თბილისის ვიცე-მერი „ფრესკოს“ დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის განცხადებას ეხმაურება

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე სუპერმარკეტების ქსელის „ფრესკოს“ დამფუძნებლის ვასილ სოფრომაძის განცხადებას ეხმაურება. ირაკლი ხმალაძის თქმით, ვასილ სოფრომაძეს მისმა თანამშრომლებმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, რის გამოც მან მცდარი დასკვნა გამოიტანა.

„ვფიქრობ, სოფრომაძეს უნდა რცხვენოდეს ასეთი განცხადების და ასეთი საქციელის გამო. გუშინ ამ თემაზე კომენტარი ვერ გავაკეთე, რადგან დრო დამჭირდა, გამერკვია ბრალდების შინაარსი. არქიტეტურის სამსახური გასცემს რეკომენდაციებს და მითითებებს, მითითება - სავალდებულია, რეკომენდაცია - არა. მისმა თანამშრომლებმა ბატონ ვასილს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია და არასწორი ვიდეომიმართვა გაკეთდა. ამაში რომ დავრწმუნდეთ, „ფრესკოს“ შეუძლია სხვა ხარვეზები გაასწოროს, რომელიც მის პროექტს აქვს. ეს რეკომენდაცია არ მიიღოს მხედველობაში და ჩააბაროს. აიღებს მშენებლობის ნებართვას და მერე მგონია, რომ სინანულის გრძნობა გაუჩნდება, თუმცა არა მგონია ადამიანობა ეყოს და ეს საჯაროდ გამოხატოს“, - განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერი ასევე ამ საკითხზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას და „ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას განცხადებებსაც გამოეხმაურა.

ხმალაძის თქმით, თუ აღნიშნულ პირებს დედაქალაქში მიმდინარე პროცესები აღელვებთ, მზადაა მათ საამისოდ დრო გამოუყოს და შეხვდეს.

„მინდა გამოვეხმაურო ამ თემაზე აყოლილ პოლიტიკოსებს: გიგი უგულავასა და ნიკა მელიას. ბატონო გიგი, თქვენ მერი ბრძანდებოდით და ბატონო ნიკა, თქვენ მერობას აპირებდით. ვფიქრობ, ელემენტარულად, უნდა იცოდეთ ქალაქდაგეგმარების პროცესები. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო მათი კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით. ზოგადად, თუ ნერვიულობენ ქალაქში რა ხდება და მერია რითი არის დაკავებული, მე შემიძლია მათ გამოვუყო დრო, შევხვდე და მოვუყვე, დედაქალაქში რა სიკეთეები ხორციელდება. რა სიკეთეები ელოდება ქალაქს მომავალ თვეებსა და წლებში. ასევე, მოვუთხრო ბატონ გიგის, როგორ ვუმკლავდებით მის მიერ დატოვილ პრობლემებს და ზოგ შემთხვევაში, როგორ ვერ ვუმკლავდებით. მე ამისთვის მზად ვარ“, - განაცხადა ხმალაძემ.
17 აპრილი 2019