თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საზოგადოებას თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში კიდევ ერთხელ გააცნო.

როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტმა მოსახლეობას ექვსი კვირის განმავლობაში, ყველა ის საკითხი და პროექტი წარუდგინა, რომლის განხორციელებაც ბოლო წლების განმავლობაში მოხერხდა.

„ნამდვილად შთამბეჭდავია ყველა ის პროექტი და სამუშაო, რომელიც გაკეთდა, თუმცა ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, რომელსაც მომდევნო წლების განმავლობაში სჭირდება შრომა, მუშაობა, რათა მათ ღირსეული პასუხი ჰქონდეთ. კიდევ მინდა გავიმეორო, რომ პანდემიის მიუხედავად, საკმაოდ მაღალი აქტივობა გვქონდა ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, დავიწყეთ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის სხვადასხვა სახის პროგრამა, რომლითაც ძალიან ბევრმა მცირე და საშუალო ბიზნესმა ისარგებლა; შექმენით მსხვილი საინვესტიციო პროექტები და მათი განხორციელება დღეს უკვე სხვადასხვა ეტაპზეა. ჩვენი მიზანია, მუნიციპალურ პროექტებში ბიზნესის ჩართვა მოვახერხოთ, მათი აქტივობის ზრდა, მათი შესაძლებლობებისა და გამოცდილების გამოყენება მოხერხდეს ქალაქის საჭიროებებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკის სექტორს პანდემიის გამო, მძიმე ორწლიანი პერიოდი ჰქონდა.

„ზოგადად, ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში, ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. მთელი მსოფლიო და არა მხოლოდ საქართველო, დღესაც ებრძვის ამ უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია. შესაბამისად, გარკვეული პრიორიტეტების გადანაწილება მოგვიწია. ძალიან ამბიციური, მასშტაბური გეგმები გვქონდა, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამ პროექტების გადადება მოგვიწია. ასევე, მინდა, აღვნიშნო მართვის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯები: მუნიციპალური სერვისცენტრების რეაბილიტაცია და ადაპტირება შშმ სტანდარტებთან, მათი ცენტრალიზება, ვებპლატფორმების შექმნა, რითაც მნიშვნელოვნად გავზარდეთ ხელმისაწვდომობა ჩვენს სერვისებზე. წლების განმავლობაში, ადამიანებს უწევდათ მხოლოდ დედაქალაქის მერიაში მოსვლა და განცხადების დაწერა. ამჟამად, ეს ყველაფერი შესაძლებელია მათივე რაიონულ გამგეობებში, თუმცა, კიდევ უფრო მეტია სამუშაო, რომ ეს სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ და მეტი ინოვაციური სიახლე შემოვიტანოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა და მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ დედაქალაქში დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, ე.წ. ბროწეულის სკვერის განახლება-რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო, რომელიც ყველა ასაკის ადამიანზე იქნება გათვლილი.

„გლდანში ვიწყებთ კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაციას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპარკე არეალების შექმნა და მწვანე სივრცეების მოწესრიგება. შესაბამისად, გლდანში განხორციელდება ე.წ. ბროწეულას სკვერის სრული განახლება და რეაბილიტაცია. ეკოლოგიური მიმართულებით განხორციელებული პროექტებიდან უნდა გამოვყო 1 000 მწვანე სივრცე, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 2018 წლიდან დღემდე, 1 000 მსგავსი სივრცის განახლება მოხდა. ეს არის პარკები, სკვერები, გზაგამყოფები, რომელიც ბეტონის იყო. ყველგან მაქსიმალურად შევეცადეთ, შეგვექმნა მწვანე სივრცეები. ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. რაც შეეხება ე.წ. ბროწეულის სკვერს, დაახლოებით, 10 000 კვ.მ ფართობზე მოეწყობა. აქ არსებული სივრცე დღესაც გამოიყენება, მაგრამ არსებული მდგომარეობა იმ სტანდარტებსა და მოთხოვნებს არ შეესაბამება, რომელიც დედაქალაქის მერიას სკვერების მოწყობის მიმართულებით აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედანი, ჩოგბურთის და ჭადრაკის მაგიდები; ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, ველობილიკი და სკეიტბორდის მოედანი. ასევე, სასმელი წყლის სოკოები და ფიტნეს ზონა.

„ჩვენ მივესალმებით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ყველანაირად ხელს ვუწყობთ ამ მიმართულებას. ასევე, აქ დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება სხვადასხვა საპარკე ინფრასტრუქტურა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დამონტაჟდება უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ვიდეოკამერები. ვფიქრობ, გლდანის რაიონს ამ პროექტის სახით, დამატებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი, კერძოდ, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ წყალდიდობის რისკისა და ზედაპირული წყლების ხარისხის გაუარესების პრევენციის მიზნით, სპეციალური სისტემის შემუშავებას იწყებს.

„პროექტი საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ, საფრანგეთის საგრანტო პროგრამით ფინანსდება და ის ფრანგულ საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიასთან (Suez Consulting) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ლოჯისტიკური ხარჯებისა და ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფას ფრანგული მხარის მიერ, იმისთვის, რომ შემდგომში ეს მეთოდი გამოყენებული იქნას ქალაქის სხვა ძირითად სექტორებშიც. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია დედაქალაქის შერჩეული ტერიტორიების შესწავლა, ანალიზი და ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვა სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელის გამართული ექსპლუატაციისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტექნიკური სამუშაოები ითვალისწინებს ისეთი კომპონენტების შესწავლა-დიაგნოზირებას და მოდელირებას, როგორებიცაა: მეტეოროლოგია, ჰიდროლოგია და წყლის ხარისხი.

„შემდგომში კი მტკვრის დაბინძურების საპრევენციოდ, მდინარეზე გამწმენდი ნაგებობა მოეწყობა, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ამ მხარდაჭერისთვის მადლობა მოვახსენო საფრანგეთის მთავრობას. ჩვენთვის სიახლეების შემოტანა, ინოვაციების დანერგვა და გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ყურადღება თბილისის მასშტაბით, გარე რეკლამის განთავსების უფლების მოსაპოვებლად დაგეგმილ აუქციონზეც გაამახვილა, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

მისი თქმით, აუქციონში გამარჯვებულ პირს მიეცემა უფლება, 15 წლის განმავლობაში რეკლამა განათავსოს და აქედან შემოსავალი მიიღოს.

„უახლოეს პერიოდში გამოცხადდება თბილისის მასშტაბით რეკლამების განთავსების უფლების თაობაზე აუქციონი. ეს უფლება მოიცავს 15 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკლამის განთავსებას და აქედან შემოსავალის მიღებას აუქციონში გამარჯვებული პირისთვის. აუქციონის პირობებზე მუშაობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არაერთი შეხვედრა გაიმართა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბიზნეს სექტორს, ამ სფეროში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებს, გაეცნონ აუქციონის პირობებს, რომელიც უახლოეს მომავალში ვებგვერდზე განთავსდება და დაინტერესების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ. ინტერესი ძალიან დიდია და დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტი ამ აუქციონიდან კარგ შემოსავალს მიიღებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, აუქციონი 30 დღის განმავლობაში ჩატარდება და დედაქალაქის მერია მზადაა, აღნიშნულ პერიოდში, დაინტერესებულ პირებს კითხვების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს.

დედაქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, მგზავრებს 06:00-დან 20:00 საათამდე, სტანდარტული ტარიფით - 50 თეთრად მოემსახურება.

ეროვნული გამოცდებისთვის გათვალისწინებული იქნება დამატებითი ავტობუსების (M3 კატეგორია) შემდეგი მარშრუტები: მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ავტობუსი მგზავრებს N117 სკოლასთან მიიყვანს; კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან N175ა, N175ბ, N39, N173, N177, N191 საჯარო სკოლებისკენ გადაადგილდება; მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი N103 საჯარო სკოლის მიმართულებით იმოძრავებს.

დედაქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლაში (N32, N39, N117, N133, N173, N175ა, N175ბ, N177, N191, N207) მოქმედ თბილისის საგამოცდო ცენტრებში პირველი ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, ხოლო N103 საჯარო სკოლაში პირველი ივლისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით, ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და უფროსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდები ჩატარდება.

30 ივნისი 2021