თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და თბილისის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო პანდემიის პირობებში, მერიის შესაბამისი სამსახურები 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

„მიუხედავად იმ რთული მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო იმყოფება, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. არა იმ ტემპით და მასშტაბით, როგორც ეს წლის დასაწყისში ხორციელდებოდა, თუმცა სამუშაოები არ შეჩერებულა და ყველა მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ხაზი მინდა გავუსვა იმ მნიშვნელოვან სამუშაოებს, რომელიც დაცარიელებულ, მაგრამ ლამაზ თბილისში ამ გაზაფხულზე თვალნათლივ გამოჩნდა. ეს არის გამწვანების სამუშაოები, რომელიც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში განვახორციელეთ. ეს იმ ადამიანების დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც „ეკოსერვის ჯგუფში“ მუშაობენ, რისთვისაც მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქში ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის, ასევე, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულ ყველა კომპანიას. მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო გადაადგილება და ადამიანების სამუშაოებზე მოყვანა, პროექტები ერთი დღითაც არ გაჩერებულა. მინდა, მადლობა გადავუხადო „თბილისის განვითარების ფონდს“, თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს. სწორედ მათი შრომის შედეგია, რომ ქვეყანაში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, არ გაჩერებულა თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, თბილისის რაიონების გამგებლები საჭიროების მქონე ოჯახების დახმარების კამპანიაში არიან ჩართული.


„მინდა ასევე, დიდი მადლობა გადავუხადო გამგებლებს, გამგეობისა და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, ასევე, ყველა იმ მოხალისეს, ვინც ჩართულია ამ პროცესში, რადგან დღეს ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი დახმარება და თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დამატებითი საპრივატიზაციო აქტივების მოძიება დაავალა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

„ყველასთვის ცნობილია, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ საკმაოდ ნეგატიური გავლენა იქონია ეკონომიკურ მდგომარეობაზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არც თბილისია გამონაკლისი. სამწუხაროდ, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში არსებული სურათი გაუარესდა. თავის მხრივ, ამ ყველაფერმა ნეგატიური გავლენა იქონია ბიზნესსექტორზე და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდა კერძო სექტორი. მუნიციპალიტეტი და მთლიანად სახელმწიფო საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გვერდში დაუდგეს ბიზნესსექტორს და იმ კომპანიებს, ვინც ეკონომიკურ საქმიანობაშია ჩართულია. მინდა იცოდნენ, რომ ამ რთულ მდგომარეობაში ისინი მარტო არ დარჩებიან. ჩვენგან და ცენტრალური ხელისუფლებისგან ექნებათ მაქსიმალური თანადგომა, რომ ერთად გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დამატებითი საპრივატიზაციო აქტივების მოძიება ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტს შემოსავალს მოუტანს და მეორე მხრივ, კერძო სექტორში ეკონომიკურ აქტივობებს გაზრდის.

„ჩვენ მოგვიწევს გაასმაგებული შემართებით მუშაობა იმისთვის, რომ მინიმუმ იმ მდგომარეობამდე დავბრუნდეთ, რომელიც პანდემიამდე გვქონდა. მოგვიწევს უფრო თავდაუზოგავი, 24-საათიანი მუშაობა, რომ არსებული სიტუაცია გამოსწორდეს. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ მოიძიოს დამატებითი საპრივატიზაციო აქტივები - არა მხოლოდ უძრავი ქონება და მატერიალური აქტივი, არამედ სხვა, ნებისმიერი ტიპის აქტივი, რომლის პრივატიზაციაც შეიძლება და ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტს შემოსავალს მოუტანს და მეორე მხრივ, გაზრდის კერძო სექტორში ეკონომიკურ აქტივობებს. ჩვენ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეწყვეტილი გვქონდა საპრივატიზაციო მიმართულებით გარკვეული ნაკვეთების, შენობა-ნაგებობების გამოტანა, თუმცა დღეიდან ამ მიმართულებით მუშაობას დავიწყებთ. რაც შეიძლება მეტი პროექტი უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ მოხდეს მათი პრივატიზება და შემოსავლების ნაწილში რა პრობლემაც გვაქვს, მოგვარდეს. ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი უმოკლეს ვადაში იქნეს მოგვარებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დედაქალაქის მერი შეეხო, იპოდრომის მიმდებარედ, ე.წ. კორტების ტერიტორიაზე გასხვისებული მიწის ნაკვეთია, სადაც საცხოვრებელი კომპლექსები უნდა აშენებულიყო. მისი თქმით, ტერიტორია დედაქალაქს უკვე დაუბრუნდა და იქ სპორტული კომპლექსი მოეწყობა.

კახა კალაძის განმარტებით, დედაქალაქის მერიამ აღნიშნული ტერიტორიის ძველი ფუნქციით ქალაქისთვის დასაბრუნებლად, ხანგრძლივი შრომა და ძალისხმევა გასწია. უახლოეს დღეებში კი ტერიტორიის პრივატიზების მიზნით, აუქციონი გამოცხადდება.

„ჩვენ ამ თემას პანდემიამდეც არაერთხელ შევეხეთ. საქმე ეხება იპოდრომის მიმდებარედ, ჩოგბურთის ყოფილი კორტების ტერიტორიას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული იყო. ჩვენ ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ეს კონკრეტული ფართი დედაქალაქისთვის დაგვებრუნებინა. გვქონდა ხანგრძლივი მოლაპარაკება ინვესტორთან, შევთავაზეთ ადგილმონაცვლეობა და ეს ტერიტორია დღეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. მოსახლეობა შეწუხებული იყო იმ ფაქტით, რომ იქ უნდა აშენებულიყო საცხოვრებელი სახლები და სასტუმროები. ჩვენ დიდი ხნის შემდეგ და დიდი ძალისხმევის შედეგად, ეს ტერიტორია დავიბრუნეთ. დღეს ეს კონკრეტული ადგილი საპრივატიზაციოდ გამოგვაქვს სპორტული კომპლექსის აღდგენა-განვითარების პირობით. ანუ ეს იქნება პირობიანი პრივატიზაცია - ტერიტორიაზე უნდა აღდგეს ჩოგბურთის კორტები. ასევე, სავალდებულო იქნება საცურაო აუზისა და ფიტნესკლუბის მოწყობა. ქონება უკვე შეფასებულია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ და უახლოეს მომავალში ბიზნესსექტორს საპრივატიზაციოდ წარედგინება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ კერძო სექტორი აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მოსაწყობად იაქტიურებს.

„როგორც დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, კორტებს დავაბრუნებთ იმ ძველი ფუნქციით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძალიან ბევრი ადამიანი გაიზარდა ამ კონკრეტულ ადგილზე. ძველი ფუნქციით კორტების ქალაქისთვის დაბრუნება მნიშვნელოვანი იქნება როგორც ქალაქისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, „თბილისის ტაქსის“ მფლობელები ერთჯერადად, 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

თბილისის მერის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი მიმართულება დაზარალდა. მათ შორის არიან ტაქსის მძღოლები.

„თბილისის ტაქსის“ მფლობელებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხება, რომელიც ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს. ეს პროექტი ყველა ლიცენზირებული ტაქსის მძღოლს შეეხება. ამისთვის საჭირო იქნება გარკვეული, მინიმალური პროცედურების გავლა და შესაბამისი სამსახურებისთვის მონაცემების მიწოდება. ჯანდაცვის სამინისტროში იქმნება სპეციალური კომისია და ის პირები, ვინც კორონავირუსის პანდემიის პირობებში შემოსავალი დაკარგა, ცენტრალური ხელისუფლებისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ მათ დეტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოადგილეებს დაავალა, აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია ლიცენზირებული ტაქსების მძღოლებს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიაწოდონ.

გარდა ამისა, სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი, რომელიც ერთჯერადად, 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ მძღოლებსაც შეეხება. მძღოლებმა აღნიშნული დახმარების მისაღებად, მინიმალური პროცედურა უნდა გაიარონ, რომელიც დეტალურად, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„მძღოლებმა ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ შესაბამის კომისიას უნდა მიაწოდონ. მათ ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაეგზავნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალური ტრანსპორტის იმ მძღოლებს, რომლებიც კორონავირუსის პერიოდში საკარანტინო სივრცეებიდან მოქალაქეებისა და ექიმების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდნენ.

„თბილისის მერიამ საკარანტინო სივრცეებიდან გამოწერილი ადამიანების სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების ვალდებულება აიღო. დიდი მადლობა თანადგომისთვისა და თანამშრომლობისთვის მძღოლებს, რომლებიც რთულ ვითარებაშიც საქმიანობას განაგრძობდნენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

06 მაისი 2020