თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

როგორც მან აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს.

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც პროცესებში პირველივე დღიდან იყო ჩართული და მაქსიმალურად მხარს გვიჭერდა, ჰქონდათ სურვილი, რომ მიგვეღწია წარმატებისთვის. სამწუხაროდ, პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, თუმცა ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის. წინ მეორე ტური გველოდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ დედაქალაქის საკრებულოში 29 დეპუტატი ეყოლება, რაც მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას არ შეაფერხებს.

„2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამასთან ერთად, ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი. ამომრჩევლის 47%-მა პრაქტიკულად, ყოველმა მეორე მოქალაქემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ. თბილისის საკრებულოშიც ჩვენი გუნდი უმრავლესობით, 29 წევრით იქნება წარმოდგენილი. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები და არ შევაფერხოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქალაქს. ეს არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. დარწმუნებული ვარ, არჩევანს ქაოსსა და განვითარებას შორის ამჯერადაც, თბილისელები განვითარების სასარგებლოდ გააკეთებენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, მოწესრიგდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

„მოგეხსენებათ, მთელმა წინასაარჩევნო კამპანიამ ისე ჩაიარა, რომ დედაქალაქის განვითარებისთვის ყოველდღიური მუშაობა ერთი წუთითაც კი არ შეჩერებულა. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის დასრულებასაც მოსახლეობა ელოდებოდა, დასრულებულია. ამ ოთხი წლის განმავლობაში, მე და ჩემმა გუნდმა მყარი ფუნდამენტი ჩავდეთ იმისთვის, რომ ქალაქის განვითარება, აღმშენებლობა უპრობლემოდ მოხდეს. თბილისელები ხედავენ, რამხელა შრომა ჩაიდო იმაში, რომ დღეს თუნდაც, მოწესრიგებული, სუფთა ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. კიდევ რამდენიმე ტენდერი უნდა დასრულდეს, რამდენიმე უნდა გამოცხადდეს და თბილისს გარანტირებულად ექნება მოწესრიგებული, ყველანაირად განვითარებული მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, ქალაქში მასშტაბური რეაბილიტაციის პროცესი არ შეჩერებულა, ბევრი დასახლება მოწესრიგდა, რისთვისაც მოსახლეობა მადლიერია.

„სანამ ოპოზიცია და მათი სატელიტი მედიასაშუალებები უსაფუძვლო თითის გაშვერით იყვნენ დაკავებული, შევძელით და 1 000-ზე მეტი ქუჩა მოვაწესრიგეთ, მათ შორის ისეთები, სადაც წინა ხელისუფლებას არათუ რამე გაუკეთებია, არც კი შეუვლია. ამავე დროს, არ მავიწყდება, რომ თბილისში რჩება ქუჩები, რომელთა მოწესრიგება ჯერ კიდევ ვერ შევძელით და ამ მიმართულებით, არსებობს გამოწვევები. დიახ, ოთხ წელიწადში ყველა პრობლემას ვერ გავწვდით, მაგრამ თავადაც ხედავთ, რომ ქალაქში მასშტაბური რეაბილიტაციის პროცესი ერთი წუთითაც არ გაჩერებულა, არ გადაგვიდია მოსახლეობის ინტერესები გვერდით. ბევრი დასახლება მოწესრიგდა და ვგრძნობ ამ ხალხის მადლიერებას, რაც ყველაზე მეტად დასაფასებელია ჩემთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ყურადღება კოოპერატიული ბინათმშენებლობებითა და დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ ამ მიმართულებითაც, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

„შევეჭიდეთ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულების, დაუსრულებელი მშენებლობების და დაუკანონებელი ფართების წლობით მოუგვარებელ პრობლემებს, მძიმე მემკვიდრეობას, რაც წინა ხელისუფლების მმართველობამ დაგვიტოვა და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც შედეგს მიაღწია. დავიწყეთ საქმე, რომელმაც ათასობით ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ამის პარალელურად, დავიხსენით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში ათეულობით უკანონოდ გასხვისებული მუნიციპალური ტერიტორია, რეკრეაციული სივრცეები, სადაც სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაო უნდა განხორციელებულიყო და დღეს ამ ტერიტორიებზე პარკები და სკვერები ეწყობა. ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სხვა პროექტებთან ერთად, დედაქალაქში მოწესრიგდა არაერთი რეკრეაციული სივრცე და აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღები.

„უამრავი მიგდებული, მოუწესრიგებელი რეკრეაციული სივრცე აღვადგინეთ და დავუბრუნეთ თავისი ფუნქცია. პირველ რიგში, ბავშვებს, ჩვენს მომავალ თაობას დავუბრუნეთ ისინი. სწორედ ჩვენი შვილებისთვის, ოთხი წლის განმავლობაში არ გაჩერებულა ბაგა-ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია. 4 ოქტომბერს ბავშვების უმრავლესობა წავიდა ისეთ ბაღებში, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება არცერთი ევროპული ქვეყნის ბაღს კეთილმოწყობის, უსაფრთხოების თუ აღჭურვილობის თვალსაზრისით. კიდევ რამდენი რამ გვეთქმის, რაც ნებისმიერი ქალაქის მერმა უნდა გააკეთოს, თუ ის გულწრფელად იღებს ვალდებულებას ქალაქის მართვაზე. ამისთვის არ ვითხოვ მადლობას, ეს ჩემი და ჩემი გუნდის მოვალეობა იყო ამ წლების განმავლობაში, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ გაუკეთებელსა და გაკეთებულს შორის, დანგრეულსა და აღდგენილს შორის, განვითარებაზე ორიენტირებასა და რევანშზე ორიენტირებას შორის, მომავლის პერსპექტივასა და წარსულში დაბრუნებას შორის არცერთი მოქალაქე არ დასვამს ტოლობის ნიშანს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე მზადაა, კიდევ ერთხელ აიღოს პასუხისმგებლობა თბილისის წინაშე და მის საკეთილდღეოდ, არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელოს.

„სწორედ იმ დაწყებული და გასაგრძელებელი პროექტების გამო, იმ დაგეგმილი და ბოლომდე მისაყვანი საქმეების გამო, რომლითაც ბევრი მოქალაქის გული გავახარეთ; თითოეული თქვენგანის გამო, ვისაც კახა კალაძე, ჩემი გუნდი ეიმედება, მზად ვარ, კიდევ ერთხელ ავიღო პასუხისმგებლობა თბილისის წინაშე. დარწმუნებული ვარ, თქვენი მხრიდან იქნება თანადგომა და მხარდაჭერა, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში, ერთად ვაკეთებდით იმ პოზიტიურ საქმეებს, რომელიც ჩვენს დედაქალაქს სჭირდებოდა. მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი ურთიერთობა და დამოკიდებულება, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. დღეს ყველაზე მეტად, რაც სჭირდება თბილისს და ჩვენს ქვეყანას, ეს არის მშვიდობა, სიმშვიდე, სტაბილურობა და ყველაზე მთავარი - ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა. ზუსტად ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ამას აუცილებლად გააკეთებს იმ კონკრეტული პროექტების განხორციელებით, რომელზეც მთელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვსაუბრობდი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ყურადღება თბილისის მერიის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად შემუშავებულ პროგრამაზეც გაამახვილა, რომელიც 2022 წლიდან ამოქმედდება და სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს.

„შევიმუშავეთ ბიზნესის მხარდამჭერი რიგი ღონისძიებები. კერძოდ, მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეებს გავათავისუფლებთ 2021-2022 წლებში გადასახდელი საიჯარო გადასახადისგან. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის შედეგად მათი ეკონომიკური აქტივობა შემცირდა, საიჯარო ვადების კორექტირებას ვთავაზობთ ორი წლით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირი წესით, ორი წლით გავუხანგრძლივებთ საიჯარო ვადებს. ასევე, იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში გაუვიდათ ან გასდით საიჯარო ხელშეკრულების ვადა მუნიციპალიტეტთან ან მუნიციპალურ საწარმოებთან, შევთავაზებთ ამ საიჯარო უფლების ორი წლით აღდგენას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ტურისტული ობიექტები გათავისუფლდებიან დასუფთავების მოსაკრებლისგან.

„ამავე პერიოდში, საიჯარო ხელშეკრულების გადასახადის პირგასამტეხლოების ჩამოწერა მოხდება. ტურისტული ობიექტები - რესტორნები, სასტუმროები და სხვები, ერთჯერადად გათავისუფლდებიან დასუფთავების მოსაკრებლისგან. პანდემიის შედეგად, მნიშვნელოვნად დაზარალდა ეკონომიკური სექტორი, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესი. მათ უკან უამრავი ოჯახი და ადამიანი დგას. ამიტომ, მნიშვნელოვანია მათი მხარდასაჭერი ღონისძიებების გაგრძელება. ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა პროექტის სახით უკვე გაგზავნილია თბილისის საკრებულოში და იმედი მაქვს საკრებულოს უმრავლესობის მხარდაჭერის. ვფიქრობ, ეს იქნება ერთგვარი ხელშეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მისამართზე მცხოვრებ 66 ოჯახს, რომლებსაც წლების განმავლობაში ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებლები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემათ.

„ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც 2017 წელს დავდეთ პირობა, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით, ისევე, როგორც სხვა ბევრი პრობლემა მოვაგვარეთ და დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება. ფართებით უკვე დაკმაყოფილებულია 2 000-ზე მეტი ოჯახი, დღეს კი გვინდა, საცხოვრებელი ბინები სიმბოლურ ფასად 66 ოჯახს გადავცეთ. მათ გადაეცემათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. მათგან 63 ოჯახი ნაძალადევში ცხოვრობს, ხოლო სამი - მთაწმინდაზე. ვულოცავ ამ ოჯახებს, მინდა, ყველას წარმატებები და სიხარული ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა ამავე პრობლემის მქონე მოქალაქეებს მოუწოდა, თავიანთი რაიონების გამგეობებს მიმართონ, სადაც დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოკუმენტაციაა საჭირო საცხოვრებელი ფართების დასაკანონებლად.  

დედაქალაქის მერმა საბავშვო ბაღებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში უკვე 186 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს. რამდენიმე დღის წინ, მუხიანის პირველ მიკრორაიონში გაიხსნა ახლადაშენებული N104 ბაგა-ბაღი, რომელსაც 270 ბავშვის მიღების შესაძლებლობა აქვს.

„2018 წლიდან დღემდე, თბილისში აშენდა და გაიხსნა 18 საბავშვო ბაღი, რომელიც ყველანაირ ევროპულ სტანდარტს შეესაბამება და შეგიძლიათ ნახოთ, როგორი გემოვნებით და ხარისხით არის ეს პროექტები განხორციელებული. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღის ათ ავარიულ შენობას. ამჟამად, მიმდინარეობს 11 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელთაგან სამი ავარიული შენობების ნაცვლად შენდება. მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება გამაგრება-რეკონსტრუქციის კიდევ ერთი პროექტი 89-ე ბაგა-ბაღში, რომელიც გლდანის ა მიკრორაიონში მდებარეობს. ამჟამად, მიმდინარეობს ორი საბავშვო ბაღის შენობის გამაგრება-რეკონსტრუქციის პროცესი, რომელთაგან ერთი - 155-ე ბაღი წლის ბოლომდე დასრულდება და ალტერნატიულ ფართში გადასული ბავშვები განახლებულ ბაღს დაუბრუნდებიან“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, წელს, ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებული იყო 13 მლნ ლარზე მეტი, ხოლო მომავალ წელს ბიუჯეტი გაიზრდება და 19 მლნ ლარი გამოიყოფა.

მისივე განმარტებით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის აღდგენამდე, ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტების 10 სახეობა 60 000-მდე აღსაზრდელის ოჯახს დაურიგდა.

დედაქალაქის მერმა პროდუქტების დარიგების პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისთვის მადლობა გადაუხადა, როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, ასევე, ბაგა-ბაღების თანამშრომლებს.

06 ოქტომბერი 2021