თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

კომპანია „Deloitte საქართველომ“ თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევა წარადგინა, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით განხორციელდა. ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია თბილისის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ინტერესის გაზრდა ამ ეტაპზე ნაკლებად განვითარებული სექტორების და ქვესექტორების მიმართ, რომლებსაც ზრდის კარგი პოტენციალი გააჩნიათ.

როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკური სექტორების დივერსიფიცირება   და   ახალი   საინვესტიციო   მიმართულებების   განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისის მდგრადი განვითარებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის   მერიის დაკვეთით „Deloitte საქართველომ“ განახორციელა თბილისის საინვესტიციო   პოტენციალის სექტორული კვლევა, რომელიც მოიცავდა თბილისის მიმდინარე ეკონომიკურ მიმოხილვას, არსებული სექტორების შეფასებას და საინვესტიციო და პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირებასა და ანალიზს. კვლევა   მნიშვნელოვანია დედაქალაქის გრძელვადიანი, მდგრადი ეკონომიკური   განვითარების უზრუნველყოფისთვის. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და ეს კვლევაშიც კარგად გამოჩნდება, თუ რამდენად დიდი რესურსი გააჩნია ჩვენს ქალაქს, მაგრამ აქ მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ უნდა მოხდეს ქალაქის სწორი განვითარება. ჩვენ ეს პრობლემები წლების განმავლობაში გვქონდა და შედეგიც სახეზეა. ჩვენ მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ და დავნერგეთ განსხვავებული მიდგომები. რა თქმა უნდა, ქალაქი უნდა განვითარდეს, წინ უნდა წავიდეს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად, ხარისხიანად. ის მიდგომები და დამოკიდებულება, რაც წლების განმავლობაში იყო - ვაშენებ სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა - ნამდვილად არ გამოვა. ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ზოგადად, სამშენებლო სექტორი და ბიზნესიც გადაეწყო იმ მოთხოვნებსა და მიდგომებზე, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო განსაზღვრული. ზუსტად ასე იქნება ქალაქის სწორად განვითარება შესაძლებელი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერიის ეკონიმიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის ანდრია ბასილაიას განმარტებით, აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანი დოკუმენტია ქართველი და უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც თბილისში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ.

„აღნიშნული კვლევა ემსახურება თბილისის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის, ასევე, თბილისის ეკონომიკის დივერსიფიკაციას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობს, რომ ინვესტირება მოხდეს ისეთ სექტორებსა და ქვესექტორებში, სადაც ზრდის მაღალი პოტენციალია. გამოკვეთილი სექტორებია ტურიზმი, საცალო ვაჭრობა, კრეატიული სექტორი. შესწავლილ იქნა ჯანდაცვის სექტორი - პლასტიკური ქირურგია, ასევე, ფარმაცევტიკა და გამოიკვეთა ბიდიოსექტორი ანუ ბიზნესპროცესების აუთსორსინგი. კვლევაზე დაიხარჯა დაახლოებით, 160 000 ლარამდე. კვლევა საჯაროა, ის უკვე განთავსებულია მერიის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა ინვესტორისთვის, ვინც ინვესტიციის ჩადებას აპირებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავაინტერესოთ ინვესტორები, რათა მეტი ინვესტიცია განახორციელონ“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

კვლევა მოიცავს თბილისის მიმდინარე ეკონომიკურ მიმოხილვას, არსებული სექტორების შეფასებას, საინვესტიციოდ პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირებასა და ანალიზს.

კვლევის მიხედვით, პრიორიტეტი მიენიჭა სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის, გართობისა და ვაჭრობის, ფარმაცევტულ და კრეატიულ სექტორებს. იდენტიფიცირებული სექტორების მიხედვით მომზადდა დეტალური რეკომენდაციები ინვესტორებისა და თბილისის მერიის სამომავლო თანამშრომლობისთვის, რაც მოიცავს სექტორში ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებს და მუნიციპალიტეტის მხრიდან მხარდამჭერ ღონისძიებებს.

„Deloitte საქართველომ“ იდენტიფიცირებული სექტორების მიხედვით შეისწავლა წარმატებული მაგალითები რამდენიმე ევროპული ქალაქის მიხედვით და თბილისის მერიას წარუდგინა რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული სექტორების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის და განვითარების მიმართულებით, მათ შორის მუნიციპალური პროგრამებით.

11 ივნისი 2019