრთოთ ჩვენი ქალაქი. მადლობა წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრობლობისთვის. აღნიშნულ ტენდენციას ამ ახალ წელსაც განვაგრძობთ. ადგილობრივ მცხოვრებლებსაც და ჩამოსულ სტუმრებსაც შევუქმნით საახალწლო განწყობას. მოგვიანებით გაგაცნობთ დამატებით ინფორმაციას, თუ სად მოეწყობა საახალწლო სოფელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კულტურული სიახლეების, მათ შორის, თბილისის მიერ კულტურის დარგში მოპოვებული საერთაშორისო სტატუსის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, თბილისი კრეატიული ქალაქების ქსელის (Creative Cities Network) წევრი გახდა.

„პირველ რიგში, გილოცავთ ყველას, რომ თბილისმა კულტურის დარგში კიდევ ერთი საერთაშორისო სტატუსი მოიპოვა და იუნესკო-ში წარდგენილი განაცხადის განხილვის შედეგად, თბილისი კრეატიული ქალაქების ქსელის (Creative Cities Network) წევრი გახდა. ეს სტატუსი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მედიახელოვნების განვითარებასა და ერთჯერადი თუ გრძელვადიანი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს, რაც დარგის განვითარებას და პოპულარიზაციას უწყობს ხელს. 10 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომლის ფარგლებში, 20 ნოემბერს, დედაქალაქს კიდევ ერთხელ ეწვევა მისი საპატიო მოქალაქე მიხეილ ბარიშნიკოვი. ფესტივალის ფარგლებში, მაყურებელი ნახავს მის მხატვრულ ინსტალაციას, ფილმს „არც ერთხელ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე საუბრის დროს გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კვირეულის ჩატარების შესახებაც განაცხადა.

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კვირეული ჩატარდება. 17 ნოემბერს, 18:00 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით, ახალი ექსპოზიცია გაიხსნება. თქვენ იცით, რომ დღეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. გარდა ამისა, 20 ნოემბერს, 19:00 საათიდან, გუდიაშვილის სკვერში, საიუბილეო საღამო გაიმართება, რომელიც სტუმრებს გალაკტიონის შემოქმედებას, როგორც ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის შთაგონების წყაროს გააცნობს. დიდი მადლობა ანდრია ბასილაიას. ამ ღონისძიებების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა და ამ ღონისძიებებს დაესწრონ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ყოფილ გამგებლებს, რომლებიც მუშაობას დედაქალაქის საკრებულოში განაგრძობენ, ახალ თანამდებობებზე წარმატებები უსურვა და მათ გამგებლობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღევანდელ სხდომას ესწრებიან გამგებლები, მათ შორის, უკვე ყოფილი გამგებლები, რომლებიც მუშაობას საკრებულოში განაგრძობენ. მინდა, მათ წარმატება ვუსურვო და მადლობა გადავუხადო თავიანთი საქმიანობისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ის ოთხი წელი, რაც ჩვენ თბილისელებთან ერთად, ყველა რაიონში, უბანსა და ქუჩაზე გავაკეთეთ. საზოგადოებამ მადლიერების ნიშნად, არჩევნებში მხარი დაგიჭირათ და მოგცათ შესაძლებლობა, რომ იყოთ მათი ღირსეული წარმომადგენლები საკრებულოში. დარწმუნებული ვარ, მომდევნო ოთხი წელი კიდევ უფრო ეფექტური იქნება, კიდევ უფრო ბევრ და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. კიდევ უფრო მეტი თანადგომა იქნება იმ ოჯახების მიმართ, ვისაც დღეს ჩვენი გვერდში დგომა ყველაზე მეტად ესაჭიროება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე, მიმართა იმ გამგებლებს, რომლებიც მომდევნო ოთხი წელი კვლავ რაიონული გამგეობების ხელმძღვანელობას განაგრძობენ და აღნიშნა, რომ ყველა გამგებელი პასუხისმგებელია, როგორც უშუალოდ მერის, ასევე, თითოეული მოქალაქის წინაშე.

კახა კალაძის თქმით, აუცილებელია მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია და როდესაც ამა თუ იმ შეტყობინებაზე არ იქნება სწრაფი რეაგირება, პასუხს კონკრეტულ თანამშრომელთან ერთად, გამგებლებიც აგებენ.

„რაც შეეხება იმ გამგებლებს, ვინც თქვენს რაიონებში მუშაობას განაგრძობთ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო ოთხი წელი, რადგან საზოგადოება ჩვენგან კიდევ უფრო მეტს ელოდება. განსაკუთრებული კომუნიკაცია უნდა გქონდეთ თქვენს რაიონში მცხოვრებლებთან, არ უნდა იყოს ბარიერები, თუნდაც გამგებლებთან შეხვედრასთან ან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით. აუცილებელი და სწრაფი რეაგირება უნდა იყოს შემოსულ ზარებზე. იყო გარკვეული შემთხვევები, რომ პარკებში ზიანდებოდა ატრაქციონები, შემოდიოდა შეტყობინება და ამაზე არ იყო მკაცრი რეაგირება. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. არამხოლოდ ის კონკრეტული თანამშრომელი, ვინც დროული რეაგირება არ მოახდინა, არამედ გამგებლები აგებთ პასუხს და დატოვებთ თქვენს თანამდებობას. ეს ყველამ გაითავისეთ, რომ როდესაც ამა თუ იმ შეტყობინებაზე არ იქნება რეაგირება, პასუხს გამგებლები აგებთ. თქვენ ხართ პასუხისმგებლები ჩემთან და თბილისელებთან მიმართებაში, ხოლო თქვენი თანამშრომელი რომ უპასუხისმგებლოდ იქცევა, ესეც თქვენი პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ქალაქს განსაკუთრებული ყურადღება და გაათმაგებული ენერგიით ზრუნვა სჭირდება.

„ისე დაალაგეთ თემა, რომ ამაზე არ მოგვიწიოს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. არავის მოვერიდებით. ჩვენთვის მთავარია დედაქალაქის მოსახლეობა. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღებით, გაათმაგებული ენერგიითა და ენთუზიაზმით მივხედოთ ამ ქალაქს, რომელიც საზოგადოებამ ჩვენ გვანდო. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი. ვაკეთოთ საქმე, საქმე და საქმე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

17 ნოემბერი 2021