ქალაქ თბილისში, ჟიული შარტავას სახელობის ქუჩაზე არსებულ სკვერში (ს/კ 01.10.13.017.002), ან/და მერაბ კოსტავასა და სიმონ ჩიქოვანის ქუჩების კვეთაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მომიჯნავე ტერიტორიაზე (ს/კ 01.10.17.041.016) საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განსათავსებლად ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევი საკონკურსო პირობები

კონკურსის დამკვეთი და ორგანიზატორი:

ქალაქ თბილისში, ჟიული შარტავას სახელობის ქუჩაზე არსებულ სკვერში (ს/კ 01.10.13.017.002), ან/და მერაბ კოსტავასა და სიმონ ჩიქოვანის ქუჩების კვეთაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მომიჯნავე ტერიტორიაზე (ს/კ 01.10.17.041.016) (დანართი ორთოფოტო - 2 ცალი), საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განსათავსებლად ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევი კონკურსის (შემდგომში - კონკურსი) „დამკვეთი“ და „ორგანიზატორია“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში - მერია).


I თავი
ზოგადი ნაწილი

საქართველოს დედაქალაქში საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გამო მერია, პროფესიული საზოგადოების ჩართულობით აცხადებს ღია შემოქმედებით კონკურსს, რომლის საფუძველია „ქალაქ თბილისში, საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ძეგლების (მემორიალის) განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 19 თებერვლის N1-99 ბრძანება.
საკონკურსო მასალების შეფასებასა და გამარჯვებულის გამოვლენას მოახდენს “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 22 ივნისის N1-347 ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია.
საკონკურსო განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის განთავსება მოხდება მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ა(ა)იპ „თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის“ (ს/ნ: 204561492), ა(ა)იპ „საქართველოს მხატვართა კავშირის“ (ს/ნ:204898691), ა(ა)იპ „საქართვლოს დიზაინერთა კავშირისა“ (ს/ნ: 404966177) და ა(ა)იპ „საქართველოს არქიტექტორთა კავშირის“ (ს/ნ:201950549) ვებგვერდებზე.

II თავი
კონკურსის მიზანი და ამოცანა

2.1 კონკურსის მიზანია ქალაქ თბილისში, ჟიული შარტავას სახელობის ქუჩაზე არსებულ სკვერში (ს/კ 01.10.13.017.002) ან/და მერაბ კოსტავასა და სიმონ ჩიქოვანის ქუჩების კვეთაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მომიჯნავე ტერიტორიაზე (ს/კ 01.10.17.041.016) (დანართი ორთოფოტო - 2 ცალი) საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსება.
2.2 კონკურსის ამოცანაა, საზოგადოებრივი და პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით, ღია შეჯიბრების პრინციპზე დაყრდნობით არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის საუკეთესო ესკიზური ნამუშევრისა და მის განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების (შემდგომში - წინადადება) გამოვლენა.

III თავი
კონკურსის პირობები

3.1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სტატუსით.
3.2 კონკურსი ცხადდება ღიად, ხოლო წარმოდგენილი წინადადებების შეფასება ხორციელდება ფარული წესით.
3.3 საკონკურსო მასალის წარდგენა და კონკურსის საქმიანობის წარმოება მოხდება ქართულ ენაზე.
3.4 მონაწილის მიერ დარღვევით წარმოდგენილი საკონკურსო მასალები, (დოკუმენტები და საპრეზენტაციო პლანშეტების ფორმატი, მასალის ჩაბარების ვადა და ა.შ.) კონკურსზე არ განიხილება და შესაბამისად მოხდება მისი დისკვალიფიკაცია.
3.5 ესკიზური ნამუშევრის მომზადებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოება: ესკიზური ნამუშევარი კომპოზიციური და არქიტექტურული თვალსაზრისით უნდა პასუხობდეს საკონსკურსო პირობებს და თანხვედრაში მოდიოდეს გარემოსთან;
3.6 კონკურსანტი თავისუფალია საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია შეიძლება შეიცავდეს როგორც ორ დამოუკიდებელ სკულპტურას, აგრეთვე წარმოდგენილ იქნას ერთიან კომპოზიციად. პროექტის განხორციელების საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარს. ამ თანხაში უნდა იყოს გათვალისწინებული ავტორის ჰონორარი;
3.7 პროექტის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს გამარჯვებულ კონკურსანტთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 (ასოცი) კალენდარულ დღეს.
3.8 კონკურსის ჩატარების პროცედურები და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, მათ შორის შესაძლო პრეტენზიები, რეგულირდება წინამდებარე საკონკურსო პირობებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

IV თავი
კონკურსის კალენდარი

საკონკურსო წინადადებების მიღება-რეგისტრაცია ხორციელდება - კონკურსის გამოცხადებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
საკონკურსო წინადადება წარდგენილი უნდა იყოს მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7.
საკონკურსო წინადადებები საჯაროდ განთავსდება - მათი მიღების დასრულებიდან 10 ( ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ საკონკურსო მასალების მიღების საბოლოო ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, მასალების წარმოდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს.

V თავი
კონკურსზე წარსადგენი მასალები

5.1. საკონკურსო წინადადება, წინამდებარე კონკურსის პირობების მოთხოვნების შესაბამისად, უნდა ჩაბარდეს მერიაში, როგორც მყარი მასალის სახით - საპრეზენტაციოდ, ასევე მისი ელექტრონული ვერსია, CD/DVD დისკზე ჩაწერის სახით.
5.2 საკონკურსო წინადადების წარმოსადგენი მასალები:
ა) არქიტექტურული ნახაზები - სიტუაციური გეგმა - მ. 1:200 ან მ. 1:500, კომპოზიციური გეგმა - მ. 1:10, ორი ხედი - მ. 1:10, მათ შორის არსებულ გარემოში ორი ფოტომონტაჟი. მასალები განთავსებული უნდა იყოს A-2 ზომის პლანშეტებზე ჰორიზონტალურად (არაუმეტეს 2 პლანშეტი);
ბ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია, მაკეტის სახით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს (1x1x1მეტრს);
გ) ელექტრონული ვერსია - PDF ფორმატში (დაარქივებული ფაილით არაუმეტეს 25 მგბ), აგრეთვე დამატებით ცალკეული გამოსახულებებით JPG ფორმატში (200 dpi).
დ) განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა მომზადდეს A-4 ფორმატზე, №12 შრიფტით, არა უმეტეს 4 (ოთხი) გვერდზე, 2 (ორი) ეგზემპლიარად. განმარტებით ბარათში ნათლად, მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული პროექტის კონცეფცია, ასევე ზუსტად უნდა იყოს მითითებული რა მასალაში განხორციელდება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია. ავტორების შეხედულებისამებრ შესაძლებელია დამატებითი მასალების წარმოდგენაც;
ე) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია - Excel-ის ცხრილის სახით, სადაც ჩამოთვლილი იქნება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის დამზადებისა და განთავსებისთვის საჭირო მომსახურება და მოცემული იქნება მისი დამზადებისა და განთავსების საერთო ღირებულება (ყველა გადასახადის ჩათვლით).
5.3 დაუშევებელია საპრეზენტაციო ვიზუალურ მასალებზე ავტორების მითითება.
5.4. ინფორმაცია ავტორის/ავტორების შესახებ უნდა განთავსდეს დალუქულ კონვერტში. ორი ან მეტი ავტორის შემთხვევაში განმარტებული უნდა იყოს მათი კომპეტენციები და პასუხისმგებლობები.
შენიშვნა: წარმოდგენილი საკონკურსო წინადადება რაიმე სახით არ უნდა იყოს განხორციელებული კონკურსის გამოცხადებამდე და უნდა წარმოადგენდეს ორიგინალს, რომელიც მერიის მიერ გამოცხადებულ აღნიშნულ კონკურსში პირველად მიიღებს მონაწილეობას.

VI თავი
საკონკურსო კომისია

საკონკურსო კომისიას ჰყავს კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
კომისიის საქმიანობის ორგანიზებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისიის მდივანი, რომელიც ახორციელებს:
ა) საკონკურსო მასალების მიღება-დაბრუნებას;
ბ) მასალების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დადგენას;
გ) საკონკურსო კომისიის ოქმების შედგენას;
დ) კონკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერი ტექნიკური საკითხის წარმართვას;
საკონკურსო კომისიის მდივანი საკონკურსო მასალების შეფასებისას სარგებლობს მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით და არ არის საკონკურსო კომისიის წევრი.
საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება საკონკურსო კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
გამარჯვებულად ცხადდება ის საკონკურსო წინადადება, რომელიც ყველაზე მაღალ შეფასებას დაიმსახურებს.
საკონკურსო კომისია, კონკურსის მსვლელობისას მიღებულ თითეულ გადაწყვეტილებას აფიქსირებს ოქმის სახით, მათ შორის, საბოლოო გადაწყვეტილებას, ოქმის ასლები შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, გადაეცემა ნებისმიერ მსურველს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკონკურსო კომისიას უფლება აქვს, საკითხების დამატებით გარკვევის მიზნით მოიწვიოს ექსპერტები, რომლებიც არ მონაწილეობენ პროექტების შეფასებაში.
საკონკურსო კომისიის წევრებს, მათ შორის, საკონკურსო კომისიის მდივანს, მოწვეულ ექსპერტებს უფლება არა აქვთ, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად მიიღონ მონაწილეობა საკონკურსო პროექტების შემუშავებაში და ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ინტერესთა კონფლიქტის აცილება.

VII თავი
შეფასების კრიტერიუმები

7.1 საკონკურსო კომისია წარმოდგენილ საკონკურსო წონადადებებს შორის შეარჩევს ერთ საუკეთესოს, რომლის ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს მიენიჭება კონკურსში გამარჯვებულის სტატუსი;
7.2 საკონკურსო კომისიის მიერ, კონკურსის პირობების სხვაგვარად ინტეპრეტაცია დაუშვებელია;
7.3 გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ეყრდნობა კონკურსანტის მიერ საკონკურსო მასალების მომზადებას, კონკურსის მოთხოვნების სრულყოფილად დაცვას და საკონკურსო მასალების ჩაბარების პირობების ჯეროვან შესრულებას, ხოლო მასალების შეფასებისას საკონკურსო კომისია ხელმძღვანელობს ძირითადი და დამატებითი კრიტერიუმებით:

ძირითადი კრიტერიუმი - ვიზუალის მიხედვით;
დამატებითი კრიტერიუმი - ფასის მიხედვით.

7.4 შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონის კოეფიციენტები:

ა) ძირითადი კრიტერიუმის ხვედრითი წონის კოეფიციენტი - 0.7;
ბ) დამატებითი კრიტერიუმის ხვედრითი წონის კოეფიციენტი - 0.3.

 

შენიშვნა:

შეფასებისას საკონკურსო კომისიის თითოეული წევრი ცალ-ცალკე აფასებს ორივე კრიტერიუმს 10 ბალიანი სისტემით, ხოლო ყოველი კონკრეტული ესკიზის საბოლოო შეფასება განისაზღვრება საკონკურსო კომისიის წევრების მიერ თითოეული კრიტერიუმისთვის მინიჭებული ქულების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლების შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონების კოეფიციენტზე ნამრავლის ჯამური მაჩვენებლით.

VIII თავი

კონკურსის მხარეთა ვალდებულებები

8.1 კონკურსის თითეული მხარე „კონკურსის დამკვეთი“ და „კონკურსის ორგანიზატორი“, „საკონკურსო კომისიის წევრი“ და „კონკურსის მონაწილე” ვალდებულია, კონკურსის მიმდინარეობისას ხელი შეუწყონ პროცესების მართლზომიერ წარმართვასა და კონკურსის დამთავრებამდე უზრუნველყონ საკითხთა კონფიდენციალურობა და საკონკურსო წინადადების ანონიმურობა.
8.2 მერიისა და საკონკურსო კომისიის წევრთა ვალდებულება:
ა) მოახდინოს კონკურსის ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფა (კონკურსის ბიუჯეტი და სხვა ტექნიკური ხარჯები);
ბ) მოახდინოს საკონკურსო წინადადებების საჯარო გამოფენა;
გ) გამარჯვებულ ავტორთან, წინადადების რეალიზების მიზნით გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება;
დ) შექმნას ყველა წინაპირობა, რათა წინამდებარე კონკურსი წარიმართოს გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად;
ე) შექმნას კონკურსის წარმართვისათვის ყველა სამართლებრივი წინაპირობა;
ვ) უზრუნველყოს საკონკურსო არეალისა და საკონკურსო ტერიტორიის საკვლევი სამუშაოების შესრულება.
8.3. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია:
ა) ჯეროვნად შეასრულოს საკონკურსო პირობების მოთხოვნები;
ბ) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებულ(ებ)ი მერიას ნებას რთავს გასცეს რეკომენდაცია, მისივე მონაწილეობით, გამარჯვებულად გამოვლენილ წინადადებაში (ნაწარმოებში) რაიმე ტიპის ცვლილებების შეტანის თაობაზე;
გ) კონკურსში გამარჯვებული წინადადების ავტორ(ებ)ი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს გადასცემს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ ქონებრივ უფლებებს;
დ) იმის გათვალისწინებით, რომ კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია თვითონ განახორციელოს პროექტი, შესაბამისად მისი შესრულებისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა და შესრულების ვადები არ უნდა აღემატებოდეს კონკურსის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.


IX თავი

კონკურსის შედეგები

  • საკონკურსო კომისია კონკურსში მონაწილეთაგან გამოავლენს 1 (ერთ) გამარჯვებულს.
  • კონკურსის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან, მერია უზრუნველყოფს ხელშეკრულების გაფორმებას.
  • საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ეცნობებათ კონკურსანტებს.
  • გამარჯვებულ კონკურსანტთან/ებთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მათ მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშებზე.
  • კონკურსი ჩაშლილად ითვლება თუ, საკონკურსო კომისია არ გამოავლენს კონკურსში გამარჯვებულს.
  • გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დამატებით ქვეყნდება: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
  • კონკურსის მონაწილეებს წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებები უკან უბრუნდებათ.
  • კონკურსი არ ითვალისწინებს საკონკურსო პრემიას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 1 მარტი

შარტავა გაბესკირიას კომპოზიციის განთავსების სავარაუდო ადგილები

30 დეკემბერი 2020