თბილისში შვედეთ-საქართველოს მეგობრობის კუთხე გაიხსნა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საქართველოში შვედეთის ელჩთან, ულრიკ თიდესტრომთან ერთად, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე პარკში შვედეთ-საქართველოს მეგობრობის კუთხე გახსნა და სიმბოლურად ხე-მცენარეები დარგო.

პარკში ამჟამად მასშტაბური რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც თბილისის მერი შვედეთის ელჩთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, პარკი რეაბილიტაციის შემდეგ დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე სივრცე იქნება და იქვე, ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით, სპორტული ცენტრიც აშენდება.

„ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში ძალიან კარგი პროექტი ხორციელდება. თანამედროვე და კომფორტული პარკი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე მოეწყობა. პარკში წარმოდგენილია ქართულ-შვედური პატარა კუთხე, სადაც დღეს ელჩთან ერთად, სიმბოლურად, ჩვენი ქვეყნების მეგობრობის აღსანიშნავად მწვანე ნარგავები დავრგეთ. რაც შეეხება თავად პროექტს, რეაბილიტირებულ პარკში ყველა თაობის ადამიანს ექნება დასვენების შესაძლებლობა. ბავშვებისთვის იქნება სპეციალური სივრცე. ასევე, მიმდინარეობს შადრევნის რეკონსტრუქციის სამუშაოები. პარკის გარშემო ბევრი საცხოვრებელი კორპუსია და, შესაბამისად, ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ასეთი კარგი ადგილი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. რეაბილიტაციის შემდეგ კი, გარწმუნებთ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე სივრცე ქალაქში. აქვე, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად სპორტული ცენტრი გაკეთდება.   მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას კი უახლოეს პერიოდში დავიწყებთ. სამგორის რაიონი იქნება ყველანაირად კეთილმოწყობილი, გალამაზებული თავისი პარკებით, სკვერებით და სპორტული ცენტრებით. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს ერთნაირი მიდგომები ყველა რაიონის მიმართ, ეს იქნება საგზაო ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობა, პარკების თუ სკვერების რეაბილიტაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, შვედეთის ელჩმა საქართველოში, ულრიკ თიდესტრომმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერს პროექტის მხარდაჭერისთვის და სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ეკოლოგიურ საკითხებზე, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ვარკეთილის პარკში ქალაქ თბილისის მერთან და შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ და შვედეთში კურსდამთავრებულთა საქართველოს ქსელის წევრებთან ერთად. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ქალაქების განვითარებაზე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პარკებს და მწვანე სივრცეებს ჩვენი კეთილდღეობისთვის და გარემოსთვის. მსურს მივულოცო თბილისის და განსაკუთრებით, ამ პარკის გარშემო მაცხოვრებლებს. მართალია, შვედეთ-საქართველო კუთხე არ არის დიდი, მაგრამ ის არის სიმბოლო ჩვენი მეგობრობის, მჭიდრო თანამშრომლობის და პარტნიორობის გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების საკითხებში. შვედეთი გააგრძელებს ქართველ პარტნიორებთან მუშაობას, რომ ქალაქები გახადოს უფრო სუფთა და უფრო მწვანე. ვიმუშავებთ ნარჩენების მართვაზე, კანალიზაციის წყლების მართვაზე, სკოლებში ენერგოეფექტურობაზე, სუფთა ტრანსპორტზე.

მსურს, მადლობა გადავუხადო პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ წარმომადგენლებს და შვედეთში კურსდამთავრებულებს, რომელთა დახმარებითაც 150 ხე ირგვება ამ პარკში. ეს ხეები სპეციალურად შეირჩა ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით“, - განაცხადა შვედეთის ელჩმა საქართველოში.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

31 ოქტომბერი 2019