თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

დედაქალაქის მერი პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტს გამოეხმაურა და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

„მინდა, მივულოცო მამუკა ბახტაძეს ეს წარმატებული ვიზიტი. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ის რეფორმები და წინსვლა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში განხორცილდა, ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინ სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ: „საქართველოს ზრდა და განვითარება თავისუფალი ერის სახით ცხადყოფს, რომ ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას“ და რომ ის ამაყობს ჩვენი პარტნიორობით. სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მსგავსი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა იმას, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც დავიწყეთ, ძალიან მნიშვნელოვანია; საუბარი შეეხო ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობას, რასაც ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა აქვს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც პირველი აგვისტოდან კოტე აფხაზისა და აბანოთუბნის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება. მისი თქმით, პროგრამის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია სპეციალური ბუკლეტების სახით მიეწოდება. ასევე, კოტე აფხაზის ქუჩაზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება.

„პირველი აგვისტოდან ძალაში შედის ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის) და აბანოთუბნის მიმდებარე ქუჩებზე. სამართლებრივი აქტი გამოცემულია, საკრებულოს მიერ ტარიფები უკვე დამტკიცებულია. ახლა ყველაზე მთავარი მოსახლეობის ინფორმირებაა. ამიტომ, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მინდა დავავალო, რომ აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიეწოდოს ადგილობრივ მცხოვრებლებს. ამისთვის ჩვენ სპეციალურ ჯიხურებს განვათავსებთ, სადაც ყველას შეეძლება მივიდეს, დასვას შეკითხვები და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია. ასევე, სპეციალურ ბუკლეტებს დავბეჭდავთ და აღნიშნულ ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს დავურიგებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებლებს, ასევე, ელექტრომობილების მფლობელებს, შშმ პირებსა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გარკვეული შეღავათები ექნებათ.

„ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინც კოტე აფხაზის ან მიმდებარე ქუჩებზე ცხოვრობს, პარკირება უფასო იქნება. უფასო იქნება ელექტრომობილების მფლობელებისთვისაც, ხოლო შშმ პირთათვის და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის გამოიყოფა სპეციალური ადგილები, სადაც პარკირება უფასო იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურს, თბილისის მერის განცხადებით, ფასიანი პარკირება ზონებად დაიყოფა და ფასებიც განსხვავებული იქნება.

„პირველ აგვისტომდე ფასიანი პარკირების ზონებზე შესაბამისი მონიშვნები დაიხაზება და საგზაო ნიშნებიც განთავდება. ფასიანი პარკირებები სამ - A, B და C ზონებად დაიყოფა. პარკირების საფასური A ზონაში საათში ერთ ლარს შეადგენს, B ზონაში - 2 ლარს, ხოლო C ზონაში - 3 ლარს. რაც შეეხება გადახდის ფორმას, ეს შესაძლებელი იქნება გადახდის აპარატებით. ასევე, ოფიციალური ვებგვერდის - parking.tbilisi.gov.ge-ის საშუალებით. ამასთანავე, სმარტფონებზე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Tbilisi Parking და აქედანაც გადაიხდით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერი ტაქსების რეფორმასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეღავათიან პირობებში საბანკო პროდუქტებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ.

მისივე თქმით, მათ კონსულტაციები ჰქონდათ საბანკო სექტორთან და უახლოეს რამდენიმე დღეში, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის კონკრეტული შეღავათიანი წინადადება ამოქმედდება, რათა მათ შეღავათიანი სესხის მიღება და არსებული ავტომობილების ახლით ჩანაცვლება შეძლონ.

„ტაქსების რეფორმა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი მიმართულებაა. ამ მიზნით, ჩვენ ტაქსის მძღოლებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფთან ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ და ბევრი რამ დავთმეთ. გვსურს, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ ტაქსის მძღოლებს და მეორე მხრივ, დედაქალაქში ტაქსები იყოს მოწესრიგებული, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ, იყვნენ კმაყოფილი. ასევე, ტაქსები იყოს სუფთა და ავტომობილები გამართული, რადგანაც ზოგადად, ტაქსი ქალაქის სახეა და ყველა განვითარებულ ქალაქში ასეთი მიდგომაა. ეს რეფორმის პირველი ეტაპებია. შემდგომი წლების განმავლობაში, იგი კიდევ უფრო დაიხვეწება და საინტერესო მოთხოვნები იქნება, რათა ეს სფერო მოწესრიგდეს. ტაქსის მძღოლების განცხადებით, მათი შემოსავალი არსად არ არის დაფიქსირებული და ამიტომ, მათ უჭირთ ბანკებიდან სესხის აღება, ავტომობილების შეძენა და ასე შემდეგ. ეს მათთვის სერიოზული პრობლემაა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საბანკო სექტორთან. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მივაღწიეთ შეთანხმებას. მომდევნო სამი-ოთხი დღის განმავლობაში, თავად ბანკები ამის შესახებ განცხადებას გააკეთებენ და კონკრეტული შეთავაზები იქნება ტაქსის მძღოლებისთვის. კონკრეტული პროგრამები მზადდება, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, აიღონ სესხი და ჩაანაცვლონ ავტომობილები. იქნება იაფი კრედიტები და ხელშეწყობა ტაქსის მძღოლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კიდევ ერთი სიახლის შესახებაც ისაუბრა. კერძოდ, თბილისის მერიის ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დამტკიცა, რის შედეგადაც, ცხოველებისადმი არასათანადო და სასტიკი მოპყრობისთვის გათვალისწინებული სასჯელის ზომები გამკაცრდა.

მისი თქმით, ცხოველის წამების პირველივე შემთხვევაში, რასაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოყვება, განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა - პატიმრობა.

„ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობის შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოვახდინეთ და საქართველოს პარლამენტმა ის მესამე მოსმენით მიიღო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და მინდა, პარლამენტის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო. ცხოველის წამების პირველივე შემთხვევაში, რასაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოყვება, განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა - პატიმრობა. ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა ვნახეთ, თუ როგორ კლავდნენ და ასახიჩრებდნენ ცხოველებს. ეს ძალიან მძიმე სანახავია და ამ მიმართულებით, კანონის გამკაცრება მნიშვნელოვანია. ასევე, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია, ადმინისტრაციული სახდელის ზომა გაიზარდა 500 ლარამდე. არასრულწლოვნის მიერ ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, მშობლის პასუხისმგებლობა განისაზღვრა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების საშუალებით, სამომავლოდ, ცხოველებისადმი არასათანადო და სასტიკი მოპყრობის ფაქტების პრევენცია მოხდება.

„აღნიშნული ცვლილებებით, რა თქმა უნდა, კანონი შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან და რაც მთავარია, დადგენილი ნორმები და ჩვენს მიერ განხორციელებული ცვლილებები პრევენციას მოახდენს, რომ სამომავლოდ, მსგავს შემთხვევებს ადგილი არ ჰქონდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, თბილისის მერია დიდ დიღომში მცხოვრებ 21, ხოლო ისანში მცხოვრებ ერთ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს. კახა კალაძის განცხადებით, ბიუროკრატიული ბარიერების გამო, აღნიშნული მოქალაქეები წლების განმავლობაში ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ.

„იცით, რომ დაწყებული გვაქვს ბინების დარეგისტრირების პროექტი და გასული წლიდან დღემდე, საკმაოდ ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. ამჯერად, დიდი დიღმის II მიკრორაიონში, კორპუსი N27ა-ში მცხოვრებ 21 ოჯახს საცხოვრებელი ფართები ერთ ლარად, სიმბოლურ ფასად გადაეცემა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში აქ ცხოვრობდნენ და გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ასევე, ისანში, მელაანის V შესახვევის N20-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს საცხოვრებელი ფართები ერთ ლარად გადაეცემა. მინდა მივულოცო მათ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, იმ მოქალაქეებმა, რომლებიც საცხოვრებელი ფართების დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ, რაიონულ გამგეობებს უნდა მიმართონ.

„მერია სიმბოლურ ფასად საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესს განაგრძობს და ვისაც აღნიშნული პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებს, ფართის დარეგისტრირებას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს რაიონულ გამგეობას, რომელიც მერიასთან შუამდგომლობას მოახდენს. საბოლოო გადაწყვეტილებას უკვე ჩვენ მივიღებთ. მზად ვართ, მთავრობის მომდევნო სხდომებზეც ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება გვქონდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო კვლევისა და ფუნქციური ზონირების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი გამოცხადდა.

მისი თქმით, ვაკის პარკისთვის უნდა შეიქმნას სრულყოფილი პროექტი ისე, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს პარკის ისტორიული იერსახე.

„ვაცხადებთ კონკურსს ვაკის პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო კვლევის, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე. კონკურსი ცხადდება იმისთვის, რომ მომზადდეს პროექტი, რომლის მიხედვითაც, შემდეგ პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება. იცით, რომ ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში ჩვენ უხეშ ჩარევებს ვერ განვახორციელებთ, თუმცა არსებული პარკი რომ უნდა მოწესრიგდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით. პარკი სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. რეაბილიტირებული სივრცე კი მიმზიდველი უნდა იყოს ყველა თაობის ადამიანისთვის. პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები. რეაბილიტირებული პარკით თითოეული ჩვენგანი იამაყებს. რაც შეეხება გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებას, ის 613 600 ლარს შეადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთ სიახლეზე ისაუბრა. კერძოდ, დედაქალაქის მერიამ ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციაზე კონკურსი გამოაცხადა.

კახა კალაძის თქმით, წლების განმავლობაში მიტოვებული კასკადის აღდგენა, როგორც თბილისის მცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ვაკის პარკში არსებული კასკადი. ვაკის პარკი კასკადის გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია, თუმცა დღეს ეს კასკადი რომ უმძიმეს მდგომარეობაშია, ყველამ ვიცით. კონკურსის მოთხოვნებით უნდა გამოიცვალოს კასკადის დაზიანებული ქვის საფარი, აღდგეს კიბეები და მის გასწვრივ მოეწყოს მწვანე საფარი, მოაჯირები და ღამის განათება. ასევე, უნდა მოეწყოს კასკადის და შადრევნების მუსიკალური გახმოვანების სისტემა. კასკადის ზედა წერტილში უნდა მოეწყოს გადმოსახედი მოედანი, ასევე, საფეხმავლო ბილიკი კუს ტბამდე. კასკადის მუშაობისთვის არსებული სატუმბო უნდა ჩანაცვლდეს სრულიად ახალი თანამედროვე სადგურით. პროექტის ღირებულება 320 ათასი ლარია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თემქის ხევში ახალი საქალაქო პარკის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა. ტენდერის გამოცხადებამდე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევები, რომელმაც ტერიტორიის განვითარების პერსპექტივა განსაზღვრა.

„რა თქმა უნდა, არსებული პარკების მოვლა-პატრონობა, რეაბილიტაცია, მოწესრიგება მნიშვნელოვანია, მაგრამ ქალაქში უნდა აშენდეს ახალი საქალაქო პარკები, რაც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის რჩევაც იყო. თემქის ხევში, რომელიც 20 ჰექტარზეა გადაჭიმული, ჩატარდა წინასაპროექტო კვლევა, უკვე გვაქვს გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, დენდროლოგიური და სხვა ტიპის დასკვნები და ეს ადგილი განისაზღვრა იმისთვის, რომ აქ ავაშენოთ ახალი საქალაქო პარკი. ეს მართლაც ულამაზესი ადგილია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ძალიან მაგარი პარკი გამოვა - მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, საფეხმავლო და ველობილიკებით, დასასვენებელი ადგილებით, საბავშვო სივრცეებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ კონკურსზე წინადადებების წარდგენა 17 ივნისს დასრულდება, პროექტის ღირებულება კი 413 000 ათას ლარს შეადგენს.

თემქის ხევის გარდა, თანამედროვე დიზაინის, მრავალფუნქციური პარკის მოწყობა დიღმის ჭალებშიც იგეგმება, რომლის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ ტენდერში მონაწილეობას კეთილსინდისიერი კომპანიები მიიღებენ.

„დიღმის ჭალების ტერიტორიაზე ახალი საქალაქო პარკის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რადგან ყველამ ვიცით, მწვანე სივრცეების არსებობას რამხელა მნიშვნელობა აქვს. დიღმის ჭალები დაახლოებით, 15 ჰექტარზეა გადაჭიმული. ჩვენ აქ უკვე პროექტიც გვაქვს, ყველანაირი კვლევაც ჩატარებულია და უკვე სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერს ვაცხადებთ. დარწმუნებული ვარ, რომ კეთილსინდისიერი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას და უხეში გადაწყვეტილებების მიღება არ მოგვიწევს, როგორც მრგვალი ბაღისა და სხვა პროექტების შემთხვევაში იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, მნიშვნელოვანია სამუშაოების სწრაფად განხორციელებაც, რომ რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ ის ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში, რომელიც არავის მოგვწონს და ყველას გვაზიანებს. ამიტომ, მეტი მწვანე სივრცე, მეტი პარკი და სარეკრეაციო ზონა გვჭირდება. შესაბამისად, ეს პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ამ მიმართულებით. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დიღმის ჭალების პარკი ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცე იქნება ყველა ასაკის ადამიანისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ მდინარე ვარაზისხევის ხეობის ზედაწელის 200 ჰა ფართობზე, რომელიც ნ. ჟვანიას, ღოღობერიძის, ჯაფარიძისა და მარაბდის ქუჩებს მოიცავდა, საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევები ჩატარდა.

„ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აქ განაშენიანების რეგულირების ძალიან ბევრი გეგმა და სამშენებლო მოედანი იყო გამზადებული იმისთვის, რომ მშენებლობები დაწყებულიყო. ინვესტორებისგან ძალიან დიდი შემოტევა იყო, თუმცა ჩვენთვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ყველა სამშენებლო ნებართვა შევაჩერეთ და ჩავატარეთ კვლევა, რომ გაგვეგო რეალურად, არის თუ არა საფრთხის შემცველი ეს კონკრეტული ფერდები და ქუჩები. როდესაც ჩვენ ქალაქის სწორ განვითარებაზე ვსაუბრობთ, ზუსტად მსგავსი კვლევების ჩატარებაა მნიშვნელოვანი. არავისთვის საწყენი არ უნდა იყოს, რატომ არ ხდება ნებართვების გაცემა. როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება, უკომპრომისო ვიქნებით და ვერ დავუშვებთ ისეთ ადგილებში მშენებლობის ნებართვის გაცემას, რომელიც შეიძლება სამომავლოდ პრობლემა იყოს. შესაბამისად, ის გრგ-ები და ნებართვები, რომლებიც მშენებლობის ნებართვის მიღებას ელოდებოდნენ, ამ კონკრეტულ არეალში უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ჩატარებული კვლევების შესახებ დეტალურად თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ ისაუბრა.

„ჟვანიას ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის (მარცხენა და მარჯვენა ფერდების) კვლევა მერის დავალების შესაბამისად ჩატარდა. ორივე ფერდის ძალიან დეტალური კვლევა მოხდა, რომელიც დაახლოებით, 200 ჰა-ზე ჩატარდა და რომელმაც აღნიშნული ფერდების გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოსაინჟინრო მდგრადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვცა. სამწუხაროდ, ის მოლოდინები, რაც აღნიშნულ ფერდებთან დაკავშირებით გვქონდა, დადასტურდა. განსაკუთრებით, საუბარია მარჯვენა ფერდის მძიმე გეოლოგიურ-ჰიდროლოგიურ მდგრადობასთან დაკავშირებით. იქედან გამომდინარე, რომ ახალი მენეჯმენტის დროს, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა და დამტკიცებული გრგ შეუსაბამო გრგ-დ გამოცხადდა, აღნიშნულმა კვლევამ დაადასტურა, რომ სწორად მოვიქეცით, როდესაც გამზადებული სამშენებლო ნებართვები არ გავეცით, რადგანაც პრობლემა შეიძლება შეექმნას ყველა იმ პროექტს, რომლის განხორციელებაც მარჯვენა ფერდზე იყო გადაწყვეტილი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

რაც შეეხება უკვე გაცემულ სამშენებლო ნებართვებსა და დაწყებულ სამშენებლო სამუშაოებს, მერის მოადგილის განმარტებით, უკვე აშენებულ ობიექტებთან მიმართებით, დამატებითი ღონისძიებები გატარდება, რომელიც მარჯვენა ფერდზე არის განთავსებული.

„კვლევის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დამატებითი პრევენციული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ქვათა ცვენისა და გეოლოგიური მდგრადობიდან გამომდინარე. ასევე, ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა „ბალტიკ დეველოპმენტის“ წარმომადგენლებთან, რადგან მარცხენა ფერდზე ქვათა ცვენის საშიშროება არსებობს. შესაბამისად, მათ მიეცათ რეკომენდაციები და ქვათა ცვენის საწინააღმდეგოდ, დამატებით ღონისძიებებს გაატარებენ. მათთან მოლაპარაკების გზით გადაწყდა, რომ აღნიშნულ ხევში ასევე, ჰიდროლოგიური ნაწილია გასაუმჯობესებელი და ისინი მოწყობილ წყალგამტარს 1.5 მეტრით აამაღლებენ, როგორც ეს კვლევის შედეგებშია ასახული. აღნიშნული ღონისძიება კვლევისა და ექსპერტების დასკვნის საფუძველზე, ასწლოვანი პოტენციური წყალმოვარდნის დროს, რაიმე სახის რისკს მთლიანად გამორიცხავს“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა შშმ პირთა საკითხებზე მუშაობის მიმართულებით თბილისის მერიის აქტივობებზე, ასევე, შესაბამის პროგრამებზე ისაუბრა. მისი თქმით, მერიის ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე, ჯანდაცვისა თუ სპორტის არაერთი პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს მაქსიმალურად ითვალისწინებს.

„ის, რომ შშმ პირების საკითხი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ გაკეთებული საქმით დასტურდება. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ჩვენ ქალაქში ვახორციელებთ. ამ პროექტებს ვახორციელებთ ისე, რომ ყოველთვის ხდება ადაპტირება შშმ პირებისთვის მათივე ჩართულობით. ასევე, ადაპტირებულია ყველა ახალი ავტობუსი და მომავალში შეძენილი ყველა სატრანსპორტო საშუალება იქნება ასეთივე. რაც შეეხება სპორტს, თბილისის მერიას აქვს პარასპორტის განვითარების ცენტრი, რომელშიც სპორტის 15 სახეობაში 192 შშმ სპორტსმენი გადის მომზადებას. ამ ცენტრმა სერიოზული გავლენა იქონია ჩვენს პარასპორტსმენთა წარმატებაზე საერთაშორისო დონეზე, რაც პირადად ჩემთვის ნამდვილად სიამაყის საფუძველია. მათ მომავალშიც ჩვენგან ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა იმისთვის, რომ უფრო მეტად წარმატებულები იყონ. ამ თემაზე საუბრის დროს, უნდა შევეხო მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებას. საქართველოს პარლამენტმა 29 მაისს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, სატრანსპორტო საშუალების პარკირება შშმ პირის სატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე დაჯარიმდება 50 ლარით (ნაცვლად 10 ლარისა). ეს გაზრდილი ჯარიმა ძალაში 13 ივლისიდან შევა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით თბილისის მერიაში 10-მდე პროგრამა მუშაობს, რომელიც შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მაქსიმალური უზრუნველყოფისკენაა მიმართული. აღნიშნული პროგრამებისთვის ყოველწლიურად, 7 927 000 ლარია გამოყოფილი და 4 650-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი სარგებლობს.

თბილისის მერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე დაინტერესდა, თუ როდის დასრულდება მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული კითხვით მან მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს მიმართა და სთხოვა, საზოგადოებისთვის მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტის ცვლილების გამო, ესტაკადის მშენებლობის დასრულების ვადები გაიწელა.

„ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს, თუ როდის დასრულდება ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა. მინდა განმარტება გავაკეთო, რომ მშენებლობის პროექტი შეიცვალა. გვსურდა, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა იქ არსებული ხე-მცენარეები. თუ არ ვცდები, პირველი პროექტით, იქ 100-მდე ხე უნდა მოჭრილიყო, რაც სერიოზული პრობლემა იყო და კერძო საკუთრებასაც ვეხებოდით. შესაბამისად, პროექტის ცვლილების გამო, დრო გაიწელა. სამუშაოების დასრულებას ბევრი ადამიანი ელოდება, რადგან საცობის გამო, გამზირზე ჩამოსვლა სერიოზული პრობლემაა. ამ პროექტის განხორციელება მოსახლეობისთვის ძალიან დიდი შვება იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ვაშლიჯვრის ესტაკადაზე ძირითადი, კონსტრუქციული ტიპის სამუშაოები უკვე დასრულებულია.

„ორი დღის წინ დასრულდა მოაჯირების მონტაჟი. რადგანაც ესტაკადის დასრულების შემდეგ, მაღალი ინტენსივობით მოძრაობა იქნება, მივიღეთ გადაწყვეტილება, იგივე ტიპის ასფალტი გამოვიყენოთ, რაც ბარათაშვილის აღმართზე. ეს სამუშაოები დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება და შემდეგ, მოსახლეობა შეძლებს, აღნიშნული ესტაკადით ისარგებლოს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

12 ივნისი 2019