თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, მუნიციპალური სერვისების მიღება მოქალაქეებს დღეიდან რაიონული გამგეობების რვა განახლებულ სერვისცენტრში შეეძლებათ.

„თბილისის მერია ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სერვისის მიმწოდებელი სტრუქტურაა. პრაქტიკულად, მერიის საქმიანობის 80%-ს მუნიციპალური სერვისები წარმოადგენს. მოქალაქეთა მომართვიანობა მომსახურების ცენტრებში დღის განმავლობაში, 2500-3000-ს აღწევს. ასევე, ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს მოქალაქეებთან მერიის ცხელი ხაზის მეშვეობით. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ჩემმა გუნდმა წამოიწყო რეფორმები, რამაც მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა. სერვისცენტები პრაქტიკულად არ არსებობდა და გამგეობებში მოქალაქეებისთვის მომსახურება შეზღუდული მოცულობით გაიწეოდა. ჩვენ მომსახურება გამგეობებიდან გამოვიტანეთ და სერვისცენტრები ერთი ქუდის ქვეშ მოვაქციეთ. შესაბამისად, ნებისმიერი სერვისი, რომელიც მერიის ცენტრალურ სერვისცენტრში შეგიძლიათ მიიღოთ, დღეიდან ათივე რაიონში იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საბურთალოსა და კრწანისის რაიონებში მდებარე სერვისცენტრების რეაბილიტაცია ვერ განხორციელდა, რადგანაც კრწანისის გამგეობას საკუთარი შენობა არ აქვს. მისი განმარტებით, გამგეობის შენობის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, სადაც სერვისცენტრიც იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება საბურთალოს რაიონის სერვისცენტრს, გამგეობაში მომსახურების გასაწევად შესაბამისი კომფორტული სივრცე არ არსებობს, რისთვისაც ფართის შერჩევა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სერვისცენტრების რეაბილიტაციის შედეგად, შექმნილია მოქალაქეზე ორიენტირებული გარემო, მოხსნილია ხელოვნური ბარიერები, ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე, მოწყობილია ტაქტილური ბილიკები და შესაბამისი დაფა ბრაილის შრიფტით. მოქალაქეებს რაიონულ სერვისცენტრებში მომსახურების მიღება 09:00-დან 18:00 საათამდე შეეძლებათ, ხოლო მერიაში არსებულ სერვისცენტრში - 09:00-დან 20:00 საათამდე.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ 10 მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება. თბილისის მერმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს დაავალა, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდონ და ადგილზე საინფორმაციო ჯიხურები განათავსონ.

„ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან დაკავშირებით გასულ წელს ორი საპილოტე პროექტი განვახორციელეთ. ეს არის კოტე აფხაზის ქუჩა და ორბელიანის მოედანი მიმდებარე ქუჩებით. რეფორმა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. შემდეგი ქუჩა, სადაც გვინდა ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება განვახორციელოთ, ბარათაშვილის ქუჩაა. 10 მარტიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ვთხოვ, მოსახლეობის სრული საინფორმაციო უზრუნველყოფა მოახდინონ. ასევე, განვათავსოთ სპეციალური საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ადგილობრივებს ექნებათ შესაძლებლობა, სრული ინფორმაცია მიიღონ. პარკირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო იქნება, თუმცა მათ საკუთარი ავტომობილები შესაბამის პორტალზე უნდა დაარეგისტრირონ. თუ საჭირო იქნება, დავბეჭდოთ საინფორმაციო ბუკლეტებიც და მოსახლეობას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირება შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის ბარათაშვილის ქუჩაზეც უფასო იქნება.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდება. დამტენები უკვე დამონტაჟებულია გლდანში, საბურთალოზე, ნაძალადევში, დიდუბეში, ვაკეში, სამგორში, ჩუღურეთსა და ისანში. ჩატარებული აუქციონის პირობების თანახმად, ჯამში, დედაქალაქის მასშტაბით, ორ ეტაპად, 60 ელექტროდამტენი უნდა დამონტაჟდეს.

„ჩვენ შევქმენით სპეციალური ვებპლატფორმა - WWW.CHARGERS.TBILISI.GOV.GE, სადაც ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ, რეგისტრაცია გაიარონ. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში 118 მოთხოვნაა დაფიქსირებული. კონკრეტულ ადგილებზე უკვე დამონტაჟებულია 28 დამტენი, ასევე, 12 -ის მონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ ერთი წლის შემდეგ, დამტენებით სარგებლობა ფასიანი იქნება. ფასი მას შემდეგ დადგინდება, რაც აუქციონს გამოვაცხადებთ და გამარჯვებული კომპანია გვეყოლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ელექტრომობილების მფლობელებს აქტიურობისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ რეგისტრაციის შემდეგ, პრიორიტეტი იმ ადგილს ენიჭება, სადაც მოსახლეობის მხრიდან მომართვიანობა მეტია.
კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა. მისი თქმით, სამგორის რაიონში მდებარე კაიროს დასახლებაში, ლორთქიფანიძის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების პარალელურად, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. სამუშაოების ფარგლებში, არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა და მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად მოწესრიგდება.

„კაიროს დასახლებაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. იცით, თუ რამდენად დიდ ყურადღებას ვუთმობთ დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებით. კაიროს დასახლებაში, ლორთქიფანიძის ქუჩა და მიმდებარე ჩიხები საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, სრულად იქნება მოწესრიგებული. დღემდე აქ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მუშაობდა, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებდა. აღნიშნული სამუშაოები კონკრეტულ ჩიხებში უკვე დასრულებულია, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ვახორციელებთ. აქ უმძიმესი მდგომარეობა იყო - არ არსებობდა არც წყალარინების ქსელი, არც წყალი და ასფალტი. მოქალაქეებს უმძიმეს პირობებში უწევდათ ცხოვრება, უბანი კი მჭიდროდ დასახლებულია. ეს ჩვენი დაპირება იყო, რომელსაც ვასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა დიზაინერულ კომპანიებს მოუწოდა, მეტროსადგურების განახლების პროცესში ჩაერთონ. მისი თქმით, დიზაინის შემუშავების შემდეგ, უშუალოდ, მეტროსადგურების განახლების პროექტი განხორციელდება.

„ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დაწყებული გვაქვს მეტროში მთელი რიგი სარეაბილიტაციო სამუშაოები - ძალოვანი კაბელების ცვლილება, არსებული ვაგონების განახლება-ჩანაცვლება და ა.შ. ყველაზე მთავარი კი არის ჩვენი მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკვე გვაქვს კონკრეტული პროექტები და გვინდა, ვთხოვოთ ყველა იმ კომპანიას, ვინც დიზაინით არის დაკავებული, აღნიშნულ პროცესში ჩაერთონ. მათ მივაწვდით სრულ ინფორმაციას ამ სადგურებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, მათი ჩართულობითა და მხარდაჭერით, მეტროსადგურების საუკეთესო დიზაინი გვექნება და შემდეგ უკვე უშუალოდ, პროექტის განხორციელება მოხდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დიზაინის შემუშავების შემდეგ, მეტროსადგურების განახლების პროექტის განხორციელება დაიწყება.

„გარკვეული კვლევები, რაც საჭირო იყო დიზაინის შექმნამდე, უკვე ჩატარებულია. მაგალითად, ამდენი ხნის განმავლობაში მეტროსადგურ „ვარკეთილის“ განახლება ვერ მოვახერხეთ. ეს ჩვენი სირცხვილია, თუმცა აქ იყო გარკვეული პრობლემები იმიტომ, რომ საქართველოში არ მოიძებნა კომპანია, რომელიც შეძლებდა, სრულყოფილი კვლევა ჩაეტარებინა და შემდეგ დაედო დოკუმენტაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრობლემის მოგვარება, რაც იქ ორი წლის წინ მოხდა. დღეს, უკვე გვაქვს სრულყოფილი დოკუმენტაცია. შემდეგი ეტაპი ვიზუალიზაცია და დიზაინია. მინდა, შესაბამის სტრუქტურებს გთხოვოთ, ყველა კომპანიას მივაწოდოთ არსებული დოკუმენტაცია, რათა ჩვენი მეტროსადგურები ერთ-ერთი საუკეთესო იყოს. დიზაინის შემუშავების სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება. ამისთვის საკმარისი თანხებიც გაგვაჩნია. შემდეგ კი, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყებთ მუშაობას პროექტის განხორციელების მიმართულებით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც კახა კალაძემ ისაუბრა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაა“. მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით, აღნიშნული მიმართულებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი გაზრდილია.

„ჩვენ ამ მიმართულებით, გასულ წელს მთელი რიგი ცვლილებები და რეფორმები განვახორციელეთ. იცით, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ შეგროვილი თანხა სხვა რომელიმე პროექტზე იხარჯება. თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა განკარგონ ეს თანხა. გასულ წელს ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა. წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტი გავზარდეთ. ამიტომ, მინდა დაგავალოთ და გთხოვოთ, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის საცხოვრისის მართვისა და განვითარების მიმართულებით ტრენინგების ჩატარება უზრუნველყოთ. შეხვდით ამ ადამიანებს, ჩაატარეთ ტრენინგები - აუხსენით, თუ როგორ იყვნენ უფრო ეფექტური, როგორ აითვისონ ის თანხები, რაც ამ მიმართულებით არის გამოყოფილი. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა, რომელიც სხვადასხვა პროექტის სახით, მიმდინარე წელსაც განხორციელდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

29 იანვარი 2020