თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები 19 ოქტომბრიდან დაიწყება, რომელიც დაახლოებით, ორი წელი გაგრძელდება.

„გუშინ გვქონდა პროექტის პრეზენტაცია, თუ როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი სამუშაოების დასრულების შემდეგ. 19 ოქტომბერს პარკის მოწყობის სამუშაოები იწყება, რომელიც დაახლოებით, ორი წელი გაგრძელდება. ჩვენ ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ და რა ფორმით ჩატარდება სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„ფონდი „ქართუ“ პროექტის სახით, ცენტრალური პარკის მშენებლობას განახორციელებს, რაც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვნილს ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის, რომელიც ქალაქს გაუკეთეს. ყველაზე მეტად რეკრეაციული სივრცეები, პარკები და სკვერები გვჭირდება. ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ჩვენ ამ ტენდენციას განვაგრძობთ, იმისთვის, რომ თბილისი იყოს ყველაზე მწვანე, ეკოლოგიურად მოწესრიგებული, სადაც მოქალაქეებს ჰაერის დაბინძურების შედეგად, ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა ისაუბრა, იპოდრომის მიმდებარედ არსებული ჩოგბურთის კორტების ადგილზე სპორტული კომპლექსის მოწყობაა, რომელზეც აუქციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული ტერიტორიის ქალაქისთვის დასაბრუნებლად, თბილისის მერიამ ხანგრძლივი შრომა გასწია.

„საზოგადოებას მოეხსენება, რომ იპოდრომის მიმდებარედ არსებული კორტების ტერიტორია 2009 წელს იქნა გასხვისებული და იქ მშენებლობები უნდა განხორციელებულიყო. რაც მერიაში დავიწყეთ ჩვენი უფლებამოსილების განხორციელება, პირადად ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე, მე და ჩვენი თანამშრომლები ჩართულები ვიყავით მოლაპარაკებებში, რომ როგორმე ინვესტორთან მიგვეღწია შეთანხმებას იმისთვის, რომ კორტები დაბრუნებოდა მუნიციპალიტეტს. წარმატებით განვახორციელეთ ადგილმონაცვლეობა და გვინდა, რომ ეს ადგილი აღვადგინოთ პირველადი სახით", - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება აუქციონი, რომლის პირობა აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაკლებ 2 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებაა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ყიფშიძის ქუჩა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილს ახალი გზით დაუკავშირდება. ახალი გზის მოწყობის პროექტი უკვე მუშავდება, რომელიც განხორციელების შემდეგ, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის განტვირთვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

„ჭავჭავაძის გამზირზე გვაქვს რამდენიმე ცხელი წერტილი. ეს არის ყიფშიძის ქუჩა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ძალიან დატვირთულია და არის შემთხვევები, განსაკუთრებით პიკის საათებში, როდესაც ქუჩა იჭედება. შესაბამისად, უკვე გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. უკვე მიმდინარეობს ახალი პროექტის დამუშავება და ყიფშიძის ქუჩიდან ახალ გზაზე ჩამსვლელი გზის მშენებლობის პროექტი განხორციელდება. ირაკლი ბენდელიანს აქვს დავალებული და მიმდინარეობს პროექტის სამუშაოები. უახლოეს მომავალში უკვე გვექნება მზა პროექტი და შემდეგი წლიდან უშუალოდ პროექტის განხორციელებას დავიწყებთ. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ჩასასვლელი გზის პროექტი, რა თქმა უნდა, ყიფშიძის ქუჩაზე ვითარებას აბსოლუტურად შეცვლის. ძალიან ბევრი წერილი მომდის, ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ განსაკუთრებით პიკის საათები პრობლემურია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია ასევე გამოთქვამს მზაობას, რომ მოსახლეობის თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ავტოფარეხების დემონტაჟიც განახორციელოს.

„იქ არის ფარეხები, რომელიც მოძრაობას და გადაადგილებას ასევე უშლის ხელს. თუ ადგილობრივი მოსახლეობა დაგვეხმარება და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ეს ფარეხები ავიღოთ, არსებულ ტერიტორიას მაქსიმალურად მოვაწესრიგებთ და მათ საშუალება ექნებათ, გამოიყენონ ისევ თავიანთი შვილებისთვის და საკუთარი თავისთვის - ტერიტორია, რომელიც იქნება ყველანაირად მოწესრიგებული და გამართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ დღეს, ვარკეთილის მეურნეობაში ჭიდაობის დარბაზი გაიხსნება.

„იქ იყო შენობა, რომელიც სპორტდარბაზად გადაკეთდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო არამარტო ჭიდაობის, არამედ ტანვარჯიშისა და ფიტნესის დარბაზებიც. პროექტის ღირებულება მილიონ ლარამდეა. ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდი, რომ ყველა რაიონს განსაკუთრებული ყურადღება მიექცეოდა და არ გვექნებოდა გამოყოფილი, პრიორიტეტული რაიონები, მხოლოდ ცენტრალური უბნები და ქუჩები. ჩვენთვის ყველა რაიონს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყველა უბანსა და ქუჩას ექცევა შესაბამისი ყურადღება, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. ვარკეთილის მეურნეობაში ადგილობრივ მცხოვრებლებს და მათ შორის, ახალგაზრდებს დავპირდით, რომ ამ პროექტს განვახორციელებდით და დაპირება შევასრულეთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის მიდგომაა, მულტიფუნქციური კომპლექსები ყველა რაიონში მოეწყოს, რომელიც თავის მხრივ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

07 ოქტომბერი 2020