დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიში წარუდგინა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიში წარუდგინა.

როგორც მან აღნიშნა, ქალაქში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ საზოგადოებასთან ხშირი კომუნიკაცია მიმდინარეობს.

„ჩვენ 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საზოგადოებას შევთავაზეთ შვიდი ძირითადი მიმართულება/პოლიტიკა, რაზეც კონკრეტული პროგრამები და პროექტები გვქონდა გაწერილი. რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებასთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და ყოველთვის ვაწვდიდით სრულყოფილ ინფორმაციას, თუ რა გაკეთდა დედაქალაქში სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ვსაუბრობდით გამოწვევებსა და პრობლემებზე. დღეს გვინდა, თბილისელებს მივაწოდოთ ინფორმაცია და ჩავაბაროთ ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ქალაქის მართვიდან მეოთხე წელს, ძალიან ამაყი და ემოციებით სავსე ვარ, როდესაც ვუყურებ, რომ ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა ყველა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით და თბილისში ვითარება რადიკალურად შეიცვალა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო იმისთვის, რომ თბილისის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული მიმართულება სრულად მოწესრიგდეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფრით არ და ვერ დავკმაყოფილდებით, რადგან ჯერ კიდევ არსებობს უამრავი პრობლემა და გამოწვევა. გაკეთებულით და მიღწეულით არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ კმაყოფილი, რადგან ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო იმისთვის, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული მიმართულება იყოს მოწესრიგებული. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა ცენტრალური ხელისუფლების თანადგომითა და მხარდაჭერით, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელიც თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. ასევე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო მოწესრიგებული და ცხოვრებისთვის გაცილებით კომფორტული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, წარსულს ჩაბარდა ის მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ინფრასტრუქტურული პროექტები ფასადურად ხორციელდებოდა.

„როდესაც ოფიციალურად შევუდექით საქმიანობას, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ რა პროექტების განხორციელებასაც დავიწყებდით, აუცილებელი იყო, მისი განახლება, ცვლილება ფუნდამენტურად მომხდარიყო და არა მხოლოდ მოასფალტებით. ყველა იმ კონკრეტულ არეალში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც დედაქალაქში მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ შევიმუშავეთ გააზრებული, თბილისისა და თბილისელების ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში, ქალაქის სწორ განვითარებას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ - პირიქით, გაორმაგებული ენერგიითა და ძალისხმევით გავაგრძელებ ჩვენი ქალაქის განვითარებას და საქმის კეთებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დედაქალაქში ყველა პროექტი იყოს ღირსეულად და ზედმიწევნით შესრულებული.

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ 2018-2021 წლებში, დედაქალაქში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა 5 400 000 კვ.მ ფართობის გზის საფარი. ამისთვის, ჯამში, 403 500 000 ლარი დაიხარჯა. მოცემულ პერიოდში, სრულად რეაბილიტირდა 903 ქუჩა, ხოლო ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები 422 ქუჩაზე ჩატარდა.

„ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს გუნდს - დედაქალაქის მთავრობას აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვამბობდი და მინდა გავიმეორო, რომ მარტო ერთი ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი ვერაფერს გააკეთებს და შეუძლებელია, იფიქრო წარმატებაზე, განვითარებაზე, თუ ზურგს არ გიმაგრებს ძლიერი გუნდი. გავთამამდები და ვიტყვი, არასდროს ამდენი პროექტი ერთად არ განხორციელებულა, რამდენიც ამ წლების განმავლობაში და ეს არის იმ დიდი გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. მინდა, ჩემს თანაგუნდელებს, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის. შედეგიც სახეზეა და საზოგადოება ხედავს ბოლო წლების განმავლობაში გაკეთებულ საქმეს“, - დედაქალაქის მერმა.

განხორციელებული პროექტების დეტალებზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ისაუბრა.

„როდესაც რეაბილიტაციაზე ვსაუბრობთ, აქ იგულისხმება სრული რეაბილიტაცია - არა მხოლოდ ასფალტის საფარის, არამედ მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, ელექტროსადენების მიწის ქვეშ განთავსება, ახალი, გამწვანებული არეალების დამატება, გარეგანათების ახალი ქსელის დამატება და ა.შ.“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

როგორც ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, 2018-2021 წლებში რეაბილიტირდა: კახეთის გზატკეცილი, ჭავჭავაძის გამზირი, ბარათაშვილი აღმართი, რობაქიძის გამზირი, დუმბაძის გამზირი, ბარათაშვილის ქუჩის ნაწილი; ლეხ კაჩინსკის, ხიზანიშვილის, ვეკუას, ხოჭოს ტბის, კოსტავას, შარტავას, კანდელაკის ქუჩები; სოფელი დიღომი - დიდგორი - თელოვანის საავტომობილო გზა. ამავე პერიოდში მოეწყო: დავითაიას ქუჩისა და მთისძირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა, თხინვალასა და ვარაზის ქუჩებიდან სოფელ აგარაკამდე მისასვლელი გზა, თბილისი-ნაფეტვრების გზის მონაკვეთი და სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლების შიდა გზები.

ირაკლი ბენდელიანმა რამდენიმე მსხვილი პროექტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2018-2021 წლებში, თბილისში სამი გზაგამტარი აშენდა და ათი ხიდი რეაბილიტირდა.

„გამორჩეული პროექტია კარტოზია-ცინცაძის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა. სამუშაოების დაწყებამდე, მუდმივი პრობლემა გვქონდა საცობის სახით და მას შემდეგ, რაც ეს ობიექტი დასრულდა, იქ პრობლემა აღარ არსებობს. ასევე, მნიშვნელოვანი პროექტია მდინარე ვერეზე საფეხმავლო ხიდი, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო თანამედროვე განათების სისტემა და ვიზუალური თვალსაზრისით, ქალაქისთვის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია. მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე მოეწყო ორდონიანი კვანძი, რომელსაც ანალოგიური შედეგი მოჰყვა, რაც ცინცაძე-კარტოზიას პროექტს. აქაც მუდმივად იყო საცობი, რაც შემდეგ უკვე გელოვანის გამზირზეც ქმნიდა გადაადგილების პრობლემას. პროექტის განხორციელების შემდეგ, ეს პრობლემა მოხსნილია“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

რაც შეეხება ხიდების რეაბილიტაციას, ირაკლი ბენდელიანის თქმით, ერთ-ერთი იყო ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო.

„ერთ-ერთი შემოწმებისას გამოვლინდა, რომ ამ ხიდზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო. იყო ორი გზა - ან უნდა დაგვეწყო სასწრაფო რეაბილიტაცია, ან მთლიანად უნდა ჩაგვეკეტა მოძრაობა. საკმაოდ რთულად განსახორციელებელი პროექტი იყო, მაგრამ კომპანიამ ამ სამუშაოებს კარგად გაართვა თავი. ასევე, განხორციელდა სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქცია, თუმცა, შეიძლება ითქვას, ძველი ხიდიდან თითქმის არაფერი დარჩენილა და პრაქტიკულად, ახალი ხიდი აშენდა. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ, არის ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გზაგამტარის მშენებლობა. მნიშვნელოვანი პროექტია ზემო და ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რადგან მათ ერთმანეთთან მისასვლელად შვიდი კილომეტრის გავლა სჭირდებოდათ, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილემ ასევე, ისაუბრა წყლისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციაზე. მისივე თქმით, ეს საკითხი წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა იყო, თუმცა, ბოლო წლებში, ამ მიმართულებით 58 პროექტი განხორციელდა, რომელთა ფარგლებში, წყალარინების ცენტრალურ ქსელს მიუერთდა 1 800-მდე ოჯახი, ხოლო წყალგაყვანილობის ქსელი 1 200-მდე აბონენტთან შეიყვანეს.

როგორც ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, 383 მისამართზე მოეწყო საყრდენი კედელი. მისივე თქმით, ამ პროექტებს შორის, გამორჩეულია შეშელიძის ქუჩაზე არსებულ დამეწყრილ უბანში ჩატარებული სამუშაოები, რისთვისაც 21 მლნ ლარი დაიხარჯა.

„მეწყრული უბნის ზედა ნაწილში არის სამი 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ევაკუაციის პირას იყო. რომ არა სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებული სამუშაოები, სამივე კორპუსიდან მოგვიწევდა მოსახლეობის გაყვანა. დღეისთვის, აქ არანაირი რისკი არ არის და სამუშაოები დასასრულს უახლოვდება“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

კიდევ ერთი მეწყრული ზონა, რომელზეც ირაკლი ბენდელიანმა ისაუბრა, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებული ფერდია. მისი თქმით, მეწყრული პროცესით გამოწვეული რისკი პირველი ეტაპის სამუშაოების განხორციელების შემდეგ აღარ არსებობს, ხოლო მეორე ეტაპი ექსპერტული პროექტის შესაბამისად განხორციელდება.

„პირველადი სამუშაოები, რაც საჭირო იყო ამ მეწყრული პროცესის შემცირებისთვის, უკვე განხორციელებულია. რამდენიმე დღეში ველოდებით ექსპერტულ პროექტს, რომლის მიხედვითაც, დავიწყებთ მეორე ეტაპის სამუშაოებს და დაახლოებით, ორთვენახევარში ამ ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილია ავარიული კორპუსების გამაგრების სამუშაოები, რომელიც უკვე 355 საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდა. ამ ეტაპზე კი 62 მსგავსი პროექტი მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.

თბილისის მერის მოადგილემ ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ისეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, როგორიცაა ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია და ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, დედაქალაქში უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„უახლოეს პერიოდში დაიწყება ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია. უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობაც. ეს იქნება ოთხზოლიანი საავტომობილო ხიდი. ამ სამუშაოებზე ტენდერი დასრულებულია. გვყავს გამარჯვებული კომპანია და უახლოეს პერიოდში უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებს დავიწყებთ“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების გარდა, ირაკლი ბენდელიანმა ასევე, დეტალურად ისაუბრა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მერის მოადგილის თქმით, საგზაო პროექტებს შორისაა მარშალ გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა; ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია და კაიროს დასახლებაში გზების სრული რეაბილიტაცია.

„მიმდინარე პროექტებიდან აღსანიშნავია, მარშალ გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მიუხედავად იქ არსებული რთული გეოლოგიური პირობებისა, დასკვნით ფაზაშია და ეს სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საბურთალოს ზედა ნაწილი შეუფერხებლად დაუკავშირდება მარშალ გელოვანის გამზირს და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს. მნიშვნელოვანი პროექტია, ასევე, ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. ვიცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დადიანის ქუჩაა. შესაბამისად, დადიანის ქუჩაზე ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში, ამ ქუჩას ექნება შესაძლებლობა, ტრანსპორტის ნაკადი შეუფერხებლად გაატაროს. აღსანიშნავია, ასევე, კაიროს დასახლებაში გზების სრული რეაბილიტაცია. კაიროს დასახლება იყო ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყო იქ არსებული ქუჩები ათწლეულების განმავლობაში მიტოვებული, ხელი არ იყო დაკარებული არაფრისთვის, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისთვის, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურისთვის“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მიმდინარე პროექტებს შორისაა ასევე, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე არსებული ამორტიზებული და უფუნქციო შენობა, რომლის ადგილზე თანამედროვე სტანდარტების მინიმალისტური გალერეა განთავსდება.

„ეს იყო მთლიანად ამორტიზებული, ფუნქციურად დაუტვირთავი შენობა, სადაც ანტისანიტარია იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამჟამად, მიმდინარეობს შენობის ინვენტარით და შესაბამისი აპარატურით აღჭურვა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, 2018-2021 წლებში, „თბილისის განვითარების ფონდის“ პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, 93 ობიექტი რეაბილიტირდა, რომელთაგან 74 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით 2018-2021 წლებში 195 000 000 ლარი დაიხარჯა.

როგორც პრეზენტაციისას თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, ძველი თბილისი დედაქალაქის გამორჩეული ადგილია და შესაბამისად, თითოეული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია-რესტავრაცია მნიშვნელოვანია.

„ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რადგან ძველი თბილისი თავისი შენობა-ნაგებობებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით გამორჩეულია. ეს არის ის, რითაც ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი ვამაყობთ. შესაბამისად, ამ კონკრეტული ქუჩების, უბნების, შენობების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია. ამის მაგალითია ორბელიანის მოედანი, სადაც ახლა ვიმყოფებით, ხედავთ, როგორი კეთილმოწყობილი და გალამაზებულია. მიმდინარეობს ასევე, გუდიაშვილის მოედნის განახლება-რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება. ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. ეტაპობრივად გვინდა ყველა იმ ქუჩის განახლება, ყველა იმ სახლის გალამაზება, რომელიც ამ ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი მიდგომაა, რომ ეს რეაბილიტირებული, განახლებული, მოვლილი შენობა-ნაგებობები გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს. როგორც რიგითი მოქალაქე, ვიტყვი, რომ მართლაც სულს და გულს უხარია, როდესაც განახლებულ და რეაბილიტირებულ შენობა-ნაგებობებს ვუყურებ ძველ თბილისში და ეს მომავალშიც უნდა გაგრძელდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, ამავე პროექტის ფარგლებში, ამჟამად მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის 33 ძეგლის რეაბილიტაცია; ათი ისტორიული სადარბაზოს და ერთი ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია.

მერის მოადგილის თქმით, განხორციელდა შემდეგი პროექტები: ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის I ეტაპი, რომლის ღირებულებამ დაახლოებით, 700 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, მისივე განმარტებით, „თბილისის განვითარების ფონდს“ უკვე მომზადებული აქვს ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის ღირებულება დაახლოებით, 10 მლნ ლარს შეადგენს და შესაბამისი ფინანსური რესურსის არსებობის შემდეგ, აღნიშნული სამუშაოები დაიწყება.

გარდა ამისა, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, განხორციელდა ორბელიანის მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე მდებარე 22-მდე შენობის სარესტავრაციო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთაგან 13-ს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს; რეაბილიტაცია ჩაუტარდა მშრალ და ზაარბრიუკენის ხიდებს; განხორციელდა დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები; სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა დედაენისა და 9 მარტის ბაღებში.

რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, მერის მოადგილის გაცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარედ არსებული 30-მდე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლია; აღნიშნული შენობების მესაკუთრეთა რაოდენობა 250-მდეა.

მისივე თქმით, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ასევე, მიმდინარეობს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია-რესტავრაცია. პროექტის ბიუჯეტი 3 300 000 ლარია და მის დაფინანსებაში ფრანგული მხარეც მონაწილეობს. მიმდინარე პროექტების რიცხვშია ასევე, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე; მიმდინარეობს თაბუკაშვილის N46/ლაღიძის N6-ის (კადეტთა კორპუსი) სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ირაკლი ბენდელიანმა დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში ჯოვანი სკუდიერის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის, ასევე, ე.წ. მხატვრების პავილიონის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

პრეზენტაციის დასასრულს, დედაქალაქის მერმა გაწეული საქმიანობისთვის და განხორციელებული პროექტებისთვის თბილისის ათივე რაიონის გამგებელს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ გამგებელს გაწეული შრომისთვის, საქმიანობისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ამით არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკმაყოფილდეთ, რადგან ქალაქში ჯერ კიდევ ბევრი ქუჩაა მოსაწესრიგებელი, ბევრი უბანია გასაახლებელი და ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაოა ჩასატარებელი. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ენერგიით მოგვიწევს მუშაობა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

14 ივნისი 2021