თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია მომავალ კვირას გაიმართება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობა სრულად იყოს ინფორმირებული თბილისის მერიის მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ.

„მომდევნო კვირას ვაპირებთ, მოსახლეობას ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიში წარვუდგინოთ და კიდევ ერთხელ შევახსენოთ მათ, რა გაკეთდა, რა რეფორმები წამოვიწყეთ, რა იგეგმება სამომავლოდ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ თბილისის მოსახლეობას ეს ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ საბურთალოს რაიონში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ბარაკების ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო. ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებების შედეგად, ტერიტორიაზე 1 300 კვ. მეტრზე გამწვანებით, ხე-მცენარეებითა და საპარკე ინვენტარით აღჭურვილი დასასვენებელი სივრცე განთავსდა.

„კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორი გადატვირთულია სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ შეიძლება კონკრეტული სივრცეების ურბანულად განვითარება. აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო ე.წ. ბარაკები, სადაც სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსი აშენდებოდა. გვქონდა მოლაპარაკებები ადგილობრივ მოსახლეობასთან და აღნიშნულ ტერიტორიაზე ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე მოვაწყვეთ. დიდი არ არის - დაახლოებით, 1 300 კვ. მეტრზეა გაშენებული. რომ არა ჩვენი გადაწყვეტილება და მოლაპარაკებები, ალბათ, აქაც საცხოვრებელი კორპუსები ჩაიდგმებოდა და მიმდებარე ტერიტორია კიდევ უფრო გადაიტვირთებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა გაწეული სამუშაოსთვის საბურთალოს გამგეობის თანამშრომლებსა და რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძეს მადლობა გადაუხადა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, თბილისის განვითარების ფონდმა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

მისი თქმით, პროექტი მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის თანადაფინანსებით ხორციელდება.

„თბილისის განვითარების ფონდმა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. ეს შენობა-ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. პროექტი ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, შენობის, ექსტერიერისა და ინტერიერის სრული განახლება მოხდება. ასევე, ავეჯი და ეზო კეთილმოეწყობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოები 2022 წლის დეკემბერში დასრულდება.

„მუზეუმში დაცული კოლექციები უნიკალურია და წარმოდგენას გვიქმნის კავკასიაში და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში აბრეშუმის ქსოვილის წარმოებასა და გამოყენებაზე. აქ თავმოყრილია დიდი ინფორმაციის მქონე ნიმუშები და ექსპონატები. ვფიქრობ, მუზეუმის რეაბილიტაცია წარმოაჩენს არა მხოლოდ შენობის მნიშვნელობას, არამედ აქ დაცული ექსპონატების განსაკუთრებულობას. ძალიან მიხარია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებას ვახერხებთ. სამუშაოები 2022 წლის დეკემბერში დასრულდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის მოქალაქეები, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო, ზონალურ-საათობრივ პარკირების პირველადი რეგისტრაციის გავლა ვერ მოახერხეს, 7 ივნისიდან სისტემაში დარეგისტრირებას კვლავ შეძლებენ.

მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში, ბინის მესაკუთრე, რომელმაც სატრანსპორტო საშუალება უფასო სარგებლობის მიზნით უნდა დაარეგისტრიროს სისტემაში, საქართველოში არ იმყოფება, ან საცხოვრებელი ფართი გარდაცვლილ ადამიანზეა რეგისტრირებული.

„უკვე დიდი ხანია ქალაქში დანერგილია და მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება. ძალიან ბევრი ადამიანი გახდა ამ სერვისების მომხმარებელი. თუმცა, რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა და პირადად მომწერეს „ფეისბუქში“, რომ მოქალაქეებს პრობლემა ექმნებათ პირველად რეგისტრაციაზე. ყველა ასეთ შემთხვევაში, 7 ივნისიდან მოქალაქეები შეძლებენ, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაარეგისტრირონ, გახდნენ ამ სისტემის მომხმარებლები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დეტალური ინფორმაციის პარკირების ვებგვერდზე განთავსება დაავალა.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, მინდა, ირაკლი ხმალაძეს ვთხოვო, რომ ეს ინფორმაცია პარკირების ვებგვერდზე განთავსდეს. ასევე, მედიასაშუალებების მეშვეობით, მოქალაქეებს ეს სიახლე უნდა მივაწოდოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ დაუმთავრებელი მშენებლობებთან დაკავშირებით, მოქალაქეები თბილისის მერიაში განაცხადის შეტანას პირველ სექტემბრამდე შეძლებენ.

„მოგეხსენებათ, ჩვენ დაუმთავრებელი მშენებლობებისთვის პრეფერენციული გადაწყვეტილებების სისტემა შევქმენით. სპეციალური რეგულაციებია დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებით. ბევრი კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ბევრი პრობლემა მოგვარდა. როგორც იცით, განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადად განვსაზღვრეთ მიმდინარე წლის 30 მაისი. მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ვადა გავაგრძელოთ და პირველ სექტემბრამდე მივცეთ მოქალაქეებს იმის შესაძლებლობა, რომ განაცხადები შემოიტანონ. დედაქალაქის მერია მათ მაქსიმალურად გვერდში დაუდგება, რადგან ასეთი შენობა-ნაგებობები პრობლემას წარმოადგენს ოჯახებისთვის და ქალაქისთვისაც. ვიზუალურ ნაწილში, არავის სიამოვნებს დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების ნახვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

19 მაისი 2021