თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

თბილისის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას დაავალა, დედაქალაქში უკანონოდ მითვისებულ მიწის ნაკვეთებზე აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დროულად განახორციელონ, რადგან ქალაქში მსგავსი ფაქტები გახშირდა.

„ძალიან ბევრი შემთხვევაა უკვე, როცა მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების უკანონოდ დატაცების ფაქტები ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. მსგავსმა ფაქტებმა სისტემატური სახე მიიღო და უკვე ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს. მინდა, დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას, რომ დღეიდანვე დაიწყონ ქმედებები. ვიცი, რომ რამდენიმე კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაფრთხილება გაქვთ მოსახლეობისთვის მიცემილი, რომ იმ პატარა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი თავადვე განახორციელონ, რომელსაც ისინი აშენებენ. თუ ეს ვერ მოხდება, შეგიძლიათ, მიხვიდეთ და ამ ყველაფერს დემონტაჟი თქვენვე გაუკეთოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესში თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას შინაგან საქმეთა სამინისტროც დაეხმარება.

„კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრების უკანონოდ მითვისება. ეს არც ჩემია, არც თქვენი. ეს სახელმწიფოს საკუთრებაა და არავის უნდა მივცეთ იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი მიიტაცოს. იმ ადამიანებს რა პასუხს ვცემთ, ვინც კეთილსინდისიერად იქცევა და კანონს ემორჩილება?! დღესვე დაიწყეთ ქმედება. შეგიძლიათ, დაიხმაროთ შინაგან საქმეთა სამინისტრო. მინისტრთან კონსულტაციები მქონდა და ყველანაირად გექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა, რომ დედაქალაქში ეს უმსგავსობა დამავთავროთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ვაკის რაიონში ამოქმედებულ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაზეც ისაუბრა და მოსახლეობას სთხოვა, სატრანსპორტო საშუალებების უფასოდ დარეგისტრირების მიზნით, პარკირების ზონებში განთავსებულ მუნიციპალურ პავილიონებს დროულად მიმართონ.

მისივე თქმით, საათობრივი პარკირების ზონებში განაწილებული ინსპექტორები სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, უფასო კონსულტაციას ადგილზე უწევენ.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ზონალურ-საათობრივი პარკირებაა, რომლის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს. აღნიშნული სისტემა უკვე ამოქმედდა კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანზე, პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე. შემდეგი ეტაპი უკვე 20 ნოემბრიდან ამოქმედდა ვაკის რაიონში. კონკრეტულად, ეს არის ჭავჭავაძის გამზირი, ფალიაშვილისა და მისი მკვეთი ქუჩები. ჩვენ ვაგრძელებთ ამ სისტემის დანერგვას მთელი ქალაქის მასშტაბით, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ვაკის მოსახლეობას, რომ ვინც ვერ მოახერხა ავტომობილების დარეგისტრირება, იმისთვის, რომ მათ უფასო პარკირებით ისარგებლონ, დროულად მიმართონ ადგილზე არსებულ მუნიციპალურ პავილიონებს. ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში არიან კონკრეტულ ლოკაციებზე და მაქსიმალურად ეხმარებიან მოსახლეობას რეგისტრაციის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აქვე აღნიშნა, რომ საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის შემდეგ, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ამოქმედდება. აღნიშნული პროექტის დაწყების თარიღს საზოგადოება მომდევნო მთავრობის სხდომაზე შეიტყობს.

„შემდეგი ტერიტორია, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, იქნება ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირები. პრინციპი და წესები იგივე იქნება - მოსახლეობამ უნდა დაარეგისტრიროს თავისი ავტომობილები და მათთვის პარკირება, რა თქმა უნდა, უფასო იქნება. სხვა მოქალაქეებისთვის, მომსვლელებისთვის პირველი 15 წუთი იქნება უფასო, შემდეგ კი უკვე ჩაირთვება ღირებულება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის პარკირება უფასოა, რათა წავახალისოთ ელექტრომობილების არსებობა ქალაქში. ეს პროცესი საბურთალოს რაიონში, კონკრეტულად ამ გამზირებზე, დაიწყება მას შემდეგ, რაც მუნიციპალური პავილიონები ვაკის რაიონში მოიხსნება. დამატებით ინფორმაციას მომდევნო მთავრობის სხდომაზე მოგაწვდით და გეტყვით ზუსტ თარიღებს, თუ როდიდან ამოქმედდება პარკირების ეს სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებსა და მიმდინარე ქუჩებზე. მოსახლეობას ექნება ზუსტი ინფორმაცია, თუ როდიდან ექნება რეგისტრაციის საშუალება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე მუნიციპალური პავილიონები განთავსდება.

თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის საკრებულოში წარდგენილი პროექტი ბიუჯეტის პირველადი ვარიანტია. მისი თქმით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერისა და თანადგომის შედეგად, ბიუჯეტის საბოლოო პროექტი განსხვავებული იქნება, ვიდრე მისი პირველადი ვარიანტი.

„რატომღაც, ყოველი წლის ბოლოს, მიზანმიმართულად ხდება ოპონენტებისგან მცდელობა, რომ ახალი ბიუჯეტის წარდგენა საკრებულოში წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს, დავიღუპეთ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მცირდება და ა.შ. ამაზე გაკეთდა განმარტებები, თუმცა მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსნა, რომ ეს თანხა - 840 მილიონი ლარი, რომელიც გაიგზავნა, არის პირველადი ბიუჯეტი. ჩვენ, ყოველ წელს, ცენტრალური ხელისუფლებისგან გვაქვს მხარდაჭერა და თანადგომა, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ მხოლოდ მუნიციპალიტეტის შემოსავლებით ვერ შევძლებთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს ვუპასუხოთ, რაც გვაქვს. ამისთვის გვჭირდება ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელი ბიუჯეტი პირველადთან შედარებით, განსხვავებული, უფრო მეტი იქნება და სხვადასხვა მიმართულებით, მეტი პროექტის განხორციელება შეგვეძლება. ეს ეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და სხვა საჭიროებებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ფინანსთა სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„მომდევნო დღეების განმავლობაში, გვექნება ზუსტი ოდენობა, თუ რამდენი იქნება მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკრებულოში წარდგენილ პირველად ბიუჯეტთან შედარებით, ციფრი განსხვავებული იყოს. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება და ქალაქისთვის ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცემა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, აღინიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

„ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობას ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ყველა ხედავს, რამდენი სკვერი თუ გზაგამყოფი მოეწყო, რამდენი პარკი რეაბილიტირდა. სადაც შესაძლებელია, ყველაფერს ვამწვანებთ. ყველაზე მეტად, რაც დღეს ჩვენს ქალაქს სჭირდება, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა, რადგან ეს თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე აისახება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია მწვანე სივრცეების არსებობა, მოწესრიგება და განახლება. დღეს კიდევ ერთ პროექტს წარმოდგიდგენთ - გარემოს დაცვის საალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე, განათებისა და სარწყავი სისტემები მოეწყო. პარკში სხვადასხვა სახეობის 484 ხე და 62 ძირი ბუჩქი დაირგო.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ არსებული რეკრეაციული სივრცის მოწყობა ადგილობრივი მაცხოვრებლების დიდი სურვილი იყო.

„ჩვენ რასაც მოსახლეობას ვპირდებით, იმას ვასრულებთ. შეიძლება, დღეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არ შეგვეძლოს, მაგრამ ამის თქმის არ გვერიდება და ეს სწორი დამოკიდებულებაა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რატომ ვერ აკეთებ კონკრეტულ რამეს და მას როდის გააკეთებ. ეს კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. უკვე სამი წელია, რაც დედაქალაქის მთავრობაში ვართ. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, პრობლემები, რასაც მოგვარება სჭირდება. გუნდს, რომელსაც დედაქალაქის მთავრობის სახით წარმოვადგენთ, დიდი ენთუზიაზმი აქვს და მაქსიმალურად ვართ მობილიზებული, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ. საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა კი, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობთ, ჩვენთვის დამატებითი სტიმულია. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი გახდეს ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, გამწვანებული, გამართული ინფრასტრუქტურითა და განახლებული ტრანსპორტით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

25 ნოემბერი 2020