თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილის დაყრა და გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ტექნიკა მუშაობს, ხოლო შიდასაუბნო გზების გაწმენდით სამუშაოებში რაიონული გამგეობები ჩაერთვებიან.

„დედაქალაქში გაგვითოვდა. „თბილსერვის ჯგუფის“ ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. მუშაობა ახლაც გრძელდება. მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა და გზის გაწმენდის სამუშაოები. პარალელურად, გამგეობები ჩაერთვებიან შიდასაუბნო გზების გაწმენდის პროცესში. სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, სანამ პრობლემა არ მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება შეზღუდულია, რადგან კერძო ავტომობილების მძღოლები ზამთრის საბურავების გარეშე მოძრაობენ.

„გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, სადაც საცობები შეიქმნა. იმ ავტომობილების გამო, რომელთაც ზამთრის საბურავები არ უყენიათ, გზა ჩაიხერგა. მინდა, ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვინც კერძო ავტომობილით გადაადგილდება, თუ ზამთრის სეზონის საბურავი არ უყენიათ, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან, რადგან ეს საზოგადოებას გარკვეულ პრობლემებს უქმნის. პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას. ამიტომ, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი გადაადგილებისგან, თუ ავტომობილებზე ზამთრის საბურავები არ გვაქვს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განცხადებით, გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ 22 თებერვლიდან დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს 180 ერთეული მიკროავტობუსი შეემატება.

„ჩვენ შევიძინეთ 300 მიკროავტობუსი. მიმდინარეობს ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და მგზავრებისთვის გადაადგილების თვალსაზრისით, პრობლემას წარმოადგენს - არაკომფორტულია და ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. შესაბამისად, ჩანაცვლების პროგრამა დაწყებულია. 300 ერთეული შესყიდულია. ამ 300 ერთეულიდან 120 უკვე ხაზზე იყო გაშვებული, მუშაობდა, ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილი. ორშაბათიდან კი უკვე დამატებით, 180 ერთეული მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და თბილისის მოსახლეობას მოემსახურება, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, კომპანიამ, რომელიც ამჟამად თბილისში ოპერირებს, მიკროავტობუსების გამოსყიდვის პროცესი დროულად დაასრულოს.

„ზოგადად, ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი საინტერესო კომპონენტისგან შედგება. ეს არის ავტობუსების ჩანაცვლება-განახლება, რომელიც უკვე დაწყებულია და წლის ბოლოს დასრულებული იქნება. ავტობუსები უკვე შესყიდული გვყავს, ველოდებით მათ შემოსვლას და ე.წ. ყვითელი ავტობუსები ქალაქში აღარ ივლიან. პარალელურად, მიმდინარეობს მიკროავტობუსების ჩანაცვლება. როგორც გითხარით, მერიამ ვალდებულებით 300 ერთეული შეიძინა, რომ კომპანიამ, რომელიც დღეს თბილისის მოსახლეობას ემსახურება, მიკროავტობუსები გამოისყიდოს. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, რომ გამოსყიდვის პროცესი რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, რათა ჩვენ ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა კიდევ უფრო სწრაფად შევძლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ვანდალიზმის ფაქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წელს ვანდალიზმის მთელი რიგი შემთხვევები 168 მისამართზე აღირიცხა.

დედაქალაქის მერმა ამ მიმართულებით საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რადგან პროცესში მოსახლეობის უფრო მეტი ჩართულობა და აქტიურობა მნიშნელოვანია.

„მოპარული სკამები, განზრახ დამტვრეული საბავშვო ატრაქციონები, მოგლეჯილი ხელოვნური მწვანე საფარი და ლითონის ღობე, ხერხით გადაჭრილი სკამი, დამწვარი საბავშვო ატრაქციონები, განადგურებული უსაფრთხოების კამერები და სხვა. ეს არის ვანდალიზმის სამწუხარო ფაქტები, რომლებიც ფიქსირდება დედაქალაქში და განსაკურებით ეს ყველაფერი ხდება იმ პარკებსა და სკვერებში, რომლებიც ახლადრეაბილიტირებულია, მოწესრიგებულია და ნამდვილად გულდასაწყვეტია. ამ მიმართულებით, მინდა ვთხოვო დახმარება და მხარდაჭერა საზოგადოებას, რადგან არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები პირდაპირ უყურებენ, თუ როგორ ამტვრევს მოზარდი ატრაქციონს, რომელიც ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ. ვფიქრობ, საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა იმ სივრცეში, რომლის რეაბილიტაციაც ხდება, უსაფრთხოების კამერები იყოს განთავსებული, მაგრამ საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობა, უფრო მეტი აქტიურობა მნიშნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მერიის სამსახურები სხვადასხვა საინფორმაციო ხასიათის დამატებითი ღონისძიებების გასატარებლად მზად არიან.

„მე პირადად და ჩვენი სამსახურები მზად არიან, რომ დამატებითი ღონისძიებები გავატაროთ, რათა ადამიანებს უფრო გასაგებად ავუხსნათ და ახალგაზრდებს უფრო მეტი ვაჩვენოთ, რომ ეს არასწორია და ნამდვილად არაა მისასალმებელი ახლადრეაბილიტირებულ სკვერებსა და პარკებში ინფრასტრუქტურის დაზიანება, რომელიც ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, ჩამოსული სტუმრებისთვის კეთდება. პირიქით, უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ სახლს. ჩემი თხოვნა იქნება მაქსიმალური თანადგომა გამოვიჩინოთ ამ მიმართულებთ და გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა თბილისში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა და გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავალში გამოვლინდება.

„გამოვაცხადეთ ტენდერი ახალი ხიდის მშენებლობაზე, რომელიც ბაგებს საბურთალოსთან დააკავშირებს. ამ პროექტის განხორციელება 2020 წელს გვქონდა დაგეგმილი, თუმცა არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და პრიორიტეტების განსაზღვრიდან გამომდინარე, მოგვიწია მოგვიანებით დაწყება. განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, ბაგები-წყნეთის საავტომობილო გზა დაიტვირთა. აღნიშნული პროექტის განხორციელება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გარკვეულწილად, გვქონდეს ახალი გზა, სადაც შესაძლებელი იქნება ბაგებიდან საბურთალოზე ნაკადების გადატანა. ასევე, მოქალაქეებს ალტერნატიული გზა გაუჩნდებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის საავტომობილო ხიდის მშენებლობას დაახლოებით, 1.5 - 2 წელი დასჭირდება.

„ხიდი განთავსდება უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ და უნივერსიტეტის XI კორპუსსა და ბიბლიოთეკის კორპუსებს შორის გამავალ გზას დააკავშირებს თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან. უახლოეს მომავალში გვეყოლება ტენდერში გამარჯვებული კომპანია და უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ. პროექტის დასრულებას დაახლოებით, წელიწადნახევარი-ორი წელი დასჭირდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, თბილისის მერიის სხვადასხვა პროგრამაზე ისაუბრა.

„ბოლო წლებში ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ იმ ოჯახებს, მოქალაქეებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ. გვაქვს ბევრი მუნიციპალური პროგრამა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ როგორც 2020 წელს, ასევე, 2021 წელს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება გახლავთ. ყველა პროგრამას, რომელიც გვაქვს გამოცხადებული, არცერთი თეთრი არ დააკლდება იმისთვის, რომ დავეხმაროთ იმ ადამიანებს და ოჯახებს, ვისაც მუნიციპალიტეტის თანადგომა და სახელმწიფოს მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. ვისმენთ ცრუ ბრალდებებს, თითქოს, მერია ადამიანებს არ ეხმარება. ეს ძალიან დიდი ტყუილია. არ ვიკადრებ, კონკრეტულად ამ ადამიანების სახელებით და გვარებით მიმოწერები გავასაჯაროო. არ ვიკადრებ იმას, საზოგადოებას წარვუდგინო, რა დახმარებები აქვთ მიღებული, რამდენს იღებენ ყოველთვიურად, თუნდაც იმისთვის, რომ საცხოვრებელი ფართები აიღონ იჯარით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მთავარია, ქვეყანაში შეიქმნას ისეთი ეკონომიკური გარემო, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს.

„ყველაზე მთავარია, ქვეყანაში შევქმნათ ისეთი ეკონომიკური გარემო, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეჭირვებული, ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს და ეს მიღწევადია. ერთიანი ძალისხმევით, ყველაფერს შევძლებთ. პანდემიამ სერიოზული პრობლემა შექმნა - ძალიან დიდი გავლენა იქონია ეკონომიკის განვითარებაზე, მაგრამ ყველაფერი დაძლევადია. მთავარია, პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, რომელსაც შეიძლება აქამდე ასე არ ვაფასებდით და გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ფართების დაკანონების შესახებაც ისაუბრა. საცხოვრებელი ფართები ამჯერად, გლდანის, ისნის, დიდუბისა და მთაწმინდის რაიონებში მცხოვრებ 49 ოჯახს დაუკანონდება. მესაკუთრეებს ქონება სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემათ.

„თბილისის სხვადასხვა რაიონში - გლდანში, ისანში, დიდუბესა და მთაწმინდაზე მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დაუკანონდებათ, რასაც ისინი ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. მინდა, ამ ოჯახებს მივულოცო ფართების დაკანონება. აღნიშნული დაკანონების საკითხი გადაიგზავნება საკრებულოში, სადაც მოხდება მისი მხარდაჭერა და დამტკიცება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, საცხოვრებელი ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად, შესაბამისი რაიონების გამგეობებს მიმართონ.

„მინდა, იმ ადამიანებს და ოჯახებს მივმართო, ვისაც აქვთ პრობლემები საცხოვრისთან დაკავშირებით. არსებობს შესაბამისი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც უნდა გააკეთოთ განაცხადი იმ რაიონების გამგეობებში, სადაც ცხოვრობთ. ვისაც ანალოგიური პრობლემა გაწუხებთ, მიმართეთ თქვენივე რაიონების გამგეობებს, სადაც მოგაწვდიან სრულყოფილ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს დოკუმენტაციის შევსება, რა საბუთებია საჭირო იმისთვის, რომ შემდეგში მოხდეს თქვენი საცხოვრებელი ბინების დაკანონება. რადგან ასეთი წარმატებულია, ჩვენ ამ პროგრამას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერიის თანამშრომელს, ლალი უნაფქოშვილს აკადემიური პალმების ორდენის მიღება მიულოცა. ორდენი ლალი უნაფქოშვილს ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.

„დღეს მთავრობის სხდომას ესწრება თბილისის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომელი, ლალი უნაფქოშვილი, რომელიც 30 წელზე მეტია კეთილსინდისიერად, პროფესიონალიზმით ემსახურება ჩვენი დედაქალაქის ინტერესებს. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებში. კერძოდ, საფრანგეთის ქალაქ ნანტსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. სწორედ ამ დამსახურების გამო, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა, რამდენიმე დღის წინ, ლალი უნაფქოშვილს აკადემიური პალმების ორდენი გადასცა. მინდა, მივულოცო მას ეს წარმატება. მეამაყება, რომ ასეთი თანამშრომლები ჰყავს თბილისის მუნიციპალიტეტს. მადლობა, რასაც ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისთვის აკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აკადემიური პალმების ორდენი ერთ-ერთი უძველესი, პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც 1808 წელს იმპერატორმა ნაპოლეონ პირველმა დააარსა.

17 თებერვალი 2021